"ოჯახის შექმნა ჩვენთვის ტაბუდადებული თემაა. ალბათ, ოდესმე საზოგადოებაც მიხვდება, რომ ჩვენც გვჭირდება ოჯახი"
20-09-2020
"ოჯახის შექმნა ჩვენთვის ტაბუდადებული თემაა. ალბათ, ოდესმე საზოგადოებაც მიხვდება, რომ ჩვენც გვჭირდება ოჯახი"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 39 წლის თამუნა ლურსმანაშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თამუნა ლურსმანაშვილი, 39 წლის, ოზურგეთი

"მეათე კლასში რომ გადავდიოდი, ხიდან ჩამოვვარდი. თბილისში არასწორად გამიკეთეს ოპერაცია და მერე, ორი წელი, სარეაბილიტაციო ცენტრში ვიყავი ერევანში. იქიდან რომ ჩამოვედი, თითქმის დავდიოდი, მაგრამ წავიქეცი. მერე ეტლში ჩავჯექი და გადაადგილება რომ გამიადვილდა, გავზარმაცდი, იმდენად ვეღარ ვივარჯიშე, ფორმაში ვეღარ ჩავდექი და ახლა ასე ვარ - გულ-მკერდის მე-12 და წელის პირველი მალა მაქვს დაზიანებული.

პირველი
ორი წელი ძალიან გამიჭირდა. ადამიანებს გავურბოდი, ურთიერთობა არავისთან მინდოდა, გარეთ საერთოდ არ გავდიოდი და ოთახშიც მხოლოდ დედაჩემს ვუშვებდი, დედა შემოდიოდა ჩემთან და მე ლოგინში ვიწექი. ჩვენი უბნის მოძღვარმა, მამა შიომ თქვა, ამ ბავშვთან სიარულს დავიწყებო. პირველად რომ მოვიდა, არ მივიღე, მერე მეორედ მოვიდა, მესამედაც და
ნელ-ნელა იმდენს მიაღწია, ეკლესიამდე მიმიყვანა, წირვებს ვესწრებოდი. რატომღაც ის გარემო ძალიან მამშვიდებდა და სახლში დამშვიდებული ვბრუნდებოდი. მერე აღმოჩნდა, რომ ჩვენს რაიონში იყო საქველმოქმედო ასოციაცია "გურია," რომელსაც დღის ცენტრი ჰქონდა, იქ იყო ერთადერთი ადაპტირებული გარემო, სადაც თავისუფლად გადაადგილება შემეძლო და გავწევრიანდი. თავიდან აქაც გამიჭირდა ურთიერთობა, სახლიდან ახალგამოსული ვიყავი, მაგრამ სასიამოვნო გარემო დამხვდა, მიმიღეს, თბილად დამელაპარაკნენ. ყოველდღე მანქანა გვაკითხავდა, მივდიოდი და იმის მოლოდინი გამიჩნდა, რომ ყოველ დილით სადღაც ვიყავი წასასვლელი. მერე სხვადასხვა ნიჭიც აღმოვაჩინე საკუთარ თავში, თურმე, კიდეც უნდა ვიმღერო, უნდა დავქარგო, დავხატო... ყველა დღე ერთფეროვანი აღარ იყო, როგორც მანამდე, გათენებიდან დაღამებამდე რომ ლოგინში ვიყავი. დილით ვდგებოდი, მოვწესრიგდებოდი, სახლიდან გამოვდიოდი, რაღაცებს ვსწავლობდი და ამან ჩემს ცხოვრებას ხალისი და რწმენა დაუბრუნა. ამის მერე, ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოვედი დღემდე.

ახლა დღის ცენტრში მოხალისე პედაგოგად ვმუშაობ. მასწავლებლობა ყოველთვის მინდოდა, ბავშვები სულ მიყვარდა. მე-10 წელია, ამ ორგანიზაციაში ვარ და ორი წელია, გავბედე ის, რომ მოხალისე პედაგოგად შევსულიყავი ბავშვებთან. ეს ბავშვები არიან ეტლით მოსარგებლეები, დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლითა და ა.შ. მე მათ ყოფითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ვეხმარები. პარალელურად, ევროკავშირის პროექტში "სოციალური უფასო ტაქსი" ოპერატორი ვარ. ეს არის უფასო ტაქსი, რომელიც შშმ და დიალიზის საჭიროების მქონე პირებს ემსახურება. პროგრამა ექვსთვიანია და როცა მორჩება, მინდა, ადგილობრივი მერია დავარწმუნო იმაში, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია და ბიუჯეტში ჩასვან, რომ გაგრძელდეს.

საზოგადოებაში ხშირად ვჩნდები ხოლმე, სხვადასხვა აქტივობებში, პროექტებში ვერთვები. შშმ პირები უფრო მეტად უნდა გამოვჩნდეთ, გავაქტიურდეთ და ყველგან უნდა ვიყოთ დასაქმებულები. ოღონდ, როგორი დასაქმებული – ხელფასს რომ სამოწყალოდ დაგინიშნავენ და საჩვენებლად, ასე არა. ბევრჯერ მქონია მსგავსი შემოთავაზება, მაგრამ არ მინდა. არ შემიძლია, ხელფასს პენსიასავით მიხდიდნენ, ამას ნამდვილად არ მივესალმები. გადამამზადე, მივიღო ის საბაზისო ცოდნა და როცა დავრწმუნდები, რომ ამას შევძლებ, მერე დავიწყებ მუშაობას. ცოდნა უნდა მქონდეს და ვიცოდე, რომ ამისთვის მზად ვარ, მერე იქ ვიღაცამ ისე რომ არ შემომხედოს, ეტლით მოსარგებლე რადგან ვარ, მხოლოდ იმიტომ დავსაქმდი. ვფიქრობ, დღის ცენტრი ყველა ქალაქში უნდა იყოს და მან მოამზადოს შშმ პირები სამსახურში გასაშვებად. თუნდაც, მე, მერე დავამთავრე კოლეჯი. ჩემმა უფროსმა მითხრა, უნდა ისწავლოო და მეც დავრწმუნდი ამაში. მდივარ-რეფერენტის კურსი გავიარე, ბევრი დაბრკოლებით, გულისტკენით, ცრემლით, მაგრამ ბოლომდე გავიარე და ჩემს შესაძლებლობებში დავრწმუნდი. ბედნიერებაა, როცა ხელფასს აიღებ და იცი, რომ შენი ნამუშევარია და არა სამოწყალო. მე ვთქვი, როცა დავსაქმდები და გადამხდელუნარიანი ვიქნები, როგორც სხვა ადამიანები, მეც ისევე გადავიხდი გადასახადებს-მეთქი. ახლა ჩემით ვიხდი გადასახადებს და მიხარია.

მინდა, ჩემი ქალაქიც ისე მოვაწყო, რაც შეიძლება მეტი ადაპტირებული სივრცე გაჩნდეს შშმ პირებისთვის და ხშირად გამოვჩნდეთ საზოგადოებაში. სათათბიროებსაც ვესწრები, სადაც საბჭოს წევრი ვარ და შშმ პირებს წარმოვადგენ, მაგრამ, რატომღაც, წინ ნელი, კუს ნაბიჯებით მივიწევთ. მე საზოგადოებაში გამოსული ვარ და ახალი ადამიანების აღარ მეშინია, ხშირად დავდივარ მეგობრებთან და მინდა, ჩემი მეგობრებიც ასე იყვნენ, მაგრამ ბევრი ადამიანია სოფლებში კარჩაკეტილი, რომლებიც სახლიდან არ გამოდიან და სურთ, ჩემსავით გამოვიდნენ. მწერენ და მეკითხებიან, ქალაქში როგორ დადიხარ, როგორ გადაადგილდებიო. ვცდილობ, ხმა ყველას მივაწვდინო, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის ხომ არ მინდა - მინდა, ყველასთვის გაჩნდეს ადაპტირებული სივრცეები, თუნდაც, კაფე, პარკი, და ა.შ.
პროფესიულ სასწავლებელში რომ ვსწავლობდი, პანდუსი არ იყო. მითხრეს, სასწავლო მასალას სახლში გამოგიგზავნითო და არა-მეთქი. მეც მინდოდა, რომ ლექციაზე ვმჯდარიყავი, მომესმინა და თუნდაც, ის შენიშვნა მიმეღო, რასაც სხვა სტუდენტები მიიღებდნენ - არ მინდა, ვინმემ შემიცოდოს. სად სახლში გამოგზავნილი საკითხების კითხვა და სად ლექციაზე ყოფნა?! ძალიან კარგი ჯგუფელები მყავდა, ყოველდღიურ ურთიერთობაში კიდევ უფრო გავიხსენი, ერთმანეთს აზრებს ვუცვლიდით, ერთად დავდიოდით.
ერთხელ, ქალაქის მერს ვუთხარი, ქალაქში გავიაროთ და ვნახოთ, სად რა დაბრკოლება შეგვხვდება - სად შევძლებ გადასვლას, გადმოსვლას, შესვლას და ვინ დამეხმარება-მეთქი. "ლიბერთი ბანკში" იყო არასწორი პანდუსი, ეს დავანახე და ფაქტობრივად, მეორე დღესვე დაიწყეს გაკეთება, ახლა ჩემით დავდივარ ბანკში, შევდივარ, პენსიას, ხელფასს ვიღებ. სხვა ბანკში რომ მომინდეს შესვლა, არ არის საშუალება, ალბათ, ასე ნაწილ-ნაწილ უნდა დაანახო, რამე რომ გააკეთონ. ახლა უფრო დაიწყეს რაღაცების კეთება, თუმცა, არ მინდა, რომ ეს იყოს ფასადური - ბევრი პანდუსი კეთდება, მაგრამ ან დახრილობა აკლია, ან მოსახვევი არ აქვს, ან მოაჯირი და ა.შ. არის შემთხვევები, როცა აფთიაქში მინდა რაღაცის ყიდვა. შეიძლება, სხვასაც სთხოვო, გიყიდოს, მაგრამ არის რაღაც ისეთი პირადი, თუნდაც, ჰიგიენური საშუალებები, რაც არ მინდა, სხვამ მომიტანოს. ბოლო-ბოლო, მინდა, რომ თვითონ ავარჩიო. ამ დროს, მეუბნებიან, ჩვენ მოვალთ და გარეთ მოგაწოდებთო. იქნებ, მე მინდა შემოსვლა?! აფთიაქებიც არაა ადაპტირებული.
სახლისკენ რომ მოვდივარ, გზაზე ტროტუარი არ არის. ხანდახან პატრული მაცილებს და მეუბნება, გზიდან გადადექიო, ან მეკითხება, მარტო რატომ დადიხარო. იქნებ, მარტო მინდა სიარული და არ მინდა, ვინმე მახლდეს, მარტოს მინდა გასეირნება.
ეკლესიაში ხშირად დავდივარ, მაგრამ ვერ შევდივარ, ერთ-ერთმა მღვდელმა მითხრა, დიაკვნებს დაგახვედრებთ, ხელში აგიყვანენ და ტაძარში შეგიყვანენო. მე ასე არ მინდა, მინდა თავისუფლად შევიდე მაშინ, როცა მომინდება, მარტომ ვილოცო და სანთელი დავანთო. ამას ვერ მივაღწიე. უბრალოდ, იმაზე მტკივა გული, რომ სამღვდელოება უფრო მეტად უნდა იყოს მოწადინებული, მრევლისთვის ეს გარემო რომ ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ჩვენთვის ჯერჯერობით ეს არ ხერხდება. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემსავით ბევრი ადამიანი არ აქტიურობს.
ერთ-ერთი პრობლემაა ისიც, რომ თუ ექიმთან მიდიხარ და თუ ვინმე გახლავს, შენ განზე გაგწევენ და იმას ესაუბრებიან. თვალის პრობლემა მქონდა და ექიმთან მეგობართან ერთად მივედი, მე საერთოდ არაფრად ჩამაგდო, ერთი კი გადამავლო თვალი და მითხრა, ოპერაცია გჭირდებაო და მერე ჩემს მეგობარს დაუწყო საუბარი იმაზე, დედ-მამა თუ მყავდა და ა.შ. ამაზე ისე გავბრაზდი, ისეთი პროტესტი გამიჩნდა, საერთოდ დავტოვე იქაურობა და წამოვედი, იმის მერე აღარც მივსულვარ.

რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, ქუჩაში პირველად რომ გამომიყვანა ჩემმა ბიძაშვილმა და ეტლზე დამსვა, ყველა მე მიყურებდა. იყო ასეთი რეაქციებიც - ''ვაიმე, რა საცოდავია.'' ყველაზე მეტად ზედმეტი, გამაღიზიანებელი ყურადღება არ მიყვარს. მაგალითად, სადმე რომ შევდივარ და დიდის ამბით მიღებენ კარს, მობრძანდი შენი ჭირიმე და ა.შ. მინდა, მეც ჩვეულებრივად შევიდე, როგორც სხვებს იღებენ, მეც ისე მიმიღონ. პირველად ქორწილში რომ მივედი და ეტლით დამინახეს, ისე შემომესივნენ და შემომარტყეს წრე, გეგონებოდა, გალიიდან მაიმუნი გამოვიდა – აბა, ეს ხომ არ გინდა, ის ხომ არ მოგართვათ... შეიძლება, ამ დროს ადამიანს მართლა უნდა, პატივი გცეს და სითბო გამოხატოს, მაგრამ ეს ძალიან გაღიზიანებს.

პოლიციის თანამშრომელთან მქონდა კიდევ ასეთი შემთხვევა: ჩვენს პარკირებაზე, ანუ შშმ პირების ნიშნულზე პატრულის თუ სამმართველოს მანქანა იდგა. მოვიკითხე ვისი იყო და არ მოვიდა, ავდექი, ფოტო გადავუღე და ფეისბუქზე დავდე - ჩვენი სამართალდამცველებიც ხშირად არღვევენ შშმ პირების უფლებებს-მეთქი. უცებ გამოჩნდა პატრონი. მთელი ოზურგეთი შეიძრა, ვინ არ დამირეკა, წაშალეო, მაგრამ არ წავშალე. მეორედ აღარ გააკეთებს.

ოჯახის შექმნა ჩვენთვის ტაბუდადებული თემაა. ძალიან რთულია ისეთი პარტნიორის მოძებნა, რომელიც ისეთს მიგიღებს, როგორიც ხარ. ამ ბედნიერების მიღმა რა პრობლემებიც დგას, ამისთვის მზად უნდა იყოს - იქეთ საზოგადოებას უნდა მიხედოს, იქეთ ნათესავებს, ოჯახი დაარწმუნოს... ეს ძალიან დიდი ჯაჭვია. ალბათ, ოდესმე საზოგადოებაც შეიცვლის ცნობიერებას და მიხვდება, რომ ჩვენც გვჭირდება ოჯახი. მე ვფიქრობ, საკუთარი ცხოვრება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს და ის ისეთი უნდა იყოს, როგორიც მას უნდა და როგორსაც თვითონ ირჩევს."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები