"დაბრუნება ჩემი შვილის სიკვდილს ნიშნავდა - ქუჩაში ვიყავი დარჩენილი თოთო ბავშვით" - კვირის პალიტრა

"დაბრუნება ჩემი შვილის სიკვდილს ნიშნავდა - ქუჩაში ვიყავი დარჩენილი თოთო ბავშვით"

"ბევრჯერ მიღალატეს ახლობლებმაც, მეგობრებმაც, სისხლმა და ხორცმაც, მაგრამ ყველას ვაპატიე და გავუშვი"

მწერალი ირმა ბეგლარიშვილი 21 წელია, ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მისი პოეზიიდან მიხვდებით, რომ უსამშობლოდ არასდროს ყოფილა... მასთან საუბარი უცნაურ განწყობაზე გაყენებს - თან სევდა გიპყრობს იმის გამო, რასაც ისმენ და თან აღტაცება: თურმე როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი ქვეყანა, ადამიანები, სიცოცხლე!..

- როგორც ბევრი სხვა ქართველი, მეც იმათ სიაში მოვხვდი, ვინც შვილების გადასარჩენად იძულებული გახდა, სამშობლო და შვილი დაეტოვებინა. შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა მაშინ, რომ წლისა და ათი თვის შვილი სამშობლოს მძევლად დავუტოვე. ბავშვის დიდ ცისფერ თვალებში გაოცება იკითხებოდა, როცა წამოსვლის დროს ატირებულმა, ჩემს დას მივაჩეჩე და უცხო ქვეყნისკენ მიმავალ გზას დავადექი. პირველი განცდა ეჭვი იყო: დავბრუნდები თუ არა? არ მიყვარს ადამიანებისთვის გულის აჩუყება, წუწუნი, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას, უკან დავაბრუნებ იმ წლებსო, უარს ვიტყოდი, - იმ ტვირთს მეორედ ვეღარ გავუძლებ... პაპუნა ამერიკაში 13 წლისა ჩამოვიყვანე, როცა მოქალაქეობა მივიღე (საქართველოს მოქალაქეობაც დავიბრუნე მალევე, მეც და ჩემმა შვილმაც). პაპუნამ რადგარის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა და მაგისტრატურაში ჩაირიცხა. კიბერდაცვა - დაახლოებით ასე ჰქვია მის მომავალ პროფესიას.

- შემოქმედი ადამიანისთვის, პოეტისთვის ალბათ განსაკუთრებულად მტკივნეული იყო როგორც შვილისა და სამშობლოს დატოვება, ასევე შეგუება განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, ქვეყანასთან...

- პირველი, რაც ამერიკაში ჩამოსვლისას შევამჩნიე, ის იყო, რომ სასწაულებრივად დაბლა მომეჩვენა ცა. 1999 წლის 7 ივნისს დავდგი ფეხი ამ ქვეყნის მიწაზე და მაშინვე სული შემეხუთა. საქართველოში ცა სასწაულებრივად მაღალი და ლამაზია, აქ კი მეგონა, ხელით შევეხებოდი. ბავშვის მომვლელად დავიწყე მუშაობა. იმ ზაფხულს მთებში წაგვიყვანეს დასასვენებლად. შევდიოდი ტყეში და ხმამაღლა ვბღაოდი. სასჯელივით მძიმე იყო - სხვის შვილს ვუვლიდი და საკუთარის სუნთქვა და სუნი მენატრებოდა. შვილი და სამშობლო ერთნაირად მტკიოდა, ტირილით მეძინებოდა და მეღვიძებოდა. ხშირად სახეზე ბალიშს ვიფარებდი, რომ ბღავილის ხმა არავის გაეგონა. თავიდან სამშობლოს ვსაყვედურობდი, რატომ მოგვექცა თავის შვილებს ასე-მეთქი?! მერე მივხვდი, რომ სამწუხაროდ, ცუდი ადამიანების ხელში სამშობლოსაც ჩვენსავით უჭირდა, სტკიოდა.

თავიდან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ 2 წლით ჩამოვედი და ეს 2 წელი თავდაყირაც რომ დავეკიდე ვინმეს, უნდა გამეძლო, რადგან სამშობლოში დაბრუნება ჩემი შვილის სიკვდილს ნიშნავდა - ქუჩაში ვიყავი დარჩენილი თოთო ბავშვით: ქალმა, რომელიც ვიზის გაკეთებას შემპირდა, მომატყუა და ბინის გირაოში აღებული ფული სულ წაიღო. ახლა, უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რამხელა ძალაა დედობა, - საკუთარი შვილის გადასარჩენად ჯოჯოხეთშიც უყოყმანოდ გადაეშვები.

ოდესელ ებრაელებთან დავიწყე მუშაობა. საშინლად მომექცნენ, მინიმალურ თანხაზე მამუშავებდნენ კვირაში 7 დღეს, უფრო სწორად, დღე და ღამე. ბავშვი ერთი წლის იყო, კბილები ამოსდიოდა და ხშირად მიწევდა ღამისთევა. ამ დროს მისი მშობლებიც ცალკე მოსავლელები იყვნენ - გარეცხვა, დალაგება, სადილის მომზადება. როცა ვუთხარი, რომ მეტი აღარ შემეძლო და უნდა წავსულიყავი, 2 თვის ხელფასიც არ მომცეს: არალეგალი ხარო, ამით დამემუქრნენ... მერე ვუვლიდი ამერიკელ ბაბუას, რომელიც დასთან ერთად ცხოვრობდა და ცუდად ხედავდა. ბაბუა სიმსივნით იყო დაავადებული, მომაკვდავი. სამი კვირის ანაზღაურება აგენტს გადავუხადე და მოხუცი მოკვდა. ხელფასი დამიკლეს და დამტოვეს ბებიასთან. სალაპარაკო ინგლისური 6 თვეში ვისწავლე.

ჩვენ, სამშობლოდან გადმოხვეწილებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი წილი საქართველო თან წამოვიღეთ: აქაურების უნარ-ჩვევებს საკუთარი ხალხისას ადარებ... არ შეიძლება, ამერიკაში არ დაგღალოს ყალბმა ღიმილმა, რომელიც ყველას უნიფორმასავით აქვს სახეზე მიწებებული. აქ არავინ არავის საქმეში არ ერევა, ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მე კი ჩვენი ხმაურიანი ქართველები მენატრებოდა, მეზობელთან ყავის დალევა და მეგობრებთან სულიერებაზე საუბარი.

- "მაპატიეთ, რომ ვერ ვიცხოვრე თქვენი წესებით,/ მაპატიეთ, რომ თავის პოვნის სხვა გზა ვარჩიე,/ მაპატიეთ, რომ დავიჯერე თქვენი სიკეთის,/ რომ თეთრი ფერი შავისაგან გამოვარჩიე" - ერთ ლექსში ასე ამბობთ. საინტერესოა, როგორია ცხოვრების თქვენეული წესები?

- ამერიკაში სულიერად ავადმყოფ ბებიასთან მოვხვდი. ვცხოვრობდი ტყეში და თვიდან თვემდე ფოსტალიონის გარდა, ვერავის ვხედავდი. იმ პერიოდში თუ რამემ გადამარჩინა, ეს ჩემი შემოქმედებაა. წერა ამერიკაში არ დამიწყია, ბავშვობიდან ვწერდი და გაზეთებში იბეჭდებოდა ჩემი ლექსები. როცა ძალიან გამიჭირდა, ვწერდი და ვწერდი... თითქოს ტკივილი არ ილეოდა და ეს ერთადერთი საშუალება იყო, რომ სინამდვილეს ცოტა ხნით მაინც გავრიდებოდი. ერთ ჩანაწერში ვამბობ, ჩემი კანონები ამ ცხოვრების კანონებზე უფრო ჰუმანურია-მეთქი... წუთისოფელი მართლაც წამია და სტუმრად ყოფნის დროს, ადამიანებს ცუდად მოქცევის უფლება არ გვაქვს. ბევრჯერ მიღალატეს ახლობლებმაც, მეგობრებმაც, სისხლმა და ხორცმაც, მაგრამ ყველას ვაპატიე და გავუშვი. არავინ მძულს, რადგან სიძულვილი ისევ მე დამამძიმებს.

- "ეჰ, პატარა კაცს ტკივილიც კი პატარა ჰყოფნის,/ ისე ჩაივლის, წუთისოფელს სულაც ვერ იგრძნობს"... ესეც თქვენი ლექსიდანაა.

- ჩემთვის პატარაა კაცი, რომელსაც ბედნიერებად მხოლოდ საკუთარი ოჯახის ბედნიერება ჰყოფნის. პატარა კაცს სამშობლოც პატარა აქვს, სამწუხაროდ. მისთვის წუთისოფელი მხოლოდ თაფლის ფიჭაა, ბოლომდე რომ გამოაცალოს თაფლი. ჩემთვის კი საკუთარი თავის ძიება იყო. გამუდმებით ვეძებდი და ბოლოს ღმერთთან ერთად, ისიც ვიპოვე. როცა გარშემო უამრავი უბედურია და შენ მაინც ბედნიერი ხარ, რაღაც ვერაა რიგზე. არა მგონია, დღევანდელ სიტუაციაში ვინმე საკუთარ თავს ბედნიერად მიიჩნევდეს, რადგან მსოფლიოში ისეა ჰაერი პოლიტიკურად დამძიმებული, რომ რა იქნება ხვალ, არავინ იცის. იხილეთ სრულად

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"