"ყველაფრის მოსმენის შემდეგ, დედაჩემის მიმართაც პროტესტი გამიჩნდა - რატომ დათანხმდა მამაჩემს"
"ყველაფრის მოსმენის შემდეგ, დედაჩემის მიმართაც პროტესტი გამიჩნდა - რატომ დათანხმდა მამაჩემს"
"ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა 25 წლის ლუსო დოსტიბეგიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ლუსო დოსტიბეგიანი, 25 წლის, თეთრიწყარო

მიგრანტების შვილი
-------------------------------------
პირველ კლასში შევდიოდი, მამაჩემი რომ წავიდა და ლამის მთელი ცხოვრებაა, საბერძნეთშია. მეორე კლასში ყოფნის დროს კი დედაც გაჰყვა, მაგრამ ორ წელში უკან დაბრუნდა. მაშინ, როცა უკვე მეცხრე კლასში გადავედი და ჩემი ძმა აბარებდა, მამა ცდილობდა, მთელი ოჯახი ერთად წავეყვანეთ. ვიღაცამ სერიოზულად მოატყუა საბუთებთან დაკავშირებით - ფული გადაახდევინა და საბუთები არ გააკეთა.
ბოლოს გადაწყდა, რომ ისევ მარტო დედაჩემი წასულიყო არალეგალური გზით. სკოლა რომ დავამთავრე და კოლეჯშიც ჩავაბარე, დედა მაშინ დაბრუნდა სახლში. მახსოვს, რომ ჩამოვიდა და სახლში შემოვიდა, მე გავშეშდი. ვფიქრობდი, ეს არ არის დედაჩემი, ალბათ, ჩემს ძმას შეეშალა და სხვა ქალი წამოიყვანა აეროპორტიდან-მეთქი. დედა ფიზიკურად სრულიად შეცვლილი
იყო. ვუყურებდი ჩემ წინ მდგომ დაღლილ-დაქანცულ და გაწვალებულ ქალს, რომელიც 4 წელში ძალიან დაბერებულიყო. თავი შევიკავე, რომ არ მეტირა და ჩავეხუტე.

მეორე დღეს, მეზობლები და ნათესავები რომ მოვიდნენ, მათთან ჰყვებოდა იმ ამბებს, რაც გამოიარა ამ ხნის მანძილზე. მას დახურული სივრცის შიში აქვს და 7 ადამიანთან ერთად, ავტობუსის სახურავში ჩაწოლილმა გადაკვეთა საბერძნეთის საზღვარი. პრაქტიკულად, ჯოჯოხეთი გაიარა, სიკვდილს გადაურჩა და ამ ყველაფრის მერე, ჩვენთვის ფული რომ გამოეგზავნა, 4 წელი იატაკებს ხეხავდა დაჩოქილი, ან მოხუცებს ბანდა. იმის მოსმენა და გააზრება, რომ ეს ყველაფერი დედაჩემმა გადაიტანა, კოშმარი იყო ჩემთვის. მანამდე მსუბუქად ვიცოდი, რომ ვიღაცას ეხმარებოდა და მის სახლს ალაგებდა. ის, თურმე, ოთხმოცი წლის მოხუცს მარტო უცვლის, სწევს საწოლიდან, რომ დაბანოს და ა.შ. ამ დროს დედაჩემი არის ძალიან მაღალკვალიფიციური ვეტექიმი, რომელსაც მთელი რაიონი იცნობს. ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისუფლება და საკუთარი პროფესია, მოუწია, წასულიყო იმისთვის, რომ ჩვენთვის მომავალი შეექმნა. ნორმალურ ქვეყანაში ხომ მას საკუთარი პროფესიით შეეძლებოდა ოჯახის რჩენა ისე, რომ წასვლა არსად დასჭირდებოდა?!

ჯერ, ისედაც მქონდა პროტესტი მისი წასვლის გამო, მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, დედაჩემის მიმართაც პროტესტი გამიჩნდა - რატომ დათანხმდა მამაჩემს, ეს გზა გაევლო ჩვენ გამო, რატომ წავიდა ამხელა რისკზე და არალეგალური გზებით გადალახა საზღვარი?! არც ფული გვაკლდა და არც ახალი ტელეფონები, კომპიუტერი, გვიგზავნიდნენ უამრავ ტანსაცმელსა და ტკბილეულს, მაგრამ მე ეს ყველაფერი სულ არ მჭირდებოდა. ახლა აღარ, მაგრამ ხშირად წამოვაძახებდი ხოლმე დედაჩემს - „შენ ხომ დამტოვე!“. მერე შევნიშნე, რომ ჩემს ამ სიტყვებზე მას მთელი სხეული უბრუნდება შიგნიდან. დღესაც მაინც იმ აზრზე ვარ, რომ მამაჩემის წასვლა ნამდვილად იყო საჭირო, მაგრამ დედიკო სჯობდა ჩვენთან დარჩენილიყო. თუმცა, ალბათ, მე არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ. ჩვენ, ემიგრანტების შვილებს, პატარა ბავშვი გვიზის შიგნით, რომელსაც უნდა ჩავეხუტოთ ხოლმე და ვუთხრათ - „შენს დავიწყებას არ ვაპირებ, მაგრამ არ მინდა, შენმა ბრაზმა მმართოს“. მეც ხშირად ვეუბნები ამას ჩემში მყოფ ნაწყენ ბავშვს.

ჩემი საუკუნის მეოთხედი
-------------------------------------
სულ მგონია, რომ 25 წლამდე უკვე ბევრი რამე უნდა გქონდეს მოსწრებული. ამიტომ, ასაკის მატებასთან დაკავშირებით პატარა დეპრესიები დამეწყო. ჩემთვის არსებობს ოცნებები და მიზნები, რომლებიც გარკვეულ დროში უნდა ჩაატიო და ამაზე ფიქრისას, სერიოზულ განცდებში ვარ ხოლმე. წარმოიდგინეთ, 25 წელი საუკუნის მეოთხედია, ხომ? ისეთი რამ უნდა გქონდეს უკვე შექმნილი ან გაკეთებული, შეგეძლოს თქმა, რომ ამაყობ. სულ მგონია, რომ დროს ვკარგავ, მიუხედავად იმისა, რომ დილას ადრე გამოვდივარ სახლიდან და დასაძინებლად გვიან ღამე შევდივარ.

სკოლიდანვე აქტიური ვარ და სულ ჩართული ვიყავი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველა იმ ორგანიზაციის სტიკერი გავაკეთო ჩემთვის, რომელთანაც მიმუშავია, რადგან ყველასგან ვცდილობდი, რამე ცხოვრებისეული მესწავლა. ეს სულ მაკლდა თეთრიწყაროში, სადაც არაფერი ხდებოდა და წარმოიდგინეთ, ამდენ აქტივისტსა და ქალს რომ ხვდები სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც თავის თემს აძლიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი. ხვდები ახალგაზრდებს, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ და ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ ბიუჯეტი იმისათვის, რომ კარგი და სასარგებლო საქმე გააკეთონ. მერე საზღვარგარეთაც მომიწია გასვლა და ამდენი ადამიანის გაცნობით მივხვდი, რომ თურმე თეთრიწყაროს მიღმა რაღაცები ხდება და ზოგადად, მსოფლიოც და ეს ქვეყანაც ვითარდება. ყველაზე მთავარი კი იმის აღმოჩენა იყო ჩემთვის, რომ ყველაფერს ამას აკეთებენ რიგითი ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, განვითარდეს მათი თემი. ვფიქრობდი, ეს ხომ მეც შემიძლია, ისედაც ბავშვობიდან სულ ვიღაცას ვეხმარები. დავინახე, რომ შესაძლებლობები არსებობს ამ სამყაროში და შეგიძლია გამოიყენო იქ, სადაც შენ ცხოვრობ. ამიტომ ყველა შემდგომ პროექტში, რომელშიც ვმუშაობდი, ვცდილობდი, ერთი აქტივობა და პროექტის ნაწილი თეთრიწყაროში ჩამეტანა. ბოლოს ყველაფერს თავი დავანებე და თეთრიწყაროში ჩამოვედი.

აქ ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნეთ „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“. ლოგო ერთმა მეგობარმა გაგვიკეთა უსასყიდლოდ, წესდება - სხვა ორმა მეგობარმა და ფული მხოლოდ ორგანიზაციის რეგისტრაციაში გადავიხადეთ. დავიწყეთ ამ ორგანიზაციის განვითარება. პარალელურად, ახალგაზრდული ცენტრისთვის სივრცის გადაცემაზე ოფიციალური მოლაპარაკებები დავიწყეთ მუნიციპალიტეტთანაც, რაც წელიწადნახევარი გრძელდებოდა. მაშინდელი მერი შეტანილ წერილებზე მთელი სამი თვე პასუხსაც კი არ გვიბრუნებდა, მაგრამ ჩვენ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და ბოლოს ძველი სასამართლოს შენობა დაგვითმეს, რომელიც 268 კვ.მ.-ია და დიდი ეზოც აქვს. ამ შენობაში არ იყო დენი, წყალი, გაზი. სხვა ბევრი პრობლემაც ჰქონდა და მუშაობისთვის პირობები არ იყო, მაგრამ დღეს ეს პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია. თითო ოთახს ვარემონტებდით სხვადასხვა პროექტების ფარგლებში და წინა ფლიგელი მთლიანად გავარემონტეთ. თან, ეს ყველაფერი ჩვენი ხელებით არის გაკეთებული - ჩემი, ჩემი მეგობრების, ჩემი ძმის ძმაკაცებისა და იმ დედების, რომლებიც ხედავდნენ, რომ ეს ცენტრი მათთვის და მათი შვილებისთვის სასარგებლო იყო, რადგან აქ შეეძლოთ ბევრ რამის სწავლა. მართლაც საოცარი იყო მთელი ეს პროცესი, რომელიც გავიარეთ და სადამდეც ეს შენობა მოვიყვანეთ. პრობლემების ნაწილი ჯერ კიდევ რჩება, მაგალითად, სახურავის პრობლემა. ამის მიუხედავად, შენობა ფუნქციონირებს - ცალკ-ცალკე სივრცეები მოვაწყვეთ სამზარეულოსთვის, საოფისედ, ტრენინგებისთვისა შეხვედრებისთვის. ავეჯიც არის და ხუთასამდე წიგნიც, რომელიც მეგობრებმა შეგვიგროვეს და აქტიური მკითხველიც ჰყავს. გარდა ამისა, სამკერვალოც გვაქვს, სადაც ქალები ეკო-ჩანთებს კერავენ, რომელსაც მოსახლეობაში ვარიგებთ. შენობა დატვირთულია და ახალგაზრდების შეკრების ადგილი გაჩნდა, ანუ რა იდეითაც ჩავიფიქრეთ, იმ ფუნქციას ასრულებს დღესდღეობით. ეს ცენტრი საუკეთესო მაგალითია იმის, საზოგადოებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ როგორ გააკეთეს ერთად სასარგებლო საქმე ადგილობრივი თემისთვის. ამიტომაც, ყველასთვის ძირფასია აქაურობა და ყველა უფრთხილდება ამ სივრცეს. დამლაგებელიც კი არ გვყავს და როგორც საკუთარ სახლს, ყველა ისე ვალაგებთ.

ერთ-ერთი პირველი გოგონათა ბანაკი გავაკეთეთ, რაც საკმაოდ რადიკალური ამბავი იყო რაიონში. მოზარდი გოგონები ტყეში წავიყვანეთ სამი დღით. ამისი ორგანიზება რთული იყო, 20 გოგო რომ უნდა წაგვეყვანა ბანაკში, ბოლოს, ამხელა მუნიციპალიტეტში მხოლოდ 17 მსურველი შეიკრიბა, რადგან მამებმა არ გამოუშვეს. მოკლედ, გოგონების ბანაკმა დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ამ ბავშვებზე, ძალიან საინტერესო გამოცდილებები და ემოციები მიიღეს - კარვის გაშლის სწავლა, კლდეზე ცოცვა, ეკოლოგიაზე საუბარი, ქალთა უფლებებზე დისკუსია. ეს იმდენად დიდი შთაბეჭდილება იყო, რომ რამდენიმე წელი გავიდა და დღესაც facebook-ის გვერდებზე, მთავარ ფოტოებად უდევთ იქ გადაღებული სურათები. ვხედავდით, რომ ნდობას მოპოვება სჭირდებოდა თემში და ჩვენც ამას ნელ-ნელა ვაშენებდით. ამ მიზნით, ფილმის ჩვენებებსა და დისკუსიებს ვაწყობდით სოფელ-სოფელ. მაშინ ხელფასიც კი არ მქონდა. ამიტომ, ამ შეხვედრებისთვის საჭმელს და მანქანის ბენზინს საბერძნეთში მყოფი მშობლებისგან ჩემთვის გამოგზავნილი სახარჯო ფულით ვყიდულობდი. ზოგიერთ სოფელში უთქვამთ, რომ ჩვენს ჩასვლამდე არავინ დაინტერესებულა მათი პრობლემებით და არც ინფორმაციის მიწოდებით.

პანდემია და ჩაკეტილი თეთრიწყარო
------------------------------------------------
კორონა ვირუსის აფეთქება თეთრიწყაროს საავადმყოფოში მოხდა და ამიტომ ერთ-ერთი ის მუნიციპალიტეტია, რომელიც მთლიანად ჩაიკეტა. ვერ ვიტყვი, რომ მასშტაბური პანიკა იყო ადგილზე, მაგრამ პირველი ორი-სამი დღე მაინც უფრო რთულად და ქაოტურად გავიარეთ, რადგან აშკარა აგრესია იგრძნობოდა მოსახლეობაში იმ ადამიანების მიმართ, ვინც პირველები დაინფიცირდნენ. სხვათა შორის, ამ აგრესიამ ახალგაზრდებში დიდი პროტესტი გამოიწვია. პრობლემა იყო ისიც, რომ ვირუსზე საკმარისი ინფორმაცია არ არსებობდა. ამიტომ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილობრივი ორგანიზაციებიც აქტიურად ჩავერთეთ, როგორც რესურსების მობილიზებაში, ისე ინფორმაციის გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს მოსახლეობაც მრავალფეროვანია, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მარნეულის ირგვლივ გაჩენილი დისკუსიები, ჩვენთან არ განვითარებულა. მოკლედ, პირველი დღეების ქაოსური ტალღა, მაინც კარგად გადავიარეთ. ახალგაზრდულ ცენტრშიც მოგვემატა საქმე, რადგან საჭირო გახდა მოსახლეობის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოძიება, მათი განაწილება და ინფორმაციის მიწოდებაზე მუშაობა. ამ ყველაფერს ჩვენ სრულიად მოხალისეობრივად ვაკეთებთ და ადამიანის უფლებათა საბჭოს, საფრანგეთის საელჩოსა და UNICEF-ის დახმარებით, 150-მდე ოჯახს მივუტანეთ საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან შეზღუდულია რესურსები, ყველას ვერ ვეხმარებით და ადამიანები უკმაყოფილოებიც რჩებიან, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით.

კიდევ ერთი პროფესია - რეინჯერობა
---------------------------------------------------
ჩემი მეგობრები მუშაობენ ალგეთის ეროვნულ პარკში და პირველად გოგონათა ბანაკი რომ გავაკეთეთ, მაშინ დავპატიჟე რეინჯერები იმისათვის, რომ გოგონებს სცოდნოდათ ეროვნულ პარკსა და დაცულ ტერიტორიებზე. მაშინ მართლა ჩამოვიდნენ რეინჯერები ბანაკში, ბევრი ვისაუბრეთ და მეც დავინტერესდი ამ თემით. მოგვიანებით, ვაკანსია როცა გამოცხადდა, შევიტანე, შემარჩიეს და წინა ზაფხულს რეინჯერეადაც დავინიშნე ალგეთის ეროვნულ პარკში. საქართველოში სულ 4 გოგო რეინჯერი ვართ. გასაუბრებაზე მისულმა, სიას რომ ჩავხედე და ირგვლივ მიმოვიხედე, აღმოვაჩინე, რომ მარტო მე ვიყავი გოგო ამდენ კაცში. თუმცა გასაუბრების დროს არავის დაუსვამს კითხვა ისე, რომ თავი უხერხულად ან უთანასწოროდ მეგრძნო. ალგეთის ეროვნულ პარკში ჩემამდე უკვე ჰყავდათ გოგო რეინჯერი, რომელიც სამ თვეში გათხოვდა და სამსახურს თავი დაანება. ერთი კი იხუმრეს - ახლა შენც უნდა გაგვითხოვდე სამ თვეშიო?! მაგრამ ჩემი სქესი არ გამხდარა მუშაობასა და თანამშრომლებთან ურთიერთობაში რაიმე პრობლემა. არც ოჯახისგან და ახლობლებისგან ყოფილა ამაზე წინააღმდეგობა, პირიქით, გაუხარდათ. ზოგჯერ მგონია, ცხოვრება მეხუმრება და იქ დამსვამს ხოლმე, სადაც საჭირო ვარ და ახლაც ასეა. ძალიან ბევრი სამუშაოა სამშვილდეში, სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს და საჭიროა ამ ადამიანების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე.

ამ საგანგებო რეჟიმის პირობებში, რეინჯერები იმ ადამიანებს შორის ვართ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა მთელი ეს პერიოდი. ჩვეულებრივზე მეტი დატვირთვით გვიწევს მუშაობა, რადგან ბრაკონიერობის მეტი საფრთხე გაჩნდა. რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, რადგან ეს გადაჯაჭვულია ჩემს საზოგადოებრივ საქმიანობასთან. ამიტომაც, ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ სწავლის გაგრძელებაზე გარემოს დაცვის ან სატყეოს მიმართულებით.

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან





თამუნა
28 ივლისი 2020 12:27
ყოჩაღი და მშრომელი,დაუზარელი ადამიანი ხარ.შრომა არ გეზარება და შედეგიც სახეზეა.პრობლემებს არ უშინდები და მიზნისთვის ბოლომდე იბრძვი.მაგალითი ხარ ყველასთვის ვინც კი გიცნობს.მიყვარხარ და წარმატებები❤️❤️
ნენე
28 ივლისი 2020 09:52
ამეტირა და მეამაყები,რომ ასეთი ყოჩაღი და მიზანდასახული ახალგაზრდა ხარ,შენ ხარ მაგალითი,როგორი უნდა იყოს შვილი,და,მეგობარი,ნათესავი, მეზობელი და რაც მთავარია ქალი ❤️❤️❤️წინსვლას და ახალ აღმოჩენებს გისურვებ ჩემო გოგო
ნანა
26 ივლისი 2020 22:57
შენ ძალიან კარგი დედა გყავს.არც მან იცოდა რა პრობლემები დახვდებოდა იქ,როდესაც მიდიოდა.შენ პერსპექტიული გოგონა ხარ,წარმატება შენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები