"რაღაცნაირად შტერულად გავთხოვდი. ნინო რამიშვილი მეძებდა და ბოლოს, ჩემი ქმრის სახლში მაინც მომაგნო" - კვირის პალიტრა

"რაღაცნაირად შტერულად გავთხოვდი. ნინო რამიშვილი მეძებდა და ბოლოს, ჩემი ქმრის სახლში მაინც მომაგნო"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 48 წლის ელენე რატიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ელენე რატიანი, 48 წლის, ხაშური

"ბავშვობა ხაშურში გავატარე. დედა ქორეოგრაფი იყო და ანსამბლი ჰყავდა, მერე ბავშვთა ანსამბლიც ჩამოაყალიბა და მეც იქ ვცეკვავდი, მთელი რაიონი ხელისგულზე გვატარებდა, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ქვეყანა მოვიარე.

1989 წლის იანვარში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონკურსი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, 90-მდე კოლექტივი იღებდა მონაწილეობას. ჩვენც ჩავედით ამ ფესტივალზე ხაშურიდან და მეც ვიცეკვე. ჟიურიში, ცეკვის სხვა კორიფეებთან ერთად, ნინო რამიშვილიც იყო, კონკურსის შედეგები მან გამოაცხადა - ქალებს შორის საუკეთესო შემსრულების პრიზი გადმომცეს. როდესაც პრიზს მაძლევდა და სცენაზე ვიდექი, ნინო რამიშვილმა მკითხა, რამდენი წლის ვიყავი. 16-ის ვარ-მეთქი, რომ ვუპასუხე, მითხრა, სკოლას დაამთავრებ თუ არა, ჩემთან მოდიო. შეიძლება ითქვას, იმ სცენიდან ამიყვანა. იმ წელს სკოლა დავამთავრე და მასთან მართლა მივედი. მაშინ „სუხიშვილებში“ სასწავლო სტუდია არ იყო და არც იმის საშუალება მქონდა, მათი ცეკვა ხშირად მენახა, მაგრამ ბუნებრივად ისეთი მონაცემების გოგო ვიყავი, ძალიან მოვეწონე - სტილითაც და აღნაგობითაც. 16 წლის გოგო პირდაპირ ანსამბლში მიმიყვანა, სადაც დედაჩემის ტოლი ქალები და კაცები დამხვდნენ. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ადვილად რომ გადავხტი და პირდაპირ მწვერვალზე მოვხვდი, ისევე მარტივად წამოვედი იქედან. სხვათა შორის, ჩემი ნაკლი ყოველთვის ის იყო, რომ მარტივად ავდიოდი მწერვალზე და უბრძოლველადაც ვთმობდი ყველაფერს. ალბათ, იმიტომ, რომ ამბიციური საერთოდ არ ვარ და საკუთარი თავის წარმოჩენისთვის არასდროს ვიბრძვი.

„სუხიშვილებში“ ერთი წელიც არ მიცეკვია, 90-იანი წლები და ომის პერიოდი იყო, ანსამბლში სიტუაცია აირია და რეპეტიციები დროებით შეწყდა. ამ დროს მეც არაფერს ვაკეთებდი, ავდექი და რაღაცნაირად შტერულად გავთხოვდი. უკვე სხვა მისამართზე ვცხოვრობდი, როცა ნინო რამიშვილი მეძებდა და ბოლოს, ჩემი ქმრის სახლში მაინც მომაგნო. მოცეკვავე ბიჭი გამომიგზავნა, რომელმაც სახლის კარზე მომიკაკუნა და მითხრა, ნინო გეძებთ, სად ხართ, რატომ არ მობრძანდითო. შემრცხვა, ვერ ვუთხარი, რომ არ მიშვებდნენ და აუცილებლად მოვალ-მეთქი, ვუპასუხე. მერე შვილები გავაჩინე და შევეგუე აზრს, რომ ვეღარსად ვიცეკვებდი. საშინელი გრძნობაა, როცა მოცეკვავე ცეკვას წყვეტს. დეპრესიული მდგომარეობაც მქონდა და მახსოვს, ლექსების წერაც კი დავიწყე, რომ გადავრჩენილიყავი. აღარც ვსწავლობდი - ეკონომიკური ფაკულტეტის მეოთხე კურსიც ოჯახური პრობლემების გამო მივატოვე, აღარც ვცეკვავდი, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი და ამ პერიოდში გონებრივად ძალიან გავიზარდე. ერთ დღესაც, უცებ გავიაზრე, რომ მე იქ ვერ დავბერდებოდი, სულიერად და ფიზიკურადაც მოვკვდებოდი. ვფიქრობდი, აქ ჩემი შვილებიც ვერ გაიზრდებიან ადამიანებად-მეთქი. ამიტომ, 26 წლის ასაკში, ბავშვებს ხელი მოვკიდე, ქმრის ოჯახიდან წამოვედი და რაიონში ჩამოვედი, თუმცა ცეკვაზე ისევ არ ვფიქრობდი. ჩამოსვლის შემდეგ გავაანალიზე, რა უნდა მეკეთებინა და გადავწყვიტე, დედაჩემს გვერდში დავდგომოდი.

უმაღლესი განათლების დიპლომიც კი არ მქონდა და გადავწყვიტე, კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობაზე ჩამებარებინა. იქ მიცნეს და უგამოცდოდ, პირდაპირ მეორე კურსზე მიმიღეს. ასე ვცხოვრობდი ხაშურში - დედას ვეხმარებოდი და პარალელურად, უჩა დვალიშვილის კურსზე ვსწავლობდი. ეს სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე და დიპლომიანი ქორეოგრაფი გავხდი. „სუხიშვილებში“ მიბრუნებაზე აღარც მიფიქრია, შვილები უნდა გამეზარდა და ვიცოდი, რომ ამის პარალელურად იქ მუშაობა ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა. ერთხელ ომარ მხეიძემ მნახა და თქვა - რომ მცოდნოდა, „სუხიშვილებში“ იყავი და იქიდან წამოხვედი, ძალით დაგაბრუნებდი, შენ მთელ საქართველოს უნდა გაეცანიო.

მე, როგორც მოცეკვევემ - ვერა, მაგრამ როგორც ქორეოგრაფმა, რეალიზება მოვახერხე და ალბათ, ამან გადამარჩინა დეპრესიისგან. სადაც ახლა ვარ, იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ამიტომ არ ვდარდობ იმაზე, როგორც მოცეკვავე, სად შეიძლებოდა ახლა ვყოფილიყავი. ფეხზე ჩემით დავდექი, მყავს მრავალრიცხოვანი და პროფესიონალური ანსამბლი „ფრესკა,“ რომელსაც სერიოზული ბაზა აქვს ქორეოგრაფიული სტუდიის სახითა და 4-წლიანი პროგრამით, როგორც ბიჭებისთვის, ასევე - გოგოებისთვის.

საქართველოში არ არსებობს სხვა პრეცედენტი, რომ ქალი ქორეოგრაფი მუშაობდეს ბიჭებთანაც და გოგოებთანაც. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დაიმკვიდრო თავი ისე, რომ ქართველმა კაცმა ბიჭი შვილი ქალთან მიიყვანოს აღსაზრდელად, მე ვიცი, რაც ხდება ამ სფეროში და იმიტომ ვამბობ, ეს გამონაკლისი შემთხვევაა. ამ ბოლო დროს ჩემი ვაჟი დამიდგა გვერდით, რომელიც, ასევე, პროფესიონალი მოცეკვავეა, მაგრამ ბავშვებს, ძირითადად, მე ვზრდი. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ, ყოველწლიურად, მეც ვიზრდები და ჩემი ბავშვებიც. ისე გამოვიდა, რომ მოცეკვავის გზით თუ ვერა, პედაგოგიური მოღვაწეობით ვაღწევ წარმატებას - პროფესიონალი მოცეკვავე ვიყავი და ახლა პროფესიონალი ქორეოგრაფი ვარ. დედაჩემი მაყვალა რატიანი იყო, მაგრამ საკუთარი სახელი და გვარი მეც შევქმენი, ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

დღემდე ჩემი ზურგით მოვედი და შრომაში ამ წლებმა მდინარესავით ჩაიარა. დიდი ნებისყოფა სჭირდება ამ საქმეს - ბავშვს ჯერ ზრდი, ცეკვებს დგამ, ანსამბლში აყენებ, მაგრამ სკოლას ამთავრებს და თბილისში მიდის. შენ ისევ ახალი თაობა უნდა გამოზარდო და ასე მუდმივად. ამდენ ენერგიას, ალბათ, ღმერთი მაძლევს, თან, მარტო აქ არ ვმუშაობ, ოჯახის საქმესაც მე ვაკეთებ. პირადი ბედნიერებისთვის არასდროს მეცალა, რაიონი კიდევ ისეთია, აქ ეს რთულიცაა. პირად ცხოვრებას, თუ ვინმე შეგიყვარდა ან შეუყვარდი, არ გაპატიებენ, თითქოს, შვილების გაჩენის შემდეგ, ქალებს ბედნიერების უფლება აღარ აქვთ. მაგრამ ვინც გონიერია და იცის, რა არის ცხოვრება, ის სხვანაირად უყურებს ამ ამბავს და ძალიან მიხარია, რომ ხაშურში სწორად მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა ცხოვრობს. მათ როცა ვესაუბრები, ვხვდები, რომ არსად გასაქცევი არ ვარ. მე ახლა მაქვს ისეთი პერიოდი, როცა ვცდილობ, პირად ცხოვრებაშიც ბედნიერი ვიყო.“

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან