"ჩემი სიძე ყოველ ხელსაყრელ მომენტში სიახლოვეს მთხოვს და ვერ ვეურჩები, რადგან დის მოკვლით მემუქრება" - კვირის პალიტრა

"ჩემი სიძე ყოველ ხელსაყრელ მომენტში სიახლოვეს მთხოვს და ვერ ვეურჩები, რადგან დის მოკვლით მემუქრება"

"სახლში წასვლას ვაპირებდი, ჩემმა სიძემ რომ მეორე ოთახში გამიხმო, დავილაპარაკოთო. კარი მოხურა თუ არა, მხეცივით დამეძგერა და ტანსაცმლის გახდა დამიწყო. ყვირილი რომ დავაპირე, ჩამჩურჩულა, თუ გინდა, ორივე ცემით სიკვდილის პირამდე მიგიყვანოთ, იყვირე და გააღვიძე შენი დაო..."

ჩვენი საფოსტო ყუთი კვლავ სავსეა წერილებით. ძნელია რომელიმე ერთის შერჩევა, მაგრამ რაკიღა წერილის დასაწყისშივე წავაწყდით დახმარების თხოვნას, გადავწყვიტეთ მკითხველის სამსჯავროზე გამოგვეტანა 39 წლის ნატალია ქ.-ს ისტორია.

ჩემი სიტუაცია უკიდურესად მწვავეა, ამიტომ ჰაერივით მჭირდება თქვენი დახმარება... 17 წლის ვიყავი, დედ-მამა ავარიაში რომ დამეღუპა. დავრჩით მე და ჩემი პატარა და ცარიელ-ტარიელი, უსახსროდ. არაფერს ვთაკილობდი, დღედაღამ ვმუშაობდი, ხან სახლებს ვალაგებდი, ხანაც საზოგადოებრივ ტუალეტებსა და ოფისებს, ოღონდ კი ჩემს დაიკოს მშიერს არ დაეძინა. ტანჯვა-წამებით გავზარდე, ახლაც მისით ვსულდგმულობ, რომ მთხოვოს, გაუჩენელს გავუჩენ, მაგრამ... დას ცემით მიკლავენ, აბუჩად იგდებენ, ძალადობის მსხვერპლია და... არ ამბობს, დუმს, არასგზით არ ტყდება.

ჩემი და 3 წლის წინ გათხოვდა, მანამდე თავის მომავალ ქმარს ექვსი თვის განმავლობაში ხვდებოდა. ქორწინების პირველმა წელმა ისე ჩაიარა, მჯეროდა, რომ ბედნიერი იყო, არც მატერიალურად უჭირდათ, ბედს არ უჩიოდა, ხალისიანი იყო. არც შემდეგ დაუჩივლია, მაგრამ რამდენჯერმე დალურჯებული დამხვდა და მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა, კიბეზე დავგორდი და კარს შევეჯახეო. მაშინ ვერ მივხვდი, რომ ტყუოდა. მესამედ თუ მეოთხედაც იგივე მიზეზი რომ მოიშველია, ჩემი სიძე დავიმარტოხელე და ვუთხარი, ბრიყვი არა ვარ და ვხვდები, რაც ხდება-მეთქი. საშინლად აღშფოთდა, რას მაბრალებო. ვერ გამოვტეხე და თავი დავანებე. იმავე საღამოს ჩემმა დამ დამირეკა, კიოდა, მიშველეო. ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ მათ სახლამდე ტაქსით მივაღწიე.

კარი რომ შევაღე, სასტუმრო ოთახში დივანზე წამოკოტრიალებული სიძე დამხვდა, ჩემი და კი სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა. რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. გეჩვენება, რაღაც არასწორად გაიგე, ვიკამათეთ და გავცხარდიო. გაოცებული ვუსმენდი და ვხედავდი, რომ თვალებში შიში ჩასახლებოდა, თუმცა არაფრის დიდებით არ ტყდებოდა...

მას შემდეგ ვცდილობდი ხშირად მივსულიყავი, თუმცა შევატყვე, დიდად არ სიამოვნებდათ. ერთხელაც ათიოდე წუთით შევურბინე და კარი გამიღო თუ არა, დავინახე, რომ მკლავი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი. ლამის შევიშალე, ეს რა არის, სიგარეტს გაქრობს სხეულზე-მეთქი? შეიცხადა, რას ამბობ, თემური ეგეთი არ არის, ხომ იცი, როგორ გვიყვარს ერთმანეთი, ვეწეოდი და მე თვითონ მიმედოო. მივხვდი, რომ ჩემი და ძალიან იტანჯებოდა, მაგრამ შველას არავის სთხოვდა, არც მე, არც პატრულს და არც მეგობრებს. თუმცა მეგობრებს მაშინ ჩამოშორდა, როცა ოჯახი შექმნა. მოკლედ, ჩემმა ცდამ, სიმართლე დამედგინა, უშედეგოდ ჩაიარა. მერე დიდი წვალებით ფსიქოლოგთან ვიზიტზე დავიყოლიე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მივიდა. მაინც არ მოვეშვი და სიძეს ისევ დაველაპარაკე. ამჯერად ძალიან მშვიდად გამომიცხადა, არანაირი კონფლიქტი არა გვაქვს და შენ, შინაბერას, რომელსაც კაცი არ გყოლია, რაღაცები გელანდებაო. ზუსტად ორ დღეში გაუფრთხილებლად ვესტუმრე და ჩემი და ისეთი ნაცემი დამხვდა, თვალებს ვერ ვუჯერებდი. მაშინვე პოლიციას გამოვუძახე, ეკიპაჟი მოვიდა და ჩემი დაც და სიძეც გამოჰკითხეს. ჩემმა დამ თავი გადაიკლა, კიბეზე დავგორდიო, ჩემი და ყველაფერს იგონებს, რადგან ჩემი ბედნიერების შურსო. არადა, მარტოხელაც ხომ იმიტომ ვიყავი, რომ მას ცივი ნიავი არ მიჰკარებოდა?

მოკლედ, პოლიციის წასვლის შემდეგ გამომიცხადა, თუ აღარ მოხვალ, კარგს იზამ, რადგან უთანხმოება შენ გამო მოგვდის, ჩემს ქმარს ასეთ ბრალს რომ სდებო.

ტირილით წამოვედი იქიდან და ორი კვირა აღარც მივსულვარ, შემდეგ კი გულმა ისევ არ მომითმინა და ამჯერად ჩემი და ყელჩალურჯებული დამხვდა. ვკითხე, გახრჩობდა-მეთქი? ტირილი აუვარდა და შემემუდარა, წადი, უარეს უთანხმოებას გადამკიდებ, თემური საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და ვერ მივატოვებ იმის გამო, რომ ზოგჯერ უხეშია, რა ქნას, სამსახურში ძალიან იღლება, მე კი ვაბრაზებო! ვცადე წამომეყვანა, მაგრამ არა და არ გამომყვა. იმ დღეს ტირილით დავიძინე, ვფიქრობდი, ხომ არ მოვკლა ის ნაძირალა-მეთქი. მეორე დღეს მეზობლებსაც ველაპარაკე. ერთმა მითხრა, ხშირად მესმის სახლიდან კივილის და ჩხუბის ხმაო. ვთხოვე, თუ ისევ გაიგონებ, პატრულს დაურეკე და მერე მე-მეთქი.

ჰოდა, დამირეკა, თუმცა პოლიცია არ გამოუძახებია. ამჯერადაც კისრისტეხით გავიქეცი და ჩემი და ისეთ მდგომარეობაში დამხვდა, ვერ სუნთქავდა, თუმცა მაინც მეხვეწა, მათი სახლის გზა დამევიწყებინა. ცუდად იყო და ვერ ვტოვებდი, არც სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე დამთანხმდა. რაღას გავაწყობდი, დამამშვიდებელი წამალი მივეცი. ცოტა ხანში ჩაეძინა. უკვე სახლში წასვლას ვაპირებდი, ჩემმა სიძემ რომ მეორე ოთახში გამიხმო, დავილაპარაკოთო. კარი მოხურა თუ არა, მხეცივით დამეძგერა და ტანსაცმლის გახდა დამიწყო. ყვირილი რომ დავაპირე, ჩამჩურჩულა, თუ გინდა, ორივე ცემით სიკვდილის პირამდე მიგიყვანოთ, იყვირე და გააღვიძე შენი დაო.

მას შემდეგ ასე ვცხოვრობთ: ჩემი და კმაყოფილი და ბედნიერია, რადგან ქმარი აღარც უყვირის, აღარც სცემს და ზრუნავს კიდეც მასზე, მე კი ჩემი სიძის მონად და საყვარლად გადავიქეცი. ყოველ ხელსაყრელ მომენტში სიახლოვეს მთხოვს და ვერ ვეურჩები, რადგან დის მოკვლით მემუქრება. სხვა მხრივ, კარგად და თბილად მექცევა, მეუბნება, რომ ვუყვარვარ და ჩემი დის გულისტკენა არ უნდა, თორემ გაშორდებოდა. არ ვიცი, მიყვარს თუ არა, მაგრამ ძალიან შევეჩვიე. ამავე დროს ჩემი და თავს კარგად გრძნობს და ვდუმვარ, ვერაფერს ვეუბნები.

დამტანჯა ტყუილით ცხოვრებამ, მაგრამ, რომ გამახსენდება, რა დღეში იყო ჩემი და და ახლა როგორი ბედნიერია, ვჩუმდები. თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ ამ "სიმშვიდეს" უბედურება მოჰყვება.

ნანა ჩარკვიანი