"თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ეჭვიანობა­ დაიწყო. ბოლოს სახლის კარს მიკეტავდა, თვითონ კი მიდიოდა" - კვირის პალიტრა

"თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ეჭვიანობა­ დაიწყო. ბოლოს სახლის კარს მიკეტავდა, თვითონ კი მიდიოდა"

"გამარჯობა. თუ შეგიძლიათ, დამეხმარეთ, მეუღლესთან მსურს განქორწინება. დიდი ხანია, რაც კონფლიქტი გვაქვს. ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხშირად ვჩხუბობთ. ყველაფერი ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა. მეუღლე ეჩხუბება ბავშვებს, ჩემს მშობლებს. ამ პანდემიის გამო 24 საათი სახლშია, სამსახურიც დაკარგა. ოჯახში სულ ჩხუბი და დაძაბულობაა. ყველაფერს ბავშვები უყურებენ და განიცდიან. ამის გაგრძელება მიმძიმს და მინდა გავეყარო. რა შეიძლება ამისთვის გავაკეთო?" - ასეთ შეტყობინებებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პანდემიის დროს სისტემატურად იღებს. ამბობს, რომ განქორწინებაში დახმარებისთვის ბევრმა მიმართა და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში სამოქალაქო დავების განხილვა შეჩერებულია, რამდენიმე სარჩელი მაინც შეიტანა.

24 წლის ნანა ცეცხლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საგანგებო რეჟიმის დროს იძულებული გახდა, ქმარს გაშორებოდა და იმ ქალაქიდანაც წასულიყო, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.

- გორში ვცხოვრობდი, ახლა ბათუმში ვარ, რადგან სხვა გზა არ მქონდა... გარეთ რომ გავდიოდი, ყველგან ჩემი ქმარი მხვდებოდა. პირველად 17 წლისა გავთხოვდი. შვილი გამიჩნდა, რომელიც მალე 6 წლის გახდება. 2016 წელს დავშორდით... შემდეგ დავიწყე გიორგი დ.-სთან ურთიერთობა, ორი წლის შემდეგ კი ერთად დავიწყეთ ცხოვრება. პირველ ქმართან ჯვარი მაქვს დაწერილი, ხელი კი არც ერთთან არ მომიწერია. გიორგისთან ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ეჭვიანობა დაიწყო.

ბოლოს სახლის კარს მიკეტავდა, თვითონ კი მიდიოდა. რომ ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი, მიპასუხა, გიფრთხილდები, პანდემიაა და მინდა, სახლში იყოო. მანამდეც გვქონდა პრობლემები, მაგრამ მერე ყველაფერი გაუარესდა. თუ დალევდა, უფრო აუტანლად იქცეოდა. თუ მაღაზიაში წავიდოდი, სანამ დავბრუნდებოდი, ტელეფონი ჩართული უნდა მქონოდა და მასთან მელაპარაკა.

გორში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. 17 მარტს დაბადების დღე ჰქონდა და მშობლების სახლში აღნიშნა. გვიანი იყო და ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი. უარი მითხრა. მისი და იყო ჩამოსული და ვიფიქრე, ალბათ, მასთან ყოფნა უნდა-მეთქი, მაგრამ უცებ აყვირდა, ადექი და შენ წადიო. ფაქტობრივად, სახლიდან გამომაგდო. თან მცემდა. ძლივს მომაშორეს. ტაქსით წამოვედი, მაგრამ სახლამდე არ ვიყავი მისული, რომ დამირეკა, სასწრაფოდ უკან დაბრუნდიო.

მივბრუნდი, მაგრამ ახლა ტელეფონი წამართვა და ისევ დამარტყა... ამის შემდეგ ორი დღე სულ ჩხუბობდა, ამ ყველაფერს კი ჩემი შვილი უყურებდა. რომ მივხვდი, მეტის ატანა აღარ შემეძლო, გარეთ გავედი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს მოვუყევი ყველაფერი. შემაკავებელი ორდერი ერთი თვით გამოუწერეს, მაგრამ ახლა ვადა გაუვიდა, ამიტომ იძულებული ვიყავი, გორიდან წამოვსულიყავი, რადგან ყველგან მხვდებოდა. მაინც ძალიან ვნერვიულობ, რომ აქაც არ გამოჩნდეს. სასამართლომ დაავალდებულა, რომ ორდერის ვადის გასვლის შემდეგაც არ უნდა მომიახლოვდეს, მაგრამ მაინც სულ დაძაბული ვარ... გორში ვმუშაობდი, დღეს კი არაფერი მაქვს. უნდა როგორმე სამუშაო ვიშოვო და შვილის რჩენა შევძლო. ვერ გავიგე, რატომ არ აღძრეს საქმე ჩემი ქმრის წინააღმდეგ - ხომ ნახეს, რომ ნაცემი ვიყავი?!

გამომძიებელს ვუთხარი, ყველას იჭერენ და ეს რატომ არ დაიჭირეთ-მეთქი. სასამართლომ ისეთი რეციდივისტი გამოუშვა, მოძალადის გარეთ ყოფნა რა გასაკვირია, თანაც პანდემიის დროს გვიკრძალავენ ციხეში ბევრი პატიმრის გაგზავნასო. იხილეთ სტატია სრულად