ფეხმოტეხილი პატარძალი - კვირის პალიტრა

ფეხმოტეხილი პატარძალი

19 წლის ასაკში გადავწყვიტე გათხოვება. ჩემი შეყვარებული მშობლებს არ მოსწონდათ და ამიტომ, უნდა გავპარულიყავი. ის ჩემზე 8 წლით უფროსი გახლდათ და ცხოვრებისეული გამოცდილებაც მეტი ჰქონდა. ამიტომ, ყველაფერი თვითონ დაგეგმა.

მოკლედ, ახალი წლის წინა დღეს, მეგობართან წასვლას მოვიმიზეზებდი და გავიპარებოდით. გოჩა თბილისში მარტო ცხოვრობდა, მშობლები რაიონში იყვნენ და პირდაპირ მათთან წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი. 30 დეკემბერს დილიდანვე დავიწყე მზადება. დედაჩემმა მთხოვა, ოჯახის საქმეებში მივხმარებდი, მაგრამ საქმისთვის მეცალა?! ქალი ვთხოვდებოდი! რაღაცაზე ხელი წავუკარი, თან ჩუმად ბარგი ჩავალაგე და 3 საათისთვის დედჩემის პროტესტის მუხედავად - რა დროს დაქალებში სიარულია ახალი წლის წინა დღეებშიო, შინიდან გავედი და ჩანთაც თან გავიყოლე.

აქაოდა ვთხოვდები-მეთქი, ისეთი მაღალქუსლიანი ფეხსცმელი ჩავიცვი, ძირს რომ ვიხედებოდი, დედამიწა და ადამიანები ჭიანჭველისხელებად მოჩანდნენ. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ მართლა მიჭირდა "ქუსლებზე" შემხტარს ამხელა ჩანთის თრევა. თან მოყინული იყო. ჰოდა, გადამიბრუნდა ფეხი და ისე ცუდად დავეცი, რომ დაუხმარებლად ვერ ავდექი. გამვლელებმა წამომაყენეს, დახმარებაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. ჩემს ჩანთაზე ჩამოვჯექი, თან ტკივილისგან ვიმანჭებოდი და გოჩას დავურეკე.

ის უკვე დათქმულ ადგილზე მელოდა და რამდენიმე წუთში ჩემთან გაჩნდა. მანქანაში მისი და მისი მეგობრების დახმარებით ჩავჯექი და ვინაიდან ფეხი ძალიან მტკიოდა, საავადმყოფოში მიმიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ძვალი გაბზარული მქონდა და თაბაშირის დადება გახდა საჭირო. ვინაიდან ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, გათხოვებაზე უარი ვთქვი, მაგრამ გოჩამ დაიჟინა, რადგან გადაწყვეტილია, უკან აღარ დავიხევ, სულაც რომ მოგაჭრან ეგ ფეხი, ახლა უკან აღარ მიგაბრუნებ, ჩემი ცოლი უნდა გახდეო.

მოკლედ, თაბაშირი დამადეს და გავუყევით გზას სოფლისკენ. ექიმებმა ყველაფერი გაიგეს და იმდენი იცინეს, მოსაბრუნებლები გახდნენ. ჩემი ტელეფონის ნომერიც კი ჩაიწერეს, რომ ამბები გაეგოთ. ჩვენი სადღეგრძელოც დალიეს, გზა დაგვილოცეს და ისე გამოგვიშვეს. სადედამთილომ ფეხმოტეხილი რომ დამინახა, იფიქრა, მოტაცების დროს მომტეხეს და ატეხა წივილ-კივილი, მაგრამ რომ გაიგო რაშიც იყო საქმე, მერე კი იცინა... ჩემი მშობლები რომ ჩამოვიდნენ, ჯერ იმით იყვნენ გადარეული, რომ ასე მოულოდნელად გავთხოვდი და ახლა ფეხმოტეხილი რომ მნახეს, სულ გაგიჟდნენ... თურმე დედაჩემს რომ გაუგია ჩემი გათხოვების ამბავი, - რატომ ფეხი არ მოტყდა, შინიდან რომ გადიოდაო, ასე უძახია და თავს იკლავდა, მე დაგწყევლეო. მოკლედ, დედამთილმა და ქმარმა ისე მომიარეს, რომ ფეხი მალე მომირჩა. ახლა 2 შვილიც გვყავს. ჩემს მშობლებს გოჩაზე მზე და მთვარე ამოსდით. მე კი რომც მოვინდომო, გოჩაზე გაბრაზებული ვერ ვიტყვი - რატომ ფეხი არ მომტყდა, შენ რომ მოგყვებოდი-მეთქი. ასე რომ, ის ტოტი მაქვს მოჭრილი, რომელზეც ვიჯექი. საუკეთესო სურვილებით