ნეტავ, სიმართლე არ გამეგო - კვირის პალიტრა

ნეტავ, სიმართლე არ გამეგო

აქამდე ვიცოდი, რომ სიმართლე უმთავრესი და აუცილებელი იყო ადამიანთა ურთიერთობაში, მაგრამ ამ რამდენიმე თვის წინ, როცა დედამ და ბებიამ დიდი ხნის საიდუმლო გამიმხილეს, ჯერ სახტად დავრჩი, მერე კი საშინლად დამწყდა გული. თურმე, მამა გარდაცვლილი რომ მეგონა, თავის მეორე ოჯახთან ბედნიერად ცხოვრობს.

დედას და ბებოს ვუსაყვედურე - აქამდე რატომ არ მეუბნებოდით სიმართლეს-მეთქი. წადი, ნახე, გაიცანი და მიხვდებიო. სამი დღე ვემზადებოდი მამასთან შესახვედრად. ბოლოს, დავძლიე შიში და სამსახურში მივაკითხე. ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორი ყოფილა. მდივანს ვუთხარი, პირად საქმესთან დაკავშირებით მინდა ველაპარაკო-მეთქი. არ უნდოდა შეშვება, მაგრამ შემატყო, რა დღეშიც ვიყავი და - მოვახსენებო. ეტყობა, დაინტერესდა, ვინ ელოდებოდა კარს მიღმა და მიმიღო.

ერთიანად ვკანკალებდი. ცნობისმოყვარეობით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. გარეგნობით ისე ვგავდით ერთმანეთს, რომ ტირილი მომინდა. პაუზა რომ გაგრძელდა, ბატონმა დირექტორმა მკითხა, - რა გნებავთო. ძლივს ამოვღერღე, - მე თქვენი შვილი ვარ-მეთქი. სახე გაუქვავდა, ახლა ის დადუმდა. მე კი აწურული ვიდექი და განაჩენივით ველოდი მის სიტყვას. ცოტა ხანში თითქოს გონს მოვიდაო, ადგა, სეიფის კარი გააღო და დოლარების შეკვრა გამომიწოდა, - აჰა, გამომართვი, შენ ალბათ ბევრი რამ გაკლია და გამოიყენეო. ყველაფერს ველოდი და ასეთ დასასრულს - არა. იმ დალოცვილმა თუკი იცოდა, რომ შეიძლებოდა ბევრი რამ მკლებოდა, რატომ აქამდე არ მინახულა?

ად იყო 21 წელი? მას დედა ჩემი დაბადებისთანავე მიუტოვებია და მერე აღარც კი გამოუხედავს ჩვენკენ, მე კი მამის სულს ვიფიცებდი ხოლმე... მერჩივნა, ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო. სიმართლის გაგებით ყველაზე სანუკვარი და სათუთი დამემსხვრა და გამინადგურდა. რა თქმა უნდა, ფულისთვის ხელი არ მიხლია, მადლობა-მეთქი, წავილუღლუღე და გიჟივით გამოვვარდი გარეთ. გავიდა რამდენიმე თვე. წესით, ხომ უნდა ვენახე, მაგრამ არც კი გამოჩენილა. ერთხელ მაინც რომ დაერეკა, დიდსულოვნად ვაპატიებდი ყველაფერს, მაგრამ... აღარც მინდა მამის ნახვა. ახლა მივხვდი, რას ნიშნავდა დედის და ბებიის ნათქვამი, - როცა ნახავ, მერეღა მიხვდები, რატომაც არ გეუბნებოდით სიმართლესო.

ნეტავ, არც მერე ეთქვათ!

ქეთი დ., თბილისი