პაპაი შავი ოქრო - კვირის პალიტრა

პაპაი შავი ოქრო

მიტოს სახლ-კარი და ვენახი ისეთი მოვლილი აქვს, სოფლის თავკაცობას თავის გამოსაჩენად გურჯაანში ჩასული სტუმრები მასთან მიჰყავთ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ქულა დააკლდა და ხელი ჩაიქნია,- ამათ ისეთი რა უნდა მასწავლონ, რასაც  მიწა ვერ მასწავლისო.

ერთადერთ ვაჟს, გიორგის უმაღლესი კი დაამთავრებინა, მაგრამ ვენახი ვერ შეაყვარა. გიორგი ორი წელი ჟენევაში სწავლობდა. იქიდან დაბრუნდა და საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" ექიმი გახდა.

გავიდა დრო. გიორგის დაოჯახებას პირი არ უჩანდა. ითმინა, ითმინა მიტომ და ბოლოს, გულის ჯავრი ამოთქვა ვაჟთან: ლამის თვალები დამაწყდეს, ბიჯო, სულ ჭიშკრისაკენ ვიყურები, სულ მგონია, რომ  ცქრიალა გოგოსთან ერთად შემოაბიჯებო.  გიორგიმ მამას გასამხნევებლად მხარზე ხელი დაჰკრა -  მალე მოვრჩები უცხოეთში ხეტიალს და მერე მოგგვრი რძალსო.

მიტომ იფიქრა, ცოტას კიდევ ვადროვებო, მაგრამ ორი წელი გავიდა, გიორგი კი ისევ ცალად იყო. იქნებ მამის საყვედურები ცოტა გავანელოო და გასახალისებლად ერთ დღესაც დიდი, ფერადბუმბულიანი თუთიყუში ჩამოუყვანა. მიტო მართლაც გახალისდა, როცა  თვალებბრიალა თუთიყუშმა ქართულად უთხრა: გამარჯობა, მიტოო!

ერთი წლის შემდეგ აფრიკიდან შვილმა  მაიმუნი ჩამოუყვანა. მამა მიხვდა შვილის ეშმაკობას და უთხრა, - შენა, ბიჯო, სანამ ცოლს მაიყვან, სახლ-კარ ზოოპარკად გადააქცევო. მაგრამ ერთხელაც, ჭიშკარი გაიღო და გიორგიმ ლაღად შემოაბიჯა ეზოში. მხარზე შავი არსება ჰყავდა შემოსმული. მიტოს ეგონა, კიდევ ერთი მაიმუნი ჩამომიყვანაო, მაგრამ ახლოს რომ მივიდა და გიორგის მხრებზე ხუჭუჭთმიანი ზანგის ბიჭუნა იჯდა, გაოცებით ამოილუღლუღა: ე ბალღი ვისია, ბიჯო?

- ვისია და ჩემია, მამი! იქ ვერ დავტოვებდი. დედამისმა სიამოვნებით გამომატანა საქართველოში - იმედია, პაპაი ოქრო გახდება. აბა, მიტო, გაიცანი პაპაშენი და კაცურად ჩამოართვი ხელი! - გიორგიმ ბიჭუნა ძირს დასვა.

- გამარჯობა, პაპა, მეც მიტო მქვია! - უთხრა პატარამ გამართული ქართულით და მაყვალივით შავი თვალებით შესცინა კაცს.

...სულ მალე პატარა მიტო მართლაც "პაპაი ოქრო" გახდა, ოღონდ "შავი ოქრო".  გიორგიმ როგორც იქნა, ქართველი ქალი შეირთო ცოლად და თეთრი შვილიშვილებიც დაახვია მშობლებს, მაგრამ მიტოს თავისი "პაპაი შავი ოქრო" მაინც სხვანაირად უყვარს...