"11-12 წლის ვიყავი, როცა დედა ყველაფერს მომიყვა" - კვირის პალიტრა

"11-12 წლის ვიყავი, როცა დედა ყველაფერს მომიყვა"

"ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა 29 წლის ნინი ნარიმანიძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემი ოჯახი რომ არა, არ ვიცი, სად ვიქნებოდი, ვინ ვიქნებოდი, სახელიც კი არ ვიცი, რა მერქმეოდა. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ მათთან მოვხვდი.

დიდ ოჯახში გავიზარდე. ბებიას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული, ბაბუა სამხედრო იყო, ომის ვეტერანი. სამი ქალიშვილი გაზარდეს და საკმაოდ კარგი განათლება მისცეს, დედაჩემი იურისტია, ერთი დეიდა მუსიკისმცოდნე, მეორე - გერმანული ენის სპეციალისტი. ყოველთვის სწავლასა და კარიერას იყვნენ გადაყოლილი და გათხოვების სურვილი არასდროს ჰქონიათ. რაღაც ეტაპზე, დედაჩემი მიხვდა, რომ მარტო ყოფნა არ უნდოდა და შვილის აყვანა გადაწყვიტა. ეს არ იყო მარტივი ნაბიჯი, მით უმეტეს, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა მაშინ და ძალიან დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. იმ პერიოდში კიდევ უფრო განიკითხავდნენ ნათესავები, მეზობლები, მეგობრები... 7 დღის ვიყავი, როცა ამიყვანეს, სამშობიაროდანვე გამაშვილეს. როგორც ვიცი, დედამ ძალიან ბევრი იშრომა ამისთვის, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული, დეტალები არ მიკითხავს, მისთვის მძიმე იყო ამის გახსენება. მაშინაც არ იყო მარტივი და დღეს კიდევ უფრო რთული პროცესია შვილად აყვანა. მახსოვს, დედამ მითხრა და ხშირად ამბობს ამას, პირველად რომ ჩაგხედე თვალებში, იმ წამიდან შემიყვარდი, ისეთი დიდი თვალები გქონდაო. ეს რას ნიშნავდა, მაშინ გავაცნობიერე, როცა მე თვითონ მეყოლა შვილი. ორსულობის პერიოდში, კი, დადებითი ემოციები გაქვს, მაგრამ ერთი დანახვით შეყვარება რა იყო, მეც მაშინ მივხვდი.

ძალიან გამათამამეს, არაფერი მაკლდა. მიუხედავად ე.წ. "ბნელი 90-იანებისა" "პამპერსი" რომ არსად იშოვებოდა, ჩემთვის თურქეთიდან ჩამოჰქონდათ, ჩემს მეგობრებს რომ დიდი ზომის ტანსაცმელი ეცვათ, მე ტყავის ჩექმებითა და "დუბლიონკით" დავდიოდი. ხანდახან მეთაკილებოდა კიდეც, უფრო სწორად, მრცხვენოდა ამის გამო. არაფერი დაუკლიათ, არც სითბო და არც რამე მატერიალური. მაქსიმალურად შეძლეს ყველაფერი, ფაქტობრივად, სიცოცხლე მაჩუქეს.

11-12 წლის ვიყავი, როცა დედა ყველაფერს მომიყვა. ძალიან უცნაური იყო იმიტომ, რომ თითქოს იქამდეც ვიცოდი, არავის უთქვამს, მე თვითონ ვხვდებოდი, ვგრძნობდი ამ ყველაფერს. წინამოსამზადებელი ეტაპი ძალიან პატარა ასაკიდან, სადღაც 3-4 წლიდან გამატარეს, სავარაუდოდ, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მეტყოდნენ. მაყურებინებდნენ ფილმებს, ფილმის სიუჟეტები ხშირად ბავშვის შვილად აყვანას ეხებოდა, მეუბნებოდნენ, რომ აი, ნახე, ბავშვი იშვილეს, რომ ეს ძალიან კარგი საქციელია. წყნეთში ბავშვთა სახლი იყო და მახსოვს, დედამ რომ წამიყვანა და იქაურ ბავშვებს ჩემი ტანსაცმელები ვაჩუქეთ. ასეთი ეპიზოდები ყოველთვის თან ახლდა ჩემს ცხოვრებას და მეც, რა თქმა უნდა, ლმობიერად ვიყავი განწყობილი ამის მიმართ. თვითონ ოჯახი დამეხმარა იმაში, რომ მქონოდა ეს დამოკიდებულება, რაც ახლა მაქვს. ისინი ძალიან ღია, დადებითი ადამიანები არიან. მათი დამსახურებაა, რომ მეც ღია ვარ ამ საკითხის მიმართ და საზოგადოებაში ღიად შემიძლია ამაზე საუბარი.

გარდატეხის ასაკი რომ დამეწყო, დედა მიხვდა, რომ ცოტა ხასიათი შემეცვალა, დარწმუნებული ვარ, მისთვის ეს ძალიან მძიმე იყო და ბევრს ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ერთ საღამოს დამისვა და ყველაფერს მომიყვა. მისი მხრიდან ეს ძალიან ცრემლიანი და ემოციური იყო და მახსოვს, ძალიან გავბრაზდი ამ ცრემლებზე, გავბრაზდი იმიტომ, რომ სატირალი არაფერი იყო და ვფიქრობდი, რომ ძალიან ძლიერი ქალია, ეს ნაბიჯი რომ გადადგა. მისმა ემოციამ გამაბრაზა და არა ფაქტმა, რომ ნაშვილები ვიყავი. მახსოვს, როგორ ვუთხარი, რომ სხვა ოჯახი არ მინდოდა. ერთი დღეც არ მიძებნია ბიოლოგიური ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, დედმამიშვილებიც მყავს. მათთანაც არ მაქვს კომუნიკაცია და არც ვიცი, ვინ არიან. ვინც ჩემზე უარი თქვა, ვფიქრობ, მეც არ მჭირდება. შეიძლება, ეს ერთგვარი გაბრაზებაცაა, მაგრამ არ მინდა მათი გაცნობა, ასე ვაგრძელებ ცხოვრებას.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, არასდროს მქონია შემთხვევა, ვინმეს ჩემთვის წამოეძახებინა, ნაშვილები ხარო. თავისი პროფესიიდან გამომდინარე, დედაჩემს ყოველთვის ისეთი მკაცრი იერი ჰქონდა, რომ, ალბათ, ვერ გაუბედეს.

ვფიქრობ, რომ დღეს ყველა თემაზე თამამად ვსაუბრობთ. ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები, შშმ ბავშვები, თუნდაც ლგბტ თემის უფლებები, მაგრამ ეს თემა – შვილად აყვანა, თითქოს ისევ ტაბუდადებულია, არ ვიცი, რატომ. ეს ხომ არ არის სირცხვილი?! პირიქით, რამხელა ნაბიჯია და მაინც ტაბუდადებულად რჩება. ყოველთვის მქონდა დანაკლისის მომენტი, მინდოდა, რომ ამ თემაზე ვიღაცას ესაუბრა და ვერავინ ვიპოვე. შემიძლია, სრულიად თავისუფლად, ყველასთან ვისაუბრო ამაზე და მგონია, რომ რაც უფრო ბევრს ვისაუბრებ, მით უფრო მეტ ადამიანს დავეხმარები. გარშემო იმდენი სტერეოტიპია ამ თემაზე, 40-50 წლის ასაკში იგებენ ადამიანები, რომ ნაშვილები არიან. ვფიქრობ, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, იცოდნენ, ვინ არიან, საიდან მოდიან. მე ამის უფლება ჩემმა ოჯახმა მომცა და მართლა ძალიან გამიმართლა.

ბავშვის აყვანაზე მეც მიფიქრია. შეიძლება, 35-40 წლის ასაკში გადავდგა ეს ნაბიჯი, მაგრამ მთლად ბოლომდე ჯერ ვერ ვენდობი საკუთარ თავს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება, ბიოლოგიურ შვილს ვერ მისცე ბოლომდე ყველაფერი, რაც საჭიროა და მით უმეტეს, ბავშვი როცა აგყავს, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია.

დედას ვთხოვე, ერთი სიტყვით დამიწერე, ჩემ მიმართ რა ემოციას გრძნობ-მეთქი. ფურცელზე დამიწერა "ბედნიერება". ეს ხელნაწერი მოვიპარე და ზუსტად ასევე გადავიტანე სხეულზე. დღემდე მასთან ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ სრულწლოვანი ვარ, საკუთარი შვილი მყავს, საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მაქვს და შემიძლია, რომ ცალკე გადავიდე საცხოვრებლად, მას ვერასდროს მივატოვებ. დედაჩემი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია. ყველაფერში გვერდში მიდგას, მეც, ჩემს შვილსაც. ჩემი ოჯახი რომ არ მყავდეს, დღეს არავინ ვიქნებოდი."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან