...როცა მკვლელს არავინ ამტყუნებს... - კვირის პალიტრა

...როცა მკვლელს არავინ ამტყუნებს...

- შოთა და მკვლელობა?

- შოთა და ციხე?

- იმ უსინდისომ მდგომარეობიდან გამოიყვანა, წამში ხდება ყველაფერი! - არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა მეზობლებში.. ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა ყველა ერთხმად გარდაცვლილს ამტყუნებდა, მკვლელს კი ამართლებდა.

...შოთა ყველას უყვარდა. 22 წლისა დაოჯახდა, ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. სკოლის დამთავრების მერე სულ მუშაობდა. მამა ადრე გარდაეცვალა და დედას და უმცროს და-ძმას ის უვლიდა, მერე თავისი ოჯახიც დაემატა. მიუხედავად დიდი ჯაფისა, მაინც სულ ხალისიანი იყო. მოგვიანებით გადაწყვიტა, უმაღლესი სასწავლებელი დაუსწრებლად დაემთავრებინა.   სწრაფად გაიარა წარმატების საფეხურები. ბოლოს, ერთ-ერთი დიდი საწარმოს დირექტორიც გახდა... როცა ქარხნები და ფაბრიკები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, შოთაც თანამდებობისა და სამსახურის გარეშე დარჩა. ამ დროს უფროსი ქალიშვილი უკვე გათხოვილი იყო. შოთას ორივე ქალიშვილის სახელზე ბინა ჰქონდა ნაყიდი, მაგრამ უფროსმა, ლიზიკომ ქმრის მშობლებთან ცხოვრება მირჩევნიაო  და მამის ნაჩუქარი ბინა გააქირავა.

შოთამ  ბიზნესი წამოიწყო. მაგრამ საქმე ჩაუვარდა,  დიდი ვალი დაედო და იძულებული შეიქნა, უმცროს გოგონას, ნატუკას სახელზე ნაყიდი ბინა გაეყიდა. სახლთან ახლოს ფართობი შეიძინა და მაღაზიას მიაქირავა. იქიდან პატარა შემოსავალი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იმდენი აღარ ჰქონდა, მაინც არ წუწუნებდა. ერთადერთი, რასაც ოცნებობდა, უმცროსი ქალიშვილის ბედნიერად გათხოვება იყო. ნატუკა მშვენიერი გოგონა გახლდათ, მაგრამ პირველი სიყვარულის იმედგაცრუებამ კარგა ხნით გადააფიქრებინა ოჯახის შექმნა. 27 წლისამ თანამშრომლის ოჯახში შემთხვევით გაიცნო მისი ნათესავი, რომელმაც სოფლის სიდუხჭირეს ვერ გაუძლო და დედაქალაქს მოაშურა.

ელიავას ბაზრობაზე ორ მეგობართან ერთად მაღაზია იქირავა და საღებავებს ყიდდა. ტატოს გარეგნობამ და იუმორმა ძალიან მოხიბლა ნატუკა. ორი თვის შემდეგ შოთამ უმცროს ქალიშვილსა და სიძეს დიდი ქორწილი გადაუხადა. მერე ლიზის (უფროს ქალიშვილს) ავარიაში დაეღუპა ქმარი და უკაცო ოჯახს გაუჭირდა.  პირველი სამი წელი როგორღაც ნიღბავდა თავის უარყოფით თვისებებს ტატო, მაგრამ  შოთა ატყობდა, რომ სიძე ზარმაცი იყო, არც სიმთვრალე უვარგოდა, თუმცა გაშლილ სუფრასთან ენამზეობდა. როცა ტატოს მაღაზიიდან (ელიავაზე რომ ჰქონდა გახსნილი) ვალი დაედო, იმდენი იწუწუნა, იმდენი ელაქუცა სიმამრს, რომ შოთამაც იფიქრა, - რაღა სხვას ჰქონდეს ფართობი ჩემგან ნაქირავები, სიძეს მივცემ, საქონელს შემოიტანს, იმუშავებს და ოჯახს არჩენსო.

ტატო ხომ უკვე სამი შვილის მამა იყო, ბავშვებს კი უამრავი რამ სჭირდებოდათ. თავდაპირველად, სანამ შოთა იყო საქმეში ჩართული, ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ ქუჩაში შემთხვევით წაიქცა შოთას მეუღლე ნანი, ფეხი მოიტეხა და საქმე ისე გართულდა, ერთი კიდური მოსაჭრელი გაუხდა. ქალი ლოგინს მიეჯაჭვა. შოთა ისე უვლიდა ცოლს,  ბევრი ქალი ვერ დაიტრაბახებდა.  ამასობაში კი, ტატომ "ფრთები გაშალა" - რაც მოგება მოუტანა ნავაჭრმა, კაზინოს "მოახმარა". ისე შეეჩვია სამორინეს, რომ აღარ შეეძლო კვირაში ორჯერ მაინც არ შეევლო, რამდენჯერმე მოიგო და გათამამდა, მერე ერთმანეთის მიყოლებით წააგო და იმის მაგივრად, რომ გონს მოსულიყო, უფრო მოეძალა კაზინოში სიარულის სურვილი.

როცა შოთამ შეახსენა, მაღაზიაში პროდუქტია შესატანი და დროზე მოაგვარე ეს საქმეო, ერთი თეთრიც აღარ ედო ჯიბეში. სიმამრს არაფერი უთხრა, ისე გამოიტანა სესხი ბანკიდან. მცირედი მაღაზიას მოახმარა, დანარჩენი ისევ სამორინესთვის გადადო. ნერვები ეშლებოდა, რომ ფორტუნა მის მხარეზე აღარ იყო. ტატო აგრესიული გახდა. ყველა და ყველაფერი აღიზიანებდა, პატარა რაღაცაზე აყვირდებოდა, არც გინებაზე იხევდა უკან. ერთხელ, ნატუკამ ხმადაბლა მისცა შენიშვნა, - ჩვენს ოჯახში არ იგინებიანო და ეს გახდა საკმარისი, რომ იქაურობა მიემტვრ-მოემტვრია  და სახლის კარიც გაეჯახუნებინა... მაგრამ სოფელში დაბრუნება ტატოსთვის სიკვდილის ტოლფასი იყო... ამიტომ სამი დღის შემდეგ "დარცხვენილი" სიძე კვლავ დაბრუნდა სიმამრის სახლში.

შოთას ელდა ეცა, როცა ბანკიდან აცნობეს,  სიძისგან გატანილი სესხი უკვე საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენდა და თუ დროზე არ შეიტანდა ნახევარს მაინც, მაღაზიას დაუყადაღებდნენ. როგორი საშოვნელი იყო სამ დღეში ორმოცი ათასი დოლარი? შოთა საგონებელში ჩავარდა. ისე ინერვიულა, ინსულტი დაემართა და ძლივს გადარჩა ცოცხალი. უფროსმა ქალიშვილმა, - მშობლებს და დას ხომ არ შევწირავ ვალებსო და მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება, ის გაქირავებული ბინა გაეყიდა. მაღაზიის დაკარგვა არ შეიძლებოდა, რადგან ოჯახის "მარჩენალი" ის იყო.

ლიზიკო (შოთას უფროსი ქალიშვილი): ბანკის ვალი კი დავფარეთ, მაგრამ იმ არაკაცმა ეს არაფრად ჩააგდო და ძველებურად გააგრძელა. თავის ცოლს გამოუცხადა, - მაღაზიის კაცი არა ვარ, სხვას ჩააბარეთ ეს საქმე, მე კი თავი დამანებეთო. თანაც ისე გადიდგულდა, არავის აღარაფრად აგდებდა.

ნატუკამ კარგა ხანს ითმინა,  მაგრამ ქმრის აზარტულ ცხოვრებას რომ მისი  თავგასულობაც დაემატა, ამის ატანა უკვე აღარ შეეძლო და ტატოსთან განქორწინება გადაწყვიტა. როგორც კი უთხრა - გშორდები და წადი შენს გზაზეო, ისეთი აყალმაყალი ატეხა, თითქოს უდანაშაულო კაცს რაღაცაში ედავებოდნენ, ან რამეს ართმევდნენ და თავდაუზოგავად იბრძოდა იმის დასაცავად. ტატო ოჯახიდან წავიდა. თავიდან ეგონა, რომ ოჯახს გული მოულბებოდა და უკან დააბრუნებდნენ, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ბინიდან საბოლოოდ "გამოაპანღურეს", მთვრალი მიიჭრა მათთან. დიდიან-პატარიანად ყველა გამოლანძღა.

ნატუკამ აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. სიმწრისგან ხმამაღლა ქვითინებდა. ამ სცენას არ შევსწრებივარ, მაგრამ უფროსმა დისშვილმა დაწვრილებით მიამბო ყველაფერი. - გადი ჩემი სახლიდანო, - ნატუკამ რომ უთხრა, გაუწევია მისკენ და დაურტყამს, წაქცეულა. მამამ თავისი სანადირო თოფი გამოიღო და ტატოს ესროლა... მეზობლებმა რომ დამირეკეს - უბედურება მოხდა და გამოდიო, წამში ყველანაირი ვარიანტი გავივლე გულში, მაგრამ ის, რაც სინამდვილეში მოხდა, ვერაფრით წარმომედგინა.

მამას ცხრა წელი მიუსაჯეს. დედამ ამის მერე ერთი წელი იცოცხლა მხოლოდ. ახლა ნატუკა იტალიაშია, უფროსი გოგონა შარშან წაიყვანა თავისთან. უმცროსები მე დამიტოვა. მამას კი კიდევ ორი წელი მოუწევს საპატიმროში ყოფნა, თუ, როგორც ხანდაზმული, მანამდე არ შეიწყალეს.