"მითხარი, რამე ხომ არ იცი ჩემს შვილზე, სად წაიყვანეს, სად მოკლესო" - რა ამბავს ყვება 72 წლის ქალბატონი? - კვირის პალიტრა

"მითხარი, რამე ხომ არ იცი ჩემს შვილზე, სად წაიყვანეს, სად მოკლესო" - რა ამბავს ყვება 72 წლის ქალბატონი?

"ქალები საქართველოდან"ფარგლებში გამოქვეყნდა  72 წლის წლის  ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ლუიზა დუდაევა-ასკილაშვილი, 72 წლის, ერედვი-კოდა

დედით ქართველი ოსი ვარ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მე საქართველოში დავიბადე და ცხინვალი საქართველოა.

დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა და მის გარეშე გავიზარდე. საკმაოდ ლამაზი გოგო ვიყავი, თან კარგად ვმღეროდი და სკოლამ გორის მუსიკალურ სასწავლებელში მომაწყო. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც ანსამბლში მღეროდა. მე კიდევ სიმღერის მეტი არაფერი მაინტერესებდა. ჩემი მეუღლე ჩემზე უფროსი და ძალიან ლამაზი ბიჭი იყო, ხშირად ჩამოდიოდა ჩვენს სოფელში. 15 წლის ასაკში ყველაფერს თავი დავანებე და გავყე. რა სიკვდილად ვთხოვდებოდი?! მაგრამ ძალიან პატარა და უჭკუო გოგო ვიყავი, თან, ეტყობა, პატარა უნდა გავთხოვილიყავი და პატარა დავქვრივებულიყავი... 22 წლისა ვიყავი, როცა ქმარი ავარიით მომიკვდა და ორი პატარა შვილით ხელში მარტო დავრჩი.

გორის მუსიკალურ სასწავლებელში ერთი წელი მქონდა დარჩენილი და სახლში მომაკითხეს, გათხოვების შემდეგ სწავლა რომ გამეგრძელებინა. ჩემმა დედამთილმა - „მაგას სწავლა რომ სდომებოდა, ჩემს შვილს არ გაჰყვებოდაო“ - ასე დამამცირა მათთან და სახლიდან გაყარა. იმ ოჯახში სწავლა-განათლება საერთოდ არ აინტერესებდათ და სასწავლებელი ვეღარ დავამთავრე. წლები, ხან ცხინვალის საავადმყოფოში ვიმუშავე და ხან - სად. გული იმდენად მქონდა აცრუებული, ვამბობდი - მე მუსიკას აღარ მივუბრუნდები-მეთქი, მაგრამ ბოლოს ისევ მუსიკამდე მივედი. ერედვში ძალიან დიდი და კარგი კულტურის სახლი გვქონდა, ბევრი სხვადასხვა ანსამბლით. მე ფოლკორის ანსამბლს ვხელმძღვანელობდი და ბევრი თაობა გავზარდე. ერთად ბევრი გამარჯვებაც გვქონდა, ერედვის კულტურის სახლში ჩემი ოთახის მთელი კედელი ჯილდოებით იყო სავსე.

ეროვნულ მოძრაობაში ბევრი ქალი აქტიურად იყო ჩართული, თბილისში მიტინგებზე ხშირად დავდიოდით და მე, დროშით ხელში, სულ წინა ხაზებში ვიდექი. ერთ-ერთი ასეთი მიტინგის დროს, რომელიც მთავრობის სახლის წინ იმართებოდა, ქართველმა ქალებმა მთხოვეს, სიტყვით გამოვსულიყავი და როგორც ოსს, მეთქვა, რომ ქართველებს და ოსებს ერთად ცხოვრება უნდა გაგვეგრძელებინა. იმ დროს ერთი ავტომატიანი სვანი ქალი იყო იქვე და რომ გაიგო, ოსი ვიყავი, გადაირია - ოსი მკვდარი არ არის სანდო და თქვენ ცოცხალს ენდობითო?! ოსის 9 ყური მაქვს უკვე და მაგასაც უნდა მოვაჭრაო, ჩემზე ყურის მოსაჭრელად იწევდა. იმდენი ხალხი შემოგვეხვია და მე ისე შემეშინდა, ცუდად გავხდი. ძლივს მომასულიერეს. მიუხედავად იმისა, რომ მე ქართველებისგან თანადგომის მეტი არაფერი მახსოვს და მარტო დარჩენილს, მთელი ჩემი სოფლის ხალხი გვერდში ისე მედგა, როგორც ოჯახის წევრი და ბავშვებსაც მიზრდიდნენ, ოსების მიმართ ასეთი დამოკიდებულებებიც იყო. ახლა, იმ სვანმა ქალმა რა იცოდა, რომ ოსები მე მოღალატედ აღმიქვამდნენ იმის გამო, რომ ცხინვალს საქართველოდ ვთვლიდი?! რუსები ე.წ. ოსი ხალხის „მტრების“ და „მოღალატეების“ დასასჯელად ერედვში და დისევში რომ შემოვიდნენ, მეც „მოღალატეების“ სიაში ვიყავი. ინფორმაცია მქონდა, რომ უნდა ავეყვანე. ამიტომ, სახლში არ ვრჩებოდი ღამე და სხვებთან ვიმალებოდი. იმ დღეს, როცა დამატყვევეს, დილის ხუთ საათზე ჩემს სახლში ავედი. რუსები თურმე უკან მომყვნენ, ჩამაგდეს ბეტეერში და ცხინვალში წამიყვანეს. იმ წუთებში ყველაფერს დავემშვიდობე - ჩემს შვილებსაც და ჩემს სახლსაც, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რაც არ უნდა მიქნან, საქართველოს დასაზიანებლად არაფერს ვიტყვი-მეთქი. მახსოვს, რომ უზარმაზარ რკინის „ბოჩკებს“ მაჩვენებდნენ - ამ წყალს შენ გიდუღებთო. პერიოდულად კი საპატიმროს კარს აღებდნენ და მეუბნებოდნენ, მალე გაგიყვანთ და დაგწვავთო. ჩემი დატყვევების მეორე დღეს, ისევ ქართველები დამიდგნენ გვერდით. მთელი ჩემი სოფელი ფეხზე დადგა, ხალხი ცხინვალს მიაწყდა და გზები ჩაკეტეს. ამბობდნენ, მაგ ქალს თუ არ გამოუშვებთ, ომს დავიწყებთო. ამ პროტესტმა გაჭრა და ერთი დღის შემდეგ გამათავისუფლეს.

ამ ტყვეობიდან ერთი მომენტი დამამახსოვრდა. ჩემთან ოსი ქალი შემოიყვანეს, რომელსაც შვილი მოუკლეს ჩვენკენ ქართველებმა და მეხვეწებოდა, მითხარი, რამე ხომ არ იცი ჩემს შვილზე, სად წაიყვანეს, სად მოკლესო. მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი. იგივენაირად იქცეოდნენ ოსები. ქართველი ბიჭები დაიჭირეს და ხეზე მიაბეს, საქართველოზე ამღერებდნენ და თან ცეცხლი წაუკიდეს. ასეთი ამბები რამდენი ხდებოდა, იცით?! ქართველების მიმართ ოსების ბრაზიც არ მოდის უმიზეზოდ, იქაც იმდენი ოსი ახალგაზრდა ჩახოცეს და ისეთი ოჯახები არიან გამწარებული, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. ბევრი ქართულ-ოსური ოჯახიც ამ კონფლიქტის გამო დაინგრა და გაუბედურდა. ორივე მხარეს მოხდა დანაშაული, რომელსაც ალალი ხალხი ეწირებოდა. საბოლოოდ, 2008 წლის ომის შემდეგ, ყველას მოგვიწია იქაურობის დატოვება და მას მერე კოდაში ვცხოვრობ. აქაც ისევ ბავშვებთან მუშაობა დავიწყე და უკვე მეორე ანსამბლს ვზრდი.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ოსური გვარის გამო არავინ არაფერს დამიშავებდა, მაინც დედის გვარზე გადავედი და ასკილაშვილი გავხდი. ჩემი ქმარიც ოსი იყო, მაგრამ დღეს ჩემი შვილებიც დედაჩემის გვარზე არიან და მათი შვილებიც. ალბათ, ერთდროულად ეს იყო პროტესტიც, რადგან ოსებმა ბევრჯერ მატკინეს გული და შიშიც იმის გამო, რაც 90-იანებში ქართველების მხრიდან ოსების მიმართ მსმენია.

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან