"ჩემს დედამთილს სიმართლის გამჟღავნების ისე ეშინია, რომ არა მგონია, ოდესმე მაწყენინოს..." - კვირის პალიტრა

"ჩემს დედამთილს სიმართლის გამჟღავნების ისე ეშინია, რომ არა მგონია, ოდესმე მაწყენინოს..."

ბევრი ისეთი ადამიანი მინახავს, რომელიც მხოლოდ გვარის ან ჩაცმის სტილის გამო დაიწუნეს, რაც ცხადია, არაა სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ამ მომავალ დედამთილ-მამამთილებსა თუ სიდედრ-სიმამრებს რას გაუგებს კაცი?.. გაგიგიათ გვარის გამო დაწუნებული სარძლოს ამბავი, თუ არა, ახლა მოგიყვებით:

მაია, 26 წლის:

- სადედამთილო გვარს მიწუნებდა - ჩიქოვანის ქალი იყო და არ სურდა, მის ოჯახში გლეხის გოგო შევსულიყავი. მაგ საცოდავს კუდი ყავარზე კი ჰქონდა შემოდებული, მაგრამ ის კუდი ისე დავუწვი, რომ მერე მეხვეწებოდა: არიქა, ნუ დამღუპავ, ჩემს შვილს ცოლობაზე უარს ნუ ეტყვიო.

- ასეთი რა გააკეთეთ? - მისი ძველი ამბები გამოვჩხრიკე და დავემუქრე: თუ ჭკვიანად არ იქნები, შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ-მეთქი. - რას მეუბნებიო? - ჰოდა, ვუთხარი, რომ ვიცოდი მისი რომანის ამბავი, რომელიც ქორწინების პარალელურად ჰქონდა გაჩაღებული...  და ტელეფონი გავუთიშე. ქალი მირეკავდა, მე კი მის ზარს ჯიუტად არ ვპასუხობდი. მერე შინ მომადგა: ეს ყველაფერი საიდან მოიტანე, ახლავე უნდა მითხრაო. ვუპასუხე: ამაზე მთელი ქვეყანა ჭორაობს და თანაც, ამქვეყნად ვერაფერს დამალავ-მეთქი... რაღაც პერიოდის შემდეგ, ამ ქალმა ხვეწნა დამიწყო: ჩემს შვილს ცოლობაზე უარს ნუ ეტყვი და ხელისგულზე გაცხოვრებო. მე კი ვეუბნებოდი, რომ მისი რძლობის სურვილი არ მქონდა. თუმცა საბოლოოდ დავთანხმდი...

- საინტერესოა, როგორი რძალ-დედამთილობა გაქვთ? - მართლაც, თავს მევლება და ცდილობს, არაფერი მაწყენინოს. ეტყობა ეშინია...

- ფეხი რომ აუცდეს და რაღაც ისე ვერ ან არ გააკეთოს, როგორც შენ გინდა, მის საიდუმლოს ყველას გაუმხელ? - არა, ეგეთი გიჟიც არა ვარ, მაგრამ ჩემს დედამთილს სიმართლის გამჟღავნების ისე ეშინია, რომ არა მგონია, ოდესმე მაწყენინოს...

ჟურნალი "გზა"

იხილეთ ასევე: "შალვამ მკითხა, მეუღლესთან ერთად ხარო? - არა, ოჯახი დამენგრა-მეთქი. შეხვედრა მთხოვა და..."