საცოლე საუნიდან - კვირის პალიტრა

საცოლე საუნიდან

ქორწილი არ ჩაშლილა, უბრალოდ, პატარძალი შეიცვალა

ნიკამ 30 წლამდე ძალიან ბევრი რამ მოასწრო და გააკეთა... სკოლის დამთავრებისთანავე პრესტიჟულ სასწავლებელში ჩააბარა. მეორე კურსზე იყო - მამამ ლონდონში გაუშვა სასწავლებლად.  საქართველოში დაბრუნდა და მაშინვე იშოვა კარგი სამსახური -  სოლიდური ბანკის ერთ-ერთი  განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. ბიზნესიც წამოიწყო, ისიც ძალიან სარფიანი გამოდგა, მაგრამ რადგან სახელმწიფო მოხელისთვის ბიზნესის მართვა არ შეიძლებოდა, საქმე მამას და დას გადააბარა.

მეგობრებს ძალიან უყვარდათ, ყველას დამხმარე და ხელშემწყობი იყო, მხიარულიც, ენამოსწრებულიც - მასთან ყოფნა ყველას სიამოვნებდა. სასურველი სასიძო იყო, გოგონები  გარს ეხვია, მაგრამ დაოჯახებაზე არც ფიქრობდა და  ეს აშფოთებდათ მშობლებს.

"უკვე 30 წლის ხარ, შენი მეგობრების შვილები კარგა ხანია, სკოლაში დადიან; სამსახური კარგია, მაგრამ ოჯახს არაფერი შეედრება; რა გიშლის ხელს, რომ დაოჯახდე?" - თითქმის ყოველდღე ესმოდა ნიკას.  პასუხი ერთი ჰქონდა - სიყვარულს ველოდებიო. თუმცა  ეს ხმამაღლა რომ ეთქვა, დამოძღვრა მოჰყვებოდა: - დაოჯახდი და სიყვარულიც მოვაო...

თვითონაც უკვირდა ნიკას, მოსწავლეობისას რომ გოგო უყვარდა, იმ გრძნობის მაგვარი აღარ განმეორებულა. არადა, მეშვიდეკლასელს მასზე ორი წლით უფროსი თამუნა უყვარდა. ლამაზი გოგო იყო, ყველა ეტრფოდა. ნიკას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, როგორც კი სკოლას დაამთავრებდა, თამუნა ცოლად მოეყვანა, მაგრამ გოგონა მოიტაცეს. ასე დასრულდა მისი პირველი გაუმხელელი სიყვარული. მას შემდეგ ნიკა ჯიუტად ელოდა.

მშობლებმა შვილის მეგობრებიც "მოისყიდეს" და ახლა ისინიც  ჩასჩიჩინებდნენ, ცოლი მოიყვანეო. ნიკაც დაიღალა ამდენი ლაპარაკით და გადაწყვიტა, გოგო, რომელსაც გააცნობდნენ, თუ მოეწონებოდა, ცოლად შეერთო.

მართლაც, მამიდასთან სტუმრობისას გააცნეს მაღალი, ლამაზი და "უკიდეგანოდ განათლებული" ირინა.

ნიკამ, ურიგო გოგო არ უნდა იყოს,  ვინ იცის, იქნებ მართლაც შემიყვარდესო - და გოგონა მეგობრის დაბადების დღეზე დაპატიჟა... ერთ მიპატიჟებას მეორე და მესამე მოჰყვა და მალე ყველამ გაიგო, რომ ნიკამ დაქორწინება გადაწყვიტა...

ქორწილამდე ორიოდე კვირა იყო დარჩენილი. ძმაკაცებმა ნიკა დამოძღვრეს: სანამ უღელში შეებმები, ყოველი დღე გაილამაზე და მაქსიმალურად გაერთეო. ნიკაც სამსახურის მერე მეგობრებთან ერთად ხან სად ამოჰყოფდა თავს, ხან - სად.

ერთხელ ზაზამ (ნიკას ბავშვობის მეგობარმა) ნიკას და კიდევ ორ ძმაკაცს "ძალიან მაგარ საუნაში" წასვლა შესთავაზა, - იქ იმისთანა გოგოები ჰყავთ, ტოპმოდელები გეგონებათო... წავიდნენ. მართლაც მშვენიერი გოგონები "ესტუმრნენ" ბიჭებს მაშინ, როცა ისინი აუზთან ლუდს წრუპავდნენ. ნიკამ ეკა დაინახა თუ არა, რაღაც სხვანაირი სითბო ჩაეღვარა გულში.  მერე დიდხანს ისხდნენ და საუბრობდნენ. დამშვიდობებისას შეხვედრა დათქვეს. ნიკას არავის დანახვა არ უნდოდა, სამსახურიდან გიჟივით გარბოდა ეკასთან შესახვედრად. ქორწილამდე დღეები რჩებოდა, ნიკა მეგობრებს გამოუტყდა, - ქორწილის ჩაშლას ვაპირებო. სანამ გაოცებული და პირდაღებული ბიჭები რამეს ჰკითხავდნენ, ნიკამ მოკლედ მოუჭრა: - ეკა მიყვარსო.

მერე ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ნიკამ ირინა ნახა და უთხრა, - მაპატიე, მაგრამ სხვა შემიყვარდა, ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებითო.  მშობლებსაც აუხსნა, - გთხოვთ გამიგეთ, უსიყვარულოდ განა აზრი აქვს ქორწინებას, მეც არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა, ვინც შემიყვარდა,  ვგრძნობ, რომ  სწორედ ის არის ჩემი ცხოვრების მეგზური და მის გარეშე აღარ მინდა ცხოვრებაო... რაღა უნდა ექნათ?

ქორწილი არ ჩაშლილა, უბრალოდ, პატარძალი შეიცვალა.