წინ მწვერვალისკენ, გავლენიანი მამაკაცების ხარჯზე - კვირის პალიტრა

წინ მწვერვალისკენ, გავლენიანი მამაკაცების ხარჯზე

ყველა კაცი, ვინც კი მის გვერდით იდგა, სათავისოდ გამოიყენა, კარიერაც გაიკეთა და ქონებაც დააგროვა, თუმცა...

დედამ ბავშვობიდან შთააგონა, რომ ძალიან ლამაზი და ნიჭიერი იყო - შენნაირი გოგონები ისეთ კარიერას იკეთებენ, მთელი სიცოცხლე უზრუნველყოფილნი არიანო. 15 წლის ლიკამ უკვე იცოდა, რომ მისი სადარი არავინ იყო. ამხანაგებს თავს ამეტებდა, არავისთან მეგობრობდა, გარდა ორი წლით უფროსი თბილისელი ბიძაშვილისა, რომელიც არდადეგებზე ხშირად ჩადიოდა სამეგრელოში მამიდასთან. ლიკამ ისიც იცოდა, რომ სამედიცინოზე ან იურიდიულზე უნდა ჩაებარებინა. დედა პირველს უჩიჩინებდა, მამა - მეორეს. ისე, მასაც იურიდიულისკენ უწევდა გული. სკოლა წარმატებით დაამთავრა თუ არა, მაშინვე მისაღები გამოცდებისთვის დაიწყო მზადება...

ბავშვობიდან უყვარდა თანაკლასელ რატის. მისი შიშით ლიკას უბატონოდ ხმას ვერავინ სცემდა. ბიჭი ზუგდიდში აპირებდა დარჩენას, ლიკას კი თბილისში სურდა ცხოვრება. დარწმუნებული იყო, რომ დედაქალაქში   ბევრ "მწვერვალს" დაიპყრობდა, სახელოვანი იურისტი დადგებოდა. "სად რატი და სად მე?" - აიჩემა ბოლო ხანს და ამ პასუხით იცილებდა ყველას, ვინც კი რატის შესახებ რაიმეს ჰკითხავდა.

გოგო დღე და ღამე თავდაუზოგავად მეცადინეობდა.  იმ წელსვე რომ არ ჩარიცხულიყო უნივერსიტეტში, ნამდვილად გაგიჟდებოდა. ლიკას ახლობლებს თან უკვირდათ, თან უხაროდათ მისი მიზანსწრაფულობა. თბილისელი ნათესავებიც კვერს უკრავდნენ, - ძალიან ნიჭიერი, ბეჯითი გოგონაა და ბევრსაც მიაღწევსო. მართლაც, გამოცდები წარმატებით ჩააბარა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. ლექციების დაწყებამდე მშობლიურ ზუგდიდს დაუბრუნდა. ისეთი ბედნიერი იყო, ცას სწვდებოდა სიხარულით. რატიმ მიაკითხა, მაგრამ გოგონამ ცხვირი აიბზუა და წამითაც არ გაუჩერდა ბიჭს სალაპარაკოდ. არ მოელოდა რატი ამას. გამწარდა და დაიქადა, - ვაჩვენებ სეირსო და რამდენიმე დღის შემდეგ სასეირნოდ გამოსული გოგო მოიტაცა და სვანეთისკენ გაუტია.

იქ ასე შეთანხმდნენ - სანამდე ლიკა უნივერსიტეტში ისწავლიდა, თბილისში იცხოვრებდნენ, რატი იმუშავებდა და დაუსწრებლად დაამთავრებდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტს... ერთ წელიწადში ლიკას ბავშვი შეეძინა, რომელიც დედას წაუყვანა, თვითონ კი კვლავ "მწვერვალებისკენ" იმზირებოდა. რატის მოჰბეზრდა ცოლის კარნახით ცხოვრება, ბავშვი, მშობლები და მეგობრები ენატრებოდა. სულ მალე დარწმუნდა, რომ ლიკა ზუგდიდში დამბრუნებელი არ იყო. თანდათან გაუნელდათ გრძნობა, არაერთხელ შეკამათდნენ. გამოხდა ხანი  და რატი ზუგდიდში დაბრუნდა. დაოჯახებიდან ოთხი წლის თავზე ერთმანეთს გაშორდნენ.

ლიკას მაინცდამაინც არ უნაღვლია, რადგან რატი ზედმეტ ტვირთად  მიაჩნდა. ერთ საადვოკატო ფირმაში დაიწყო მუშაობა. სწრაფად აუღო ალღო ყველაფერს, მერე  ასაკოვან მოსამართლეს დაუახლოვდა. "ცნობილი იურისტი ხართ, მინდა ბევრი რამ ვისწავლო თქვენგან და უარს ნუ მეტყვით", - უთხრა ერთ-ერთი სასამართლო სხდომის შემდეგ ბატონ იოსებს.  სულ მალე მეხივით გავარდა ხმა - იოსებს ახალგაზრდა ადვოკატი ჰყავს საყვარლად და ბავშვს უჩენსო. ხალხის მითქმა-მოთქმა სულ არ ადარდებდა ლიკას, მას იოსები კი არ უყვარდა,  სჭირდებოდა, მასთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი "ძაფი" კი, რაღა თქმა უნდა, შვილი იქნებოდა.

მერე რა, რომ იოსებს ცოლიც ჰყავდა და სამი შვილიც, ახლა მეოთხეც ეყოლებოდა, ნაბოლარა შვილის ახალგაზრდა დედიკოსთვის იოსები ყველაფერს გააკეთებდა! მართლაც, იოსებმა იგი საზოგადოებაში გამოიყვანა და ბევრიც ასწავლა.  იოსები 62 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა, ლიკა მაშინ 31 წლის იყო, მათი შვილი კი სამიოდე წლისა.

"მართალია, მყარი კედელი გამომეცალა, მაგრამ ცხოვრება ხომ გრძელდება? ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თანაც ჩემი ადგილი უკვე მაქვს საზოგადოებაში. ასე რომ, წინ - მომავლისაკენ", - ამბობდა გულში ლიკა. ორმოცი დღის გასვლის მერე ძაძა გაიხადა.

როცა ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს პრობლემები შეექმნა, ლიკას მიაკითხა. ბიზნესმენმა დაკარგული დაიბრუნა  ადვოკატის წყალობით, ამას კი რომანი მოჰყვა. არც ის ბიზნესმენი იყო ცალად, მასაც ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ ეს ლიკასთვის დაბრკოლება არ გახლდათ. ბიზნესმენის ცოლი ისეთი წყნარი და უპრეტენზიო არ გამოდგა, როგორიც იოსებისა. განრისხებული სამსახურში მიუვარდა ლიკას და ყველას თვალწინ გვარიანად გამოლანძღა... საქმე გამწვავდა. იმისთვის, რომ მათი ურთიერთობა წყნარად დასრულებულიყო, ლიკამ უცხოეთში სტაჟირებისთვის დაფინანსება მოსთხოვა და მიიღო კიდეც.

ინგლისიდან ჩამოსულმა თავისი ფირმა გახსნა და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპიც დაიწყო.

ამჯერად თვალი ერთ მაღალჩინოსანს დაადგა. სამწლიანი ბობოქარი რომანის შემდეგ ავთო ცოლს გაეყარა და ნიჭიერი ადვოკატი შეირთო. ჩინოსანმა თბილისის ცენტრში ბინა შეიძინა და ლიკასთან ერთად  დასახლდა. ბავშვები ზუგდიდში იზრდებოდნენ, ლიკა ნაკლებად ღელავდა მათზე, კიდევ ბევრი რამ ჰქონდა  გასაკეთებელი.

მთავრობა შეიცვალა თუ არა, ავთომ საზღვარგარეთ გადაწყვიტა წასვლა, ლიკამ   - აქ კარგი სამსახური მაქვს, ყველა მიცნობს, უცხოეთში რა უნდა გავაკეთოო? რაღა ბევრი გავაგრძელოთ და დაშორდნენ ერთმანეთს.

ახლა ლიკა 42 წლისაა. საკმაოდ ბევრ რამეს, რაზეც ოცნებობდა, მიაღწია - დასახლდა თბილისში,  ყველა კაცი, ვინც კი მის გვერდით იდგა, სათავისოდ გამოიყენა, კარიერაც გაიკეთა და ქონებაც დააგროვა... თუმცა ზოგჯერ ფიქრი ტანჯავს, ცხოვრებისაგან ყველაფერი მიიღო, ეგ არის, რომ თავად არავინ ჰყვარებია.