"როგორც ქალს, პოლიტიკაში ბარიერი არ შემხვედრია. უპირატესობა არავის უნდა მივცეთ იმის გამო, რომ ქალები ან კაცები არიან" - კვირის პალიტრა

"როგორც ქალს, პოლიტიკაში ბარიერი არ შემხვედრია. უპირატესობა არავის უნდა მივცეთ იმის გამო, რომ ქალები ან კაცები არიან"

ირმა ნადირაშვილი - რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

პარტია - "ევროპული საქართველო"

"ჩემი ისტორია დიდი ხნის წინ, იმ ქალაქიდან დაიწყო, სადაც ახლა ვცდილობ, მხარდაჭერა მოვიპოვო, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ჩემი მეგობრის დახმარებით, შემთხვევით, სამოთახიან სივრცეში მოვხვდი, ეს იყო ტელევიზიის ჩანასახი, რომელსაც “რუსთავი 2” ერქვა და რომელმაც თავისი საქმიანობა რუსთავიდან დაიწყო. ადამიანები, რომლებიც იქ შეიკრიბნენ, აკეთებდნენ იქამდე არარსებულ პროექტს, ასეთი ფართო გაგებით, არავინ იცოდა, რა იყო დამოუკიდებელი ტელევიზია და რაც მთავარია, არ ჰქონდათ ასეთი საქმის კეთების გამოცდილება. “რუსთავი 2”-ში 15 წელი ვიმუშავე, დიდი ხნის მანძილზე ვიყავი რეპორტიორი, მათ შორის, საპარლამენტო კორესპონდენტი. იმ აივნებზე, საიდანაც ჟურნალისტები ადევნებენ თვალს დეპუტატებს, მრავალი წელი გავატარე, ძალიან დიდი გამოცდილება იყო პარლამენტის წევრებისთვის თვალის დევნება. რეპორტიორობის შემდეგ, პროგრამა “პოსტ-სკრიპტუმის”დირექტორი და შემდეგ უკვე “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვიყავი. აქედან პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ წავედი, იქ ორი წელი დავყავი და შემდეგ მივედი პარლამენტში.

პოლიტიკაში რომ ვარ, ჩემი შეგნებული გადაწყვეტილებაა. პარლამენტში იმიტომ არ მოვხვდი, რომ ვინმემ რეკომენდაცია გამიწია. როდესაც ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ აივნებზე ვიჯექი,ზუსტად ვიცოდი, რომ ოდესმე ქვემოთ ვიჯდებოდი და საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებოდი. ზოგადად, ჟურნალისტიკა და პოლიტიკა ერთმანეთთან გადაჯაჭვული სფეროებია და სურვილი მქონდა, პოლიტიკის ნაწილი გავმხდარიყავი. მთავარი მოტივაცია ის იყო, რომ თვითონ მიმეღო ისეთი ქვეყნის შექმნაში მონაწილეობა, როგორი ქვეყანაც მინდოდა. მე პირდაპირ ოპოზიციაში მოვედი, გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია, მაგრამ შენი - ოპოზიციის საქმეა, ხელი შეუშალო საპარლამენტო უმრავლესობას ცუდი საქმეების კეთებაში, ან პირიქით – ხელი შეუწყო, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან. ოპოზიციის როლი, ვთვლი, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტია.

გულწრფელად ვიტყვი, რომ როგორც ქალს, პოლიტიკაში ბარიერი არ შემხვედრია. ვერც წარმომიდგენია, რომ “ევროპულმა საქართველომ” გენდერული ნიშნით დაყოს ადამიანები. ჩემი და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მოთხოვნა არის ის, რომ ქალიც და კაციც უნდა იმსახურებდეს, იყოს არჩეული უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში იჭერდეს პოზიციას. უპირატესობა არავის უნდა მივცეთ იმის გამო, რომ ქალები ან კაცები არიან. უნდა გინდოდეს, უნდა შეგეძლოს და ამ ნიშნით უნდა ხვდებოდე ამა თუ იმ პოზიციაზე. ჩვენს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ქალთა უფლებების მხრივ არის სერიოზული პრობლემები, მაგრამ ხელოვნურად, თუნდაც, ქალების სიებში ჩასმით, ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებ. ამას ღრმა ფესვები აქვს და სახელმწიფომ უნდა იმუშავოს მის აღმოფხვრასა და არა იმაზე, რომ აიღოს და მექანიკურად, გენდერული ნიშნით, ან ქალი ჩასვას სიაში, ან კაცი. ორმაგი სტანდარტიცაა – მაგალითად, “ქართული ოცნება,” რომელმაც შემოგვთავაზა ეს კვოტირების სისტემა, მერე გვთავაზობს მაჟორიტარების სიას, რომელშიც 30-დან ერთი ქალია. როცა ამას იმიტომ აკეთებ, რომ იცი, ეს შეიძლება კარგი ტონი იყოს, არის ფარისევლობა და უბრალოდ გაპრანჭვა. ჩვენ არ დავუჭირეთ ამას მხარი, იყო დიდი განხილვა და წინააღმდეგობაც მოჰყვა საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან. შეიძლება, ვინმემ მითხრას, შენ რა გენაღვლება, მეორე მოწვევის პარლამენტში ზიხარ და საერთოდ ვერ ხვდები, რა პრობლემები აქვთ ქალებს და აფერხებ იმას, რომ ჩვენც ჩავერთოთ ამ ყველაფერშიო. ამ ადამიანებისაც მესმის, მაგრამ ეს სხვანაირად უნდა მოგვარდეს და რაც მთავარია, მე ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგი ვარ.

ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, რა თქმა უნდა, შევეცდები, ქალების სოლიდარობის მოპოვებას. პარლამენტში მუშაობდა გენდერული საბჭო, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეფექტურად. ამას ვერც ამ საბჭოს ხელმძღვანელობას დავაბრალებ, შეიძლება, არც მე გამომიჩენია შესაბამისი ინიციატივა და ძალისხმევა. ვთვლი, რომ მომავალ პარლამენტში ეს საკითხი უფრო სერიოზული მიდგომის საგანი უნდა გახდეს. ამერიკაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, სადაც სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბროდ ვიყავი, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქაური წარმატებული ქალების მაგალითებმა. მაგალითად, ერთ-ერთი ოჯახის ქალებმა კალათების ბიზნესი დაიწყეს და შემდეგ მთელი ამერიკის მასშტაბით გაავრცელეს ქალების საშუალებით, ბიზნესი წინ წავიდა, ფეხზე დადგა. ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოშიც ასე იყოს. სამწუხაროდ, სოლიდარობა ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. დიდი სოლიდარობის გამოჩენა ვიცით, როდესაც ვიგებთ, რომ ვიღაცას უჭირს, შეგვიძლია კონსოლიდაციაც, ამ ადამიანის დახმარებაც, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია. მე პირადი კომუნიკაციაც მქონია ადამიანებთან, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ ჩემს პოლიტიკურ ჯგუფს და პირიქით, იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მაგალითად, ქალბატონ მარიამ ჯაშთან, რომელიც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, განვიხილავდი საკითხს და ვიგრძენი, რომ ისიც ძალიან სოლიდარული იყო ამ საკითხის მიმართ და თავისი მანდატის ფარგლებში, შეეცადა, რომ ამ პრობლემის ირგვლივ გადაწყვეტილება მიგვეღო. როდესაც საქმე სოლიდარობას, ადამიანის ბედის გადაწყვეტას ეხება და შენ შენს კოლეგასთან ამ თემაზე სასაუბროდ მიდიხარ, იქ ზღვარი იშლება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სწორი საქმე და უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემი პროფილი და სალაპარაკო თემები, ორივე მოწვევის პარლამენტში კორუფცია და ნეპოტიზმი იყო. მუდმივად ამ თემებზე ვმუშაობდი და ახლაც ჩემი საარჩევნო მესიჯბოქსი სწორედ ასე იქნება შედგენილი. იმისთვის, რომ ქალების, ბავშვების, ჩვენი უფლებები იყოს დაცული, ვცხოვრობდეთ უფრო ღირსეულად და ყოველდღე არ გვიწევდეს ძალიან დიდი ნერვიულობა, თუნდაც ქალებს, რა ვაჭამოთ საღამოს შვილებს, ვთვლი, რომ ძირეული სისტემური ცვლილებებია საჭირო. საჭიროა, რომ ახალმა კოალიციურმა მთავრობამ მართოს ეს ქვეყანა იმისთვის, რომ აღარ მივიღოთ ისეთი შედეგები, როცა მოდის ერთი ძალა, ყველას თავზე აჯდება და რასაც უნდა, იმას აკეთებს. მთავარი მიმართვა, მოწოდება, რატო უნდა მომცენ ხმა მე და ჩემს პოლიტიკურ ჯგუფს, არის ის, რომ იყოს მრავალფეროვნება პარლამენტში."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და შიდა-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან