"სიმართლეს მაინც დავამტკიცებ!", ანუ ალიმენტი სხვისი შვილისთვის - კვირის პალიტრა

"სიმართლეს მაინც დავამტკიცებ!", ანუ ალიმენტი სხვისი შვილისთვის

რატომ შეიძლება ცოლ-ქმარი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდოს ერთმანეთს? მიზეზი ათასნაირია: ღალატი, ოჯახისადმი უპასუხისმგებლობა, ხასიათების შეუთავსებლობა, უფულობა, ზედაპირულობა...

ზოგჯერ, როცა გრძნობა ნელდება ან საერთოდ ქრება, სულ პაწაწინა ნაპერწკალია საჭირო განხეთქილებისთვის. რასაც ახლა მოგითხრობთ, ფოთელმა კაცმა გულისტკივილით მიამბო და დასძინა, - ერთადერთ იმედად თქვენღა მრჩებით, რადგან იმ ქალაქში, სადაც ჭაბუკობიდან ვცხოვრობ, ჩემი სიმართლე არავის სჭირდებაო.

ტარიელ გაბარაშვილი წარმოშობით ქარელიდან გახლავთ. მის ოჯახში ექვსი ბავშვი იზრდებოდა - 4 და და 2 ძმა. 1965 წელს მამა გარდაეცვალა. გაუჭირდა წვრილშვილის პატრონ ახალგაზრდა ქვრივს. მეორე წელიწადს მძიმე ზამთარი დადგა.  დედამ ვერ შეძლო სახურავის გადათოვლა, არც არავინ წააშველა ხელი და სახლი თავს ჩამოექცათ. სასწაულად გადარჩნენ ცოცხლები. მას შემდეგ აღმოჩნდნენ ტარიელი და მისი და-ძმა (ორი უფროსი დის გარდა, რომლებიც პროფტექნიკუმში სწავლობდნენ) სურამის ბავშვთა სახლში. რთული აღმოჩნდა დედისთვის შვილების მოცილება, მაგრამ შიმშილს და უსახლკარობას ისევ მათი მოშორებით ყოფნა ამჯობინა. მერე ყველა თავ-თავისი გზით წავიდა...

ტარიელი პროფტექნიკური სასწავლებლის დამთავრებისთანავე ფოთში გაამწესეს. ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა, მისით ყველა კმაყოფილი იყო, ამიტომაც ორი წლით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ლატვიაში გაგზავნეს. იქიდან დაბრუნებული ფოთის პორტის საერთაშორისო გადაზიდვების სამსახურის უფროსად დანიშნეს. მერე  ნარგიზა  შეირთო.  წლები გადიოდა და შვილი არ უჩნდებოდათ. ცოლმაც მოუხშირა მშობლებთან სიარულს.

ტარიელი: - მის მშობლებს საკუთარი სახლი ჰქონდათ ჩემს მეზობლად. ნარგიზი დილით იმათთან გაივლიდა, ისაუზმებდა და სამსახურში მიდიოდა. შემდეგ ისევ მშობლებს გამოუვლიდა,  ივახშმებდა და შინ ბრუნდებოდა. რამდენჯერ ვუთხარი, - განა რა დაგიშავე ასეთი, შინ რომ გული არ გიჩერდება-მეთქი.  ვცდილობდი, ნარგიზის ქცევა გამემართლებინა, - ალბათ, უშვილობის გამო იქცევა ასე-მეთქი. სად არ წავიყვანე სამკურნალოდ, ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ბოლოს სულ თავის მშობლებთან გადავიდა. 1992 წელს, როცა აქ ყველაფერი აირია, მოსკოვში წავედი სამუშაოდ. ფინანსურად მოვძლიერდი და ნარგიზი ჩემთან წავიყვანე, იქაურ ექიმებს ვაჩვენე,  მაგრამ კვლავ არაფერი ეშველა. იგი ისევ ფოთში დაბრუნდა. 1995 წელს პასპორტის გასაახლებლად რამდენიმე კვირით ჩამოვედი ფოთში.

გულმა არ მომითმინა და ნარგიზი მოვინახულე. მან 1 წლის ბიჭუნა მომიყვანა და მითხრა, - ეს ბავშვი ჩემი დეიდაშვილის შვილია, მინდა გავზარდო, რომ სიბერეში ჩემს მშობლებსაც და მეც წყლის მომწოდებელი გვყავდესო. არაფერი მიეჭვია, ნათესავის შვილის გაზრდაზე უარს რატომ ვეტყოდი? მერე ისევ რუსეთში გავემგზავრე. 2005 წელს კი ფოთში ჩამოვედი და თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენზე დავიწყე მუშაობა. მაღალი ხელფასი მქონდა, უცხოური მანქანაც ვიყიდე და ორი ბინაც. მერე სანტექნიკის მაღაზია გავხსენი. ნარგიზთან იშვიათად მქონდა ურთიერთობა. ვიცოდი, რომ  ნათესავის ბავშვს სამადლოდ ზრდიდა. ბიჭს ჩემი სახელი ერქვა.

ნარგიზის შევუთვალე, - ან ჩემთან გადმოდი, ან გავიყაროთ-მეთქი. მიპასუხა, - თავში ქვა გიხლიაო! 2008 წელს მოვიყვანე ქალი. მართალია, ხელი არ გვაქვს მოწერილი, მაგრამ  ტკბილად ვცხოვრობთ... თუმცა ტკბილი ცხოვრება აღარ ჰქვია იმას, რა დღეშიც ცოლყოფილმა ჩამაგდო. სხვა ქალი რომ დაინახა ჩემ გვერდით, გაგიჟდა და დამემუქრა, - ქალი არ ვიყო, თუ მშრალზე არ დაგტოვოო და 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე ყველაფერს აკეთებს მუქარის ასასრულებლად: წელიწადში ორჯერ სარჩელი შეაქვს სასამართლოში... რაც კი გამაჩნდა, ყველაფერი წაიღო, სასამართლომ რატომღაც მას მიაკუთვნა, მე მხოლოდ  ოროთახიანი დამიტოვა, რომელსაც ალბათ, მალე წამართმევენ, თუ სიმართლემ არ გაიმარჯვა. ჩემს ცოლყოფილს ყველა მოსყიდული ჰყავს. გაოგნებული ვარ მისი ნამოქმედარით.

2008 წელს ახალი სარჩელი შეიტანა პროკურატურაში - ამხელა შვილი ჰყავს (ტატო უკვე მეჩვიდმეტე წელიწადშია) და ალიმენტს არ უხდისო. სახტად დავრჩი. ჩემი შვილი როგორ არის, როცა იშვილე-მეთქი... აწიოკდა - აბა, შენი მოსახელე და მოგვარე როგორ არისო? სასამართლოს "დაუმტკიცა", რომ მოსკოვში მკურნალობის შემდეგ დაორსულდა და ბიჭი გააჩინა ჩემგან. სამედიცინო ექსპერტიზა მოვითხოვე. ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს... ჩემი მოსახელე და მოგვარე ბავშვის ალიმენტი მხოლოდ ერთხელ გადავიხადე, ისიც ძალიან დაბნეული ვიყავი და იმიტომ, მაგრამ ახლა ხმამაღლა ვკითხულობ და იქნებ ვინმემ მიპასუხოს:

რატომ უნდა გადავიხადო ალიმენტი, როცა არც კი უკითხავს ჩემთვის ცალკე მცხოვრებ ცოლს, ისე "იშვილა" "დეიდაშვილის" ბავშვი? რატომ არ მითხრა, რომ ის ერთი წლის ბიჭი მისი ნათესავის შვილი კი არა,  უცხო ადამიანების შვილი იყო და საკმაოდ სოლიდური თანხა (რომელსაც ყოველთვიურად ვუგზავნდი მოსკოვიდან და ბრესტიდან) ჰქონდა ჩვილში გადახდილი? მე ვიპოვე ტატოს ბიოლოგიური მშობლები. მამამ მითხრა, - ძალიან გვიჭირდა და შუამავალთან ასე ვიყავით მოლაპარაკებული, - თუ ბიჭი გაჩნდებოდა, დამიტოვებდნენ, ხოლო თუ გოგო - წაიყვანდნენ და ფულს გადაგვიხდიდნენო. რახან ჩვილი წაიყვანეს და აღარც გვაჩვენეს, დარწმუნებული ვიყავით, რომ გოგო გაჩნდა, თურმე მოგვატყუესო.

მშობლებს ტატოს დაბრუნება უცდიათ, მაგრამ ამაოდ... მოგვიანებით ხელთ ჩამივარდა ტატოს ხელნაწერი, სადაც წერს, - უარს ვაცხადებ ბიოლოგიურ მშობლებზე, რომლებმაც ფულის სანაცვლოდ გამასხვისესო... ამ ყველაფრის შემდეგ კი ჩემი ცოლყოფილი ურცხვად ამტკიცებს, რომ ჩემგან ჰყავს შვილი.

ორი წლის განმავლობაში ალიმენტის თანხა, რომელიც სასამართლომ დამაკისრა(!), დაგროვდა და ახლა აღმასრულებელი მოდის და მეუბნება: თუ დროულად არ გადაიხდი ალიმენტს, შენს ოროთახიან ბინას დავაყადაღებთ, გამოგასახლებთო.

ხალხო, გამაგებინეთ, არის თუ არა ამქვეყნად სამართალი?  მართალი ყოფილა - დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო. ვერ გეტყვით, რამ გაამწარა და გააბოროტა ასე ჩემი ცოლყოფილი! ნუთუ იმან, რომ 50 წელს გადაცილებულს მყუდრო ოჯახი და თბილი, მზრუნველი ადამიანის გვერდით ყოფნა მინდა? მე ხომ წლების განმავლობაში ვცდილობდი ნარგიზთან ერთად ასეთი ოჯახი მქონოდა, მაგრამ ვერ მივაღწიე. არც მორალური, არც ფინანსური დახმარება დამიკლია მისთვის. მაშ, რა უნდა? - ჩემი განადგურება? არ წავიქცევი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი სიმართლე დავიცვა!..