ვინ არის დამნაშავე?! - კვირის პალიტრა

ვინ არის დამნაშავე?!

ნიკა 4-5 წლის იქნებოდა, ბაღის მასწავლებელმა დედამისს რომ შესჩივლა: ძალიან აგრესიულია, ბავშვებს სცემს, სათამაშოებს ართმევს. ვერც დატუქსვით, ვერც დაყვავებით ვერაფერი შევასმინე, იქნებ თქვენ გააგებინოთ რამეო... გაბრაზდა თამარი - რას ჰქვია ჩემს შვილზე ამას ლაპარაკობთ, ნიკას აგრესიულობა ვის გაუგონია, ბავშვი ცელქი იქნება, აბა, რა? საქმეში ნამდვილად მოიკოჭლებთო... მოჰკიდა ხელი შვილს და კერძო ბაღში გადაიყვანა.

სკოლაში ხშირად იწვევდნენ მშობელთა კრებაზე ხან თამარს, ხან მამას - თამაზს, მაგრამ როცა დედამ შვილის აუგი მოისმინა, მასწავლებლებსაც დაუწუნა პედაგოგიკა და ქმარს განუცხადა, - კრებებზე მე აღარ ვივლი, შენ მიდი ხოლმე, თუ არადა, სხვა სკოლაში გადავიყვან ბავშვსო. მამა ერთ-ორ კრებას დაესწრო, მაგრამ შემდეგ მასაც აღარ გასჩენია სკოლაში სიარულის სურვილი. წლები გადიოდა, ნიკა იზრდებოდა და მასთან ერთად იზრდებოდა მის მიმართ უკმაყოფილება. ნიკა ყოჩობდა და თანაკლასელთა გასართობად ხან რას მოიმოქმედებდა, ხან - რას. თამარი კი დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილი ცელქი, უკომპლექსო და ძალიან ნიჭიერი იყო, ასეთებს კი რატომღაც ცერად უყურებდნენ მასწავლებლები. ამიტომ რამდენჯერმე "მოინახულა" სკოლის დირექტორი და პედაგოგები და თითიც დაუქნია, - ჭკვიანად იყავით, თორემ განათლების სამინისტროში გიჩივლებთო.

KvirisPalitra.Geნიკა მეათე კლასში იყო, როცა ორ ბიჭთან ერთად ქურდობისთვის დააკავეს. მთლად შემოიხია ტანსაცმელი დედამ - ძმაკაცებმა შეაცდინეს, თორემ ის ამის ჩამდენი არ იყოო. ბევრი ირბინა, ბევრი ნაცნობიც გამოძებნა, არც ფული დაინანა, მაგრამ ნიკას მაინც მიუსაჯეს 4 წელი. კვირა არ გავიდოდა, თამარს შვილი არ მოენახულებინა.

ჰპირდებოდა, ყველაფერს გავაკეთებ და მალე გამოგიყვანო. მართლაც, ნიკა ერთი წლით ადრე გაათავისუფლეს. მერე პოლიტექნიკურში ჩააბარებინა, მაგრამ რად გინდა? სულაც არ ეხალისებოდა ლექციებზე სიარული, ბირჟაზე დგომა, მეგობრებთან ყოფნა და რესტორნებში ქეიფი ერჩივნა. მერე მეგობართან ლამაზი ლიზი გაიცნო. ბევრი არ უფიქრია, დაავლო ხელი და შინ მიიყვანა, - ჩემი ცოლიაო. ცოლის მოყვანის შემდეგაც ვერ უღალატა ჩვევას, სულ გარეთ ეჭირა თვალი. ლიზი რომ რამეს დაიჩივლებდა, თამარი მაშინვე გამოესარჩლებოდა შვილს, - რა ქნას, დედა ენაცვალოს, მეგობრების სული და გულია და არ აჩერებენ შინო.

პატარა რომ გაჩნდა, ლიზიმ - იქნებ ცალკე გავიდეთ მე და ნიკა, ასე უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ოჯახსო. ხელები გაასავსავა თამარმა, - ეს ერთხელ თქვი და მეტად აღარ გაიმეორო, დედისერთა შვილმა ცალკე რატომ უნდა იცხოვროს, ეს სახლ-კარი, ქონება მისთვის არ გვინდაო?! გავიდა დრო და ლიზიმ შეატყო, ნელ-ნელა ქრებოდა ძვირფასი ნივთები. მიხვდა, ნიკა წამლის გამო აკეთებდა ამას. იცოდა, აზრი არ ჰქონდა დედამთილთან დაჩივლებას, მაგრამ მაინც თქვა სათქმელი. ამას კონფლიქტი მოჰყვა, - ოჯახში გული არ გიდგება და აღარ იცი, რა დააბრალო, მაგას მოუკვდა დედა, როგორ არ გაუმართლაო.

ლიზიც ადგა, ჩაალაგა თავისი ბარგი-ბარხანა და ჩუმად გამოიხურა კარი. თვეების განმავლობაში ქოქოლას აყრიდა ოჯახიდან წასულ რძალს გაწიწმატებული თამარი. მერე წამლის მოხმარებისა და გაყიდვისთვის ნიკა აიყვანეს... - ის რომ წავიდა, იდარდა და ნარკოტიკს შეეჩვია, დედა ენაცვალოს მაგას, ბინას გავყიდი და გარეთ მაინც გამოვიყვანო, - ისევ ლიზის ადანაშაულებდა შვილის სიყვარულით გონებადაბინდული თამარი.

ასეც მოიქცა, გაყიდა ოთხოთახიანი და ოროთახიანი იყიდა გარეუბანში. სამართალამცველებმა ნარკოტიკის გაყიდვის ბრალდება მოუხსნეს, მოხმარებისთვის საჯარიმო თანხა აიღეს და გამოუშვეს დედისერთა. მეორე ცოლი სასწრაფოდ შერთო შვილს, ისედაც დაჩაგრა ცხოვრებამ, ახლა ოჯახი გულს გამოუკეთებს და დაამშვიდებსო, მაგრამ ნიკა კვლავ დააპატიმრეს... ახლა ზის ცხაურებს მიღმა და კვლავ დედის იმედი აქვს...