"ხშირად მეფიქრებოდა იმაზე, ექიმები ფიზიკურად რომ ვეღარ მოვიდნენ ჩემამდე, რა ვქნა-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ხშირად მეფიქრებოდა იმაზე, ექიმები ფიზიკურად რომ ვეღარ მოვიდნენ ჩემამდე, რა ვქნა-მეთქი"

"ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა 24 წლის წლის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თაკო ილურიძე, 24 წლის, გორი

სექტემბერში, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით, იტალიაში წავედი სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად. ჩასვლის დღიდან იტალიურს ვსწავლობდი. ამერიკელი ჯგუფელები მყავდა, რომლებიც, ჩემგან განსხვავებით, მხოლოდ 6 თვით რჩებოდნენ რომში და ამიტომ, სულ მოგზაურობდნენ. პანდემია რომ დაიწყო, ჯერ მილანში წავიდნენ და მერე ვენეციის იმ ცნობილ ფესტივალზე, რომელიც თავიდანვე არ გააუქმეს და პირველი სამი დღე ჩატარდა. იტალიაში პანდემიის გავრცელების დიდი წილი, ალბათ, ამ ფესტივალზე მოდის, რადგან იქ მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა. ორშაბათს გაკვეთილზე რომ მოვიდნენ, ერთ-ერთი გოგო ძალიან ახველებდა და ვკითხე კიდევაც, ექიმთან თუ იყო. კორონა რომ მქონოდა, აქამდე მოვკვდებოდი და არაფერი მჭირსო, მიპასუხა. შუა გაკვეთილზე ისე ცუდად გახდა ეს გოგო, რომ ვეღარ სუნთქავდა და ოთახიდან ტირილით გავარდა. ისე მოხდა, რომ მეორე საღამოს ამერიკის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეები წაიყვანა, ეს გოგოც გაფრინდა და ვირუსი იქ დაუდასტურდა მალევე. 4 დღის შემდეგ, სიცხე ამეწია და ყელი იმდენად სუსტად მტკიოდა, რომ ვერც ვხვდებოდი, მეჩვენებოდა თუ მართლა მტკიოდა. მაშინ ასე ვიცოდი, რომ კორონას შემთხვევაში სიცხე მაღალი უნდა ყოფილიყო, მე კი, მხოლოდ 37.2 გრადუსი მქონდა. ამიტომ, თავიდან ეს საფრთხედ არ ჩამითვლია. მაგრამ, სადაც მე ვიყავი, იქ ბევრი სტუდენტი ცხოვრობდა და მაინც შემეშინდა, ჩემგან რამე არ გავრცელებულიყო. ამიტომ, ვცდილობდი, არავინ მენახა და პირბადე სულ მკეთებოდა. სიცხე უკვე 38 გრადუსს რომ ასცდა, ჩემს კოორდინატორს (ავტ. უნივერისტეტში) დავურეკე და ვუთხარი, რომ ავად ვიყავი. მას კი სასწრაფომ უპასუხა, რომ თუ ხველა და სუნთქვის უკმარისობა არ აწუხებს, არაფერია და რატომ გვირეკავთო. სიცხე მანამდეც მქონია, მაგრამ ახლა ფეხზე ვერ ვდგებოდი და ვხვდებოდი, რომ ცოტა სხვა რაღაც მჭირდა და არ ვეშვებოდი. კიდევ დავრეკე სასწრაფოში და ვუთხარი, რომ გადამოწმება მინდოდა. ისევ უარი მითხრეს. მერე საელჩო გამახსენდა, მათ დავურეკე და ამის შემდეგღა წამიყვანეს საავადმყოფოში. ტესტმა აჩვენა, რომ ინფიცირებული ვიყავი. პირველი იყო შიში, ვინმეს ხომ არ გადაედო ჩემგან და მერე ყველა ადამიანის გახსენება, ვისაც იმ დღეებში შევხვდი. მახსოვს, სიას ვწერდი, რომ არავინ გამომრჩენოდა და ყველა გამეფრთხილებინა. შემდეგ დღეებში კი სათითაოდ ვკთხულობდი ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობას. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი ყველა კონტაქტი შეამოწმეს და ჩემგან არავის გადასდებია.

რომში უზარმაზარ საავადმყოფოში მოვხვდი. თბილისისხელაა-მეთქი, ვფიქრობდი. იქ მაშინ მხოლოდ 12 პაციენტი ვიყავით, რადგან პიკი ჯერ მილანში იყო. მაგრამ ყოველდღიურად ვკითხულობდი და ვხედავდი, რომ რაოდენობა იზრდებოდა. ამიტომ, ხშირად მეფიქრებოდა იმაზე, ექიმები ფიზიკურად რომ ვეღარ მოვიდნენ ჩემამდე, რა ვქნა-მეთქი. პალატაში მარტო ვიყავი და სამ დღეში მივხვდი, რომ პაციენტების ნაკადმა იმდენად იმატა, რომ სხვა პალატაში გადამიყვანეს მეორე პაციენტთან ერთად. ჩემი წამოსვლის შემდეგ კი ისე განვითარდა მოვლენები, რომ თითო პალატაში რამდენი პაციენტი ეწვინათ, ვეღარავინ აკონტროლებდა იმიტომ, რომ ფიზიკურად ადგილები აღარ ჰქონდათ საავადმყოფოებში და აღარ იცოდნენ, სად წაეყვანათ.

ჩემ გვერდით პალატაში ერთი პაციენტი იწვა, რომელიც ფიზიკურად არასოდეს მინახავს, მაგრამ მესმოდა, როგორ ახველებდა. ვერასოდეს აღვწერ, ის რა ხმებსაც გამოსცემდა. მეგონა, რომ ერთ დღესაც ფილტვებს ამოაყოლებდა იმ საშინელ ხველას. ალბათ, ტანჯვას ვეღარ უძლებდა ხოლმე და ხშირად მესმოდა შუაღამისას როგორ ტიროდა ან ყვიროდა. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მისი ხმა შეწყდა. ძალიან შემეშინდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი - ხომ არ გარდაიცვალა? მერე ცოტა იმედი მომეცა, რომ ეგებ, ჩემსავით სხვაგან გადაიყვანეს-მეთქი, მაგრამ დღემდე არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა. მსგავსი ამბები ძალიან ბევრი იყო. თან ვხედავდი, რომ ექიმების პასუხები სრულიად უიმედო იყო, ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გარანტიის გაცემას ერიდებოდნენ.

მართლა არ ველოდი იმ დიდ ყურადღებას, რაც საელჩოდან იყო. მათი წყალობით ვგრძნობდი, რომ ოჯახისგან შორს, მარტო არ ვიყავი. ყველაფერი მომიტანეს, რაც მჭირდებოდა, მათ შორის, ქართული წიგნებიც, რომელზეც ეწერა - „ჩვენ შენთან ვართ“. მართლა მეგონა, რომ ჩემი მეგობრები იყვნენ. ემოციურად ძალიან მჭირდებოდა მაშინ ეს მხარდაჭერა, რადგან დაავადებაზე არავინ არაფერი იცოდა. საავადმყოფოში რომ ვკითხე - რა იყო საშიში, ან ჩემს ასაკში თუ იყო საშიში - მპასუხობდნენ, რომ მათაც არ იცოდნენ და უნდა დავლოდებოდი. ალბათ, ეს გაურკვევლობა იყო ყველაზე სტრესული. სულ ვფიქრობდი, ისე ხომ არ განვითარდება მოვლენები, რომ მე ვეღარავინ დამეხმარება საავადმყოფოში და დავრჩები სრულიად მარტო-მეთქი. დღემდე არ ვიცი, რანაირად ვახერხებდი მაშინ ფსიქოლოგიურად მყარად ყოფნას. აქეთ ვამშვიდებდი ყველას - ჩემს მეგობრებსა და ოჯახს.

ელჩი პირადად მოვიდა ჩემი გაწერის დღეს საავადმყოფოში და თავად წამიყვანა სახლში. ეს დამოკიდებულებები და მხარდაჭერა ჩემი თვალით რომ არ მენახა, სხვის მოყოლილს, ალბათ, ვერ დავიჯერებდი. მათივე დახმარებით, ჩამოვედი საქართველოში იმ დროს, როცა უკვე მხოლოდ სპეციალური რეისები სრულდებოდა და მე სახლში დაბრუნება ძალიან მჭირდებოდა. ამიტომ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით პრემიერთან შეხვედრა იყო, იქ ჩემი გულწრფელი მადლობა ვთქვი და ამ სამწუთიან სიტყვას სოციალურ ქსელში ისეთი საოცარი გამოხმაურებები და ლანძღვა მოჰყვა, არ მჯეროდა. წერდნენ, რომ მთავრობამ გადამიხადა, მადლობის ტექსტიც მათ დამიწერეს და როგორ არ მრცხვენოდა, რომ ვმსახიობობდი. ეს იყო ჩემი პირველი შეჯახება საჯაროობასთან, მანამდე არასოდეს გამომიცდია მსგავსი დამოკიდებულებები. მახსოვს, პირველად, როცა ასობით აგრესიული კომენტარი წავიკითხე, რომელთა უმრავლესობაც ფეისბუქის ყალბი პროფილებიდან აკომენტარებდა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი. ეტყობა, ემოციური ფონიც მქონდა და ძალიან ბევრი ვიტირე. მაგრამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ახალი ტალღა რომ აგორდა, უკვე მეცინებოდა, იმდენად აბსურდული ბრალდებები იყო. აი, მაგალითად - მომავალ ფინანსთა მინისტრად ამზადებენ და ახლა გამოაჩინესო. სინამდვილეში, მე ამაზე საჯაროდ იმიტომ ვწერდი და ვსაუბრობდი, რომ ის ადამიანები გამემხნევებინა, რომლებსაც ვირუსი ჰქონდათ და ძალიან დათრგუნულები იყვნენ. ვერ აგიღწერთ, რამდენი ადამიანი მწერდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მადლობას მიხდიდნენ იმისთვის, რომ ჩემი დიაგნოზი გავასაჯაროვე. ჩემმა გამოჯანმრთელებამ ეს ადამიანები დაამშვიდა.

ამ ამბებმა, რაღაცნაირად, კომფორტის ზონიდან გამომიყვანა. მივხვდი, რომ ყველას ყოველთვის ვერ მოეწონები და ეს არც უნდა განიცადო. ბევრი რამე გადავაფასე, გავიაზრე, რამხელა ძალა აქვს მხარდაჭერას. ამიტომ, როცა მარნეულის კლასტერი გაჩნდა და ქსენოფობიური კომენტარები ვნახე, ძალიან გავბრაზდი. მხარდაჭერა გამოვხატე და სტატუსიც დავწერე იმაზე, როგორ არასოდეს მიგრძვნია იტალიელებისგან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საფრთხეს ვუქმნიდი მათ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები ამ ქვეყნის სრულუფასოვანი მოქალაქეები არიან და გაუმართლებელია ის აგრესია, რაც იმ დღეებში ისმოდა. ფაქტია, რომ კორონა საზღვრებსა და ეთნიკურობას არ ცნობს.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, სექტემბერში ვაპირებ იტალიაში დაბრუნებას და იმ სამაგისტრო პროგრამის დამთავრებას, რომლის გამოც რომში წავედი. ორწლიანი პროგრამაა და ფინანსებს ვსწავლობ. თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული და მინდა ვთქვა, რომ სრულიად განსხვავებულია განათლების სისტემები საქართველოსა და ევროპას შორის. ვერც კი შევადარებ, იმდენად განსხვავებულად ისწავლება ეკონომიკა და ფინანსები. ამიტომ, მე მართლა მიწევს, რომ თავიდან ვისწავლო ის, რაც იქაურ სტუდენტებს უკვე ნასწავლი აქვთ. ჩვენი უნივერსიტეტების უმრავლესობა საბაზისო ცოდნასაც კი ვერ იძლევა, ჩვენთან სწავლა პრაქტიკაზე არ არის დაფუძნებული და მე ორმაგი შრომა მჭირდება. სწავლის დამთავრების შემდეგ, დაბრუნებას და საქართველოში მუშაობას ვაპირებ. ისე კი, იტალიაში წასვლამდე შესაძლებლობა რომ მქონდეს, სიამოვნებით ჩავერთვებოდი ეკონომიკის აღდგენის ახალ პროგრამაში, რომელსაც ახლა მთავრობა ახორციელებს.

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან