"სადაც ლამაზ ქალსა ვნახავ..." - კვირის პალიტრა

"სადაც ლამაზ ქალსა ვნახავ..."

თქვენს ერთ ნომერში გამოქვეყნდა წერილი, "ერთი შარვალი და ოთხი ჩითის კაბა", რომელშიც მოთხრობილი იყო ოთხცოლიანი კაცის ამბავი. ეს ბევრს შეიძლება გაუკვირდა, მაგრამ მე - არა.

გურიის ერთ დიდ და ლამაზ სოფელში ვცხოვრობ. ჩემს სოფელში ცხოვრობს კაცი, რომელსაც შვიდი ცოლი ჰყავს. მართალია, მას ერთდროულად არ ჰყოლია შვიდივე, მაგრამ ერთს რომ გაშორდებოდა, მეორე, დაახლოებით ორ-სამ წელიწადში მოჰყავდა. ვალოდიამ (პირობითი სახელია) მესამე ცოლიც რომ გაუშვა, თქვა: პირველი გაშორებაა ძნელი, თვარა, მერე სულ რიხინ-რიხინით მიდის საქმეო. ხანგრძლივი პაუზა მხოლოდ მეექვსე ცოლის შემდეგ გააკეთა.

ამას ასე ხსნიდა, - მეექვსე მიყვარდა ყველაზე მეტად. ნამეტანი ამაყი გამოდგა, ქალთან წამასწრო და არ მაპატია, თვარა, მაგას რავა გავშორდებოდი, იმფერი ლამაზი იყოო. წინა ცოლებს მართლაც თვითონ გაშორდა. როგორც კი ლამაზ ქალს დაინახავდა, ცოლზე გული უცრუვდებოდა და იოლად იშორებდა თავიდან. დღემდე გვიკვირს, როგორ ახერხებდა ვალოდია ამდენი ქალის გულის მოგებას, მიუხედავად მრავალცოლიან-შვილიანობისა. მეექვსის დაბრუნებას 10 წელი ამაოდ ელოდა.

ბოლოს, ვეღარ გაუძლო მარტოხელობას და 54 წლის ასაკში მეშვიდე ცოლი მოიყვანა. ახლა 14 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს. ერთხელ გახდა ავად და ნეტავ, გენახათ, რა ხდებოდა მის სახლში - ტევა აღარ იყო, ყველა შვილმა თავ-თავისი ოჯახით მოიყარა თავი. კი ვამასხარავებთ ჩვენს ვალოდიას მრავალცოლიანობის გამო, მაგრამ იმ ავადმყოფობის დროს ბევრ კაცს შეშურდა მისი.

პატივისცემით იაგო თავაძე