"დაავადების ეს კონკრეტული სახეობა მილიონში ორ კაცს ემართება და მე ვიყავი ის "იღბლიანი" - კვირის პალიტრა

"დაავადების ეს კონკრეტული სახეობა მილიონში ორ კაცს ემართება და მე ვიყავი ის "იღბლიანი"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 32 წლის მარიამ ნანობაშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მარიამ ნანობაშვილი, 32 წლის, თბილისი

ამპუტაცია

"დაახლოებით შვიდი წლის წინ, ჩუქურთმებიანი კარის სახელურზე დავეცი და ტრავმა მივიღე, ხელზე დიდი ჰემატომა მქონდა, რომელიც შემდეგ გაიწოვა. პერიოდულად კი მახსენებდა თავს პოსტტრავმული ტკივილი, თუმცა დიდად არ მაწუხებდა და ექიმმა როგორც თქვა, ყველაფერმა გაიარა. ორწელიწადნახევრის წინ, აქტიურად ვვარჯიშობდი და ვარჯიშისას, რაღაც მომენტში სარკეში შევამჩნიე, რომ ხელს ბოლომდე ვერ ვშლიდი. მერე ისეთი ძლიერი ტკივილები დამეწყო, ღამეები არ მეძინა და ვერაფრით ვიყუჩებდი, ოთახში დავდიოდი, ტკივილს რომ გაევლო და გამთენიისას მეძინებოდა. დავიწყე კვლევა, რა იყო. სიღრმისეული კვლევებისას გამოჩნდა, რომ რაღაც წანაზარდი იყო და ფიზიკურადაც მეტყობოდა - ხელი შესიებული მქონდა იმ ადგილას. გერმანიიდანაც მოვიდა პასუხი, კისტოზური წარმონაქმნია, მაგრამ ისეთი არაფერიო, ამიტომ ონკოლოგებმა უარი თქვეს ოპერაციის გაკეთებაზე და რადგან ეს კისტოზური წარმონაქმნი სისხლძარღვზე იყო, მიკროქირურგებმა, ჩვენ გამოვათავისუფლებთო. ოპერაციის დროს, რომ გახსნეს, ძვლის მხარეს, სადაც პუნქცია ვერ ჩაწვდა, არასტანდარტული უჯრედები აღმოჩნდა. ექიმებმა რისი ამოღებაც მოახერხეს, ამოიღეს, დახურეს და უკვე იქიდან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს იყო სიმსივნური წარმონაქმნი და ალბათ, ამპუტაცია გახდებოდა საჭირო, რადგან ძვალთან ძალიან ახლოს დიდი მასა კიდევ იყო დარჩენილი. ფაქტობრივად, ძვალზე იყო შეზრდილი.

ამპუტაციაზე თავიდანვე უარი ვთქვი, იმ მომენტში ეს ამბავი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. ის რაც ამოჭრეს, ამერიკაში, ჰოპკინსის კლინიკაშიც გაიგზავნა, თუმცა საქართველოშიც ზუსტად დასვეს დიაგნოზი - სინოვიური სარკომა, რაც სახსრის სითხის სიმსივნეს ნიშნავს. ხშირად, ეს სიმსივნე პოსტტრავმულია და ძირითადად, სპორტსმენებშია გავრცელებული, თუმცა, სტატისტიკურად, ეს კონკრეტული სახეობა მილიონში ორ კაცს ემართება და მე ვიყავი ის "იღბლიანი." დავიწყე ქიმიოთერაპია და აქაც იმ ''იღბლიან'' 18%-ში აღმოვჩნდი, რომლის სიმსივნეც ქიმიოთერაპიის მიმართ რეზისტენტულია და ფაქტობრივად, არანაირი გავლენა არ ჰქონია. როცა ქიმიოთერაპიამაც არ იმუშავა, რადიკალური ოპერაცია გახდა საჭირო. კახა თოდუა, რომელიც ძალიან მაგარი ქირურგია, 6 საათის განმავლობაში მიკეთებდა ოპერაციას - ამოიღეს ძვლის სეგმენტი, პირველ ოპერაციაზე დარჩენილი სიმსივნე და იმასთან ერთად, მთლიანად იდაყვის სახსარი, პლუს, მკლავის ძვლის ნაწილი. ამის მერე, სამი თვე ფიქსატორში მქონდა ხელი, აბსოლუტურად უფუნქციოდ, მხოლოდ თითებსა და მტევანს ვავარჯიშებდი. მაგრამ თავიდანვე რომ ამბობდნენ, სჯობს რადიკალური იყოს ეს ყველაფერიო, მართალი აღმოჩნდა - სამი თვის თავზე სიცხეები დამეწყო, შევამოწმეთ და ზუსტად ნერვზე იყო ორი პატარა წანაზარდი ისევ იმ ადგილზე. ისევ რომ გაიზრდებოდა, იყო მაგის ალბათობა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ გადავრჩებოდი, მაინც უნდა მეცადა. ჩაინიშნა მესამე ოპერაცია და ქირურგმა მითხრა, მზად იყავი იმისთვის, რომ ხელს ვერ გადავარჩენთო.

მესამე ოპერაციის მერე, როცა გავიღვიძე, ექთანმა მკითხა, თუ იცი, ოპერაციამ როგორ ჩაიარაო. ისე მკითხა, ყველაფერს მივხვდი და ხელზე ვანიშნე, მომაჭრეს-მეთქი. ფაქტობრივად, პირველივე ოპერაციის შემდეგ მქონდა უკვე დაშვება, რომ ეს მოხდებოდა და როცა ამას უშვებ, რაღაცანაირად, თითქოს უფრო მარტივად იღებ ამ ამბავს. ცუდი შედარებაა, მაგრამ საწოლად ჩავარდნილი ნათესავი რომ ჰყავთ და ნელ-ნელა ეგუებიან, რომ გარდაიცვლება და შოკიც ნაკლებად არის, დაახლოებით ამ რეჟიმში ეგუები შენც, რომ არის იმის შანსი, აქამდე მიხვიდე. ოპერაციის წინ, ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომ თანახმა ვიყავი, ხელის საპირწონედ ჩემი სიცოცხლე გადაერჩინათ. სასაცილო აღმოჩნდა, რომ ის სამი თვე, როცა ფიქსატორით მქონდა ხელი დაფიქსირებული, ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე ხელის გარეშე ცხოვრება. გარდა იმისა, რომ ძალიან მტკიოდა, საკუთარ თავს ვერ ვუვლიდი დამოუკიდებლად. სულ ვიღაც მჭირდებოდა ფიქსატორის მოხსნა-გაკეთებაში, ბანაობაში, რომ დამხმარებოდა. ეს ცხოვრებას ძალიან მირთულებდა და დამოუკიდებლობას მიზღუდავდა, სულ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული და მერე იმ ადამიანსაც ხომ თავისი ცხოვრება აქვს. ვერ მეძინა, წამომჯდარი ვიყავი საწოლში, ეს ხელი დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, ვერ ვდებდი და ამ ფონზე, თითქოს ამოვისუნთქე. როცა პალატაში გადამიყვანეს და ექიმი სანახავად შემოვიდა, ხუმრობითაც ვუთხარი, თქვენ კი არ გეწყინოთ, მაგრამ მგონი, უხელოდ ცხოვრება ცოტა უფრო ადვილია-მეთქი.

მქონდა ის მომენტი, რომ - ხო, ჯანდაბა, მაინც ეგრე მოხდა! - იყო ეს განცდაც, მაგრამ სიცოცხლე რომ უფრო მნიშვნელოვანია, ამაზე ვფიქრობდი. მეორე ოპერაციაზე რომ გაეკეთებინათ ამპუტაცია, ალბათ, ბევრად რთულად გადავიტანდი, მაგრამ იმ სამ თვეში დავინახე, რომ ეგეთი რთულიც არ იქნებოდა, თუ უხელოდ ვიცხოვრებდი. სამაგიეროდ, გადავრჩებოდი და ცალი ხელით გავაგრძელებდი იმის კეთებას, რისი კეთებაც მინდოდა.

ის, რაზეც არ ვსაუბრობთ

ვფიქრობ, რომ სიმსივნეზე და ზოგადად, ამ დიაგნოზზე უნდა ვილაპარაკოთ. მე შევხვდი ისეთ პოზიაციასაც, რომ ''ტეხავს,'' თუ კიბო გაქვს. ეს ხომ არ არის მაგალითად, სიფილისი, რომელიც შენი სულელური საქციელის გამო შეიძლება დაგემართოს, კიბოა, რომელიც უბრალოდ გემართება, ასე გამოდის. იყო შემთხვევა, როცა მითხრეს, კარგი ახლა, ნუ ილაპარაკებ ამაზეო. არსებობს ეს სტიგმა. რატომ არ უნდა ვილაპარაკო?! როდესაც რესურსები მჭირდებოდა და მინდოდა, ამ თემაზე ქართულად წამეკითხა რამე, ვერაფერი ვიპოვე და გადავწყვიტე, თვითონ დამეწყო ვიდეოების ჩაწერა.

როცა ამ დიაგნოზის შესახებ იგებ, შენთან ფსიქოლოგი არ მუშაობს, არც კლინიკებს ჰყავთ. ამ დროს, რეალურად, სიკვდილთან ძალიან ახლოს ხარ და ამაში ვერავინ გეხმარება. მე ჩემი ძალებით, რესურსითა და ჩემი ახლობლების დახმარებით, მოვახერხე ის, რომ თანხა მქონდა და ფსიქოლოგთან დავიწყე სიარული. ქიმიოთერაპიის დროს, თმები ბღუჯებად მცვიოდა და მიუხედავად იმისა, რომ მორალურად თითქოს მზად ვიყავი და ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, ემოციურად ძალიან გამიჭირდა. ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ამაზე საუბარი, რადგან მარტო გადის ამ ყველაფერს. კი, ყველას გვყავს მეგობრები, მაგრამ ხშირად, ეს მეგობრები არ არიან ექიმები და თერაპევტები, რომლებმაც იციან და მოგიყვებიან, რას უნდა ელოდო - თუნდაც ის, რომ ორი თვე თმის ძირები მეტკინებოდა და ბალიშზე თავს ვერ დავდებდი, არავის უთქვამს ჩემთვის. შეიძლება, ექიმისთვის ეს იმდენად უმნიშვნელო ნაწილია, სხვა რაღაცებზე ფიქრობს, ცდილობს, რომ გადაგარჩინოს და ამას არ გეუბნება, მაგრამ ვიღაც შენნაირს თუ დაელაპარაკები და მოგიყვება, რომ იცი რა, თავი გეტკინება და ბალიშზე ვერ დადებ, მერე რაღაცნაირად მზად ხარ ამისთვის. ადვილი არაა, მაგრამ შოკში არ ხარ ამის გამო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თან, ყველას არ ჰყავს ისეთი ადამიანი, ვისაც ამისი მოსმენა შეუძლია, დარწმუნებული ვარ, ძალიან რთულია, როცა ვიღაც ასეთ ამბავს გიყვება და კიდევ უფრო რთული, ამაზე სწორი რეაქციის მიცემაა. არავის უნდა შეეცოდო, რადგან შენ არ გრძნობ თავს საცოდავად, ეს არაფერში გეხმარება. განა ვინმეს ვამტყუნებ, ადამიანებს უჭირთ, ასე მოგიდგნენ. ამ დროს, საკმარისია, მოგისმინონ და გითხრან - ყველაფერი კარგადაა, თუ რამე დაგჭირდა, აქ ვარ. ქიმიოთერაპიის დროს, არაფრის თავი არ გაქვს, ჩვეულებრივი ჟელე ხარ, რომელიც უნდა იდოს, არც ენერგია გაქვს, არც ემოცია, არაფერი გინდა. განა ის რომ, რამეს არ იზამდი, ფიზიკურად სხეული არ მოგყვება და ამისი აღქმა გარშემომყოფებს ცოტა უჭირთ. მეგობრები ხომ ცდილობენ, რომ რაღაცით გაგახალისონ და მხარი დაგიჭირონ, გთავაზობენ, სადმე წახვიდეთ და გაერთოთ, რადგან იმათთვისაც უცხო და უცნობია ეს ყველაფერი. არადა, ამ დროს გირჩევნია, უბრალოდ გვერდით დაგიჯდეს და ისხდეთ იმიტომ, რომ ეგ არის, მეტი არ შეგიძლია.

ჩემი ოჯახის წევრები ომახიანად იყვნენ, რამდენადაც შესაძლებელია, რომ შვილის, დისა და ამდენად საყვარელი ადამიანის მსგავსი დიაგნოზი გადაიტანო. მაგრამ ატყობ, რომ ყველას ჩუმი პანიკა აქვს - უყურებ, გაღიმებული გიყურებს და ამ დროს თავში ჩვეულებრივი პუნიკური ომები აქვს, ბრძოლებს გადის თავისთვის. გინდა უთხრა, რომ გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ფიქრობენ, რომ სჯობს, ამაზე არ ილაპარაკოთ. არადა, უკეთესია, ეს გაზიარებული იყოს და არ ხედავდე ამ ჩუმ პანიკას. მესმის, რომ მათთვისაც რთული აღსაქმელია, მაგრამ ეს ემოცია რომ ჟონავს... მინდა ყველას ვუთხრა, ელაპარაკონ დიაგნოზის მქონე ადამიანებს და გაგიზიარონ თავიანთი ემოციები.

მე მგონია, რომ არცერთი დიაგნოზი არ ''ტეხავს'' და მინდა, ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გაითავისოს. არ ვიცი, ეს თემა როგორ უნდა იყოს ტაბუირებული, როცა ინფორმაციის გავრცელება ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია. ამაზე უნდა ილაპარაკოს ბევრმა და პირველ რიგში, ამაზე უნდა ილაპარაკონ ექიმებმა, საყველპურო ენითა და არა ტერმინებით.

ცხოვრება ერთი ხელით

ყველაზე რთული ასპექტი ამ დიაგნოზში, ჩემი აზრით, სიკვდილთან სიახლოვეა.

უბრალოდ, ვიღაცა მოკვდა ან სადღაც 80 წლის კვდები კი არა, ძალიან ახლოსაა და რეალურია. ამ დროს რაღაცები მნიშვნელობას კარგავს, ან პირიქით – ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ხდება. ახლა სიმსივნე აღარ მაქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ სიკვდილი ძალიან ახლოს იყო, საერთოდ სხვანაირი ქცევებისკენ გიბიძგებს. მაგალითად, უმიშვნელო ხდება ის, რომ მანამდე ძალიან "ჩქარა" ხარ. ჩართული ხარ სამუშაოში, ჰობი, მეგობრების ნახვა... ეს ყველაფერი ძალიან ჩქარა ხდება და ამ სიჩქარეში სიამოვნებას ვეღარ იღებ, კარგად ვერ აღიქვამ მეგობართან ურთიერთობას, კარგავ სიღრმისეულ კავშირებს და ბოლომდე საკუთარი ჰობითაც ვეღარ "კაიფობ." სულ დრო მენანებოდა, საათზე ვცხოვრობდი და განა რამე მოვასწარი?! რომ მკითხო, რა ქენი ამ 30 წელიწადში ასე ჩქარ-ჩქარაო, არც არაფერი - არც ნობელის პრემია მიმიღია და არც რამე გამოგონება მაქვს. ამ სიჩქარემ ჩემს ცხოვრებაში ვერაფერი შექმნა. არავის განვსჯი, უბრალოდ, საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ ეს მორევი "სახეს გვაძრობს."

როგორია ცალი ხელით ცხოვრება – ალბათ, ძალიან სარკასტულად გაიჟღერებს, მაგრამ როგორც ამბობენ, ძაღლი კოჭლობით არ კვდება. ეს რომ მარჯვენა ხელი ყოფილიყო, ორჯერ რთული იქნებოდა, რადგან ჩემთვის მარჯვენა ხელია წამყვანი, მაგრამ ცალი ხელით ცხოვრებაც აბსოლუტურად შესაძლებელია. როცა ფიქსატორი მეკეთა, მაშინაც კი არ დავნებდი და ცალი ხელით სუშის ვახვევდი. მართალია, ძალიან სასაცილო იყო და თავიდან ფეხებამდე მოსვრილი ვიყავი, მაგრამ რომ უნდა გამეკეთებინა, ეს იდეა მქონდა.

ალბათ, ამ დროს ადამიანის შინაგან ომახსაც გააჩნია, შეიძლება, ვიღაც დანებებულიყო, ადამიანები ხომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მე ცოტა მიჭირს იმის გაგება, რაღატო უნდა დანებდე, როცა ცოცხალი ხარ, გადარჩი, მორჩა და ახლა გააგრძელე ცხოვრება. კი, ძნელი იქნება და კი, რაღაცები გაგიჭირდება, მაგრამ... მაგალითად, ახლა კარტოფილს ვერ ვფცქვნი იმიტომ, რომ დაგორავს, ცალი ხელით შეუძლებელი აღმოჩნდა. მაგრამ კარგი, არ შევჭამ ამ კარტოფილს ან თუ ძალიან მომინდა, ვინმეს ვთხოვ, გამიფცქვნას. კიდე კონსერვებს ვერ ვხსნი, ზურგის მოფხანაც ძალიან გაჭირდა. რომ დაფიქრდები, შეიძლება ძალიან საყველპურო რაღაცებს ვერ აკეთებდე, მაგრამ ეგეც მორგებაზეა. არის რაღაცები, რაც მისაჩვევად იყო რთული, მაგალითად, მომიწია ცალი ხელით იმის დასწავლა, როგორ შევიკრა თასმები, ფრჩხილებს დარჩენილ ხელზე ფეხებით ვიჭრი, ლაქს ვისვამ. გამოსავალი სულ არსებობს, ყველაფერი მოხერხებადია, უფრო ის ამბავია, ამას როგორ მიუდგები. ამას წინათ, ძალიან გემრიელი ერბო-კვერცხი მთელ სამზარეულოში იყო მიმოფანტული იმიტომ, რომ მეორე ხელი არ მქონდა, ტაფაზე რომ მომეკიდებინა. ასეთი რაღაცებიც ხდება და კი, ხანდახან ამისგან ძალიან ვბრაზდები, მაგრამ მალევე გადის ეს გაბრაზებაც, რადგან ვხვდები, რომ გავბრაზდი, რა ვქენი ამით, არ მაქვს ეს ხელი... აღარ იქნება ერბო-კვერცხი და სხვა რამეს შევჭამ.

ძალიან დამეხმარა იუმორი. როგორც კი გავიგე, რომ სიმსივნე მქონდა, პირველი რაც ვიხუმრე, იყო - "я роковая женщина." ეს რომ სამსახურში ვთქვი, უფროსმა ამომხედა და ვერ გადაწყვიტა, უნდა გაეცინა თუ უნდა დაძაბულიყო. მერე ყველა შევაჩვიე იმას, რომ შავი იუმორი ძალიან მიყვარს, ზოგადად, ხუმრობა ყველაფერზე "მოსულა" და ამან ძალიან მიშველა. მარტო მე არა, გარშემომყოფებსაც – როცა ხუმრობ, იმას უწყობ ხელს, რომ ყველამ ამოისუნთქოს. ხუმრობა თუ "მოსულა" რაღაცაზე, ის იმდენად მძაფრი და საშიში აღარ არის. რაღაცნაირად ასე მუშაობს ადამიანის ტვინი. თუმცა, ისიც მესმის, რომ ყველასთვის ასე ადვილი არაა. ჯერ კიდევ მაქვს ის განცდა, ექიმთან როცა მივდივარ, აი, ახლა კიდე რამე არ იყოს. ნეკა თითის მყესის ანთება დამემართა და ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ შემეშინდა, რომ აი, ახლა თუ ეს კიდევ დაბრუნდა და ეს ყველაფერი თავიდან უნდა გავიარო. გულის სიღრმეში სულ არის ამისი შიში და ალბათ, რაღაც პერიოდის განმავლობაში კიდევ იქნება. სამომავლოდ პროთეზირებას ვაპირებ. ახლა იმაზე ვფიქრობ ხოლმე, ალბათ, თავიდან უნდა შევეჩვიო, ხელი რომ მექნება.

საზოგადოების დამოკიდებულებას რაც შეეხება, ძირითადად, ძალიან უცნაური ის არის ხოლმე, რომ, მაგალითად, მაღაზიაში კონსულტანტს უკითხავს - "ცალი ხელით ალაგებთ?"- გაოცებული იყო ამით. ასეთი კითხვაც დაუსვამს სრულიად უცხო ადამიანს - "დიდი ხანია ხელი არ გაქვთ?" არ ვიცი, რაში ეხმარება იმ ადამიანს ამის ცოდნა. მე მგონია, რომ როცა ბავშვობიდან გვეუბნებიან - არ შეხედო ადამიანს, რომელიც ეტლით არის, ან ცალი ფეხი აქვს, არ მიაშტერდე და ა.შ. ძალიან ცუდ რაღაცას გვიკეთებენ. ბავშვს უნდა აუხსნა, რომ შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს მეორე ფეხი, აკლდეს ცალი ხელი, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანია და უბრალოდ, რაღაც შეემთხვა. მერე ეს მისთვის აღარ იქნება რამე უცნობი, გაურკვეველი და განსაკუთრებული. რაც შეეხება შშმ პირის სტატუსს, არ მგონია, რომ რამენაირად დამაკნინებელია ეს სტატუსი, სამწუხაროდ, ადამიანებს აქვთ ეგ აღქმა. აქამდეც ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში შშმ პირებისთვის რაღაცები ადვილი არ იყო, მაგრამ როცა შენ თვითონ აწყდები ამას, უფრო წვრილმან დეტალებს ხედავ. მაგალითად, საყიდლებიდან როცა ვბრუნდები, ლიფტის ღილაკზე მიჭერა ბევრად უფრო მარტივი უნდა იყოს. ასევე, ავტობუსში რომ ავდივარ, ხელი რომ მოვკიდო რამეს და თან საფულედან ბარათი ამოვიღო, ჩემთვის ძალიან რთულია. ჩვენი ქვეყანა არაა მორგებული სპეციალურ საჭირობებზე, თან ძალიან.

პროფესია და ჰობი

პროფესიით ქოფირაითერი ვარ, ასევე, ოფროუდერი, მოყვარული ფოტოგრაფი, პარტიზანი მებაღე, ვლოგერი. პრინციპში, რაც მაინტერესებს, ყველაფერს ვარ მოკიდებული.

13 წლიდან ლაშქრობებში დავდიოდი დედაჩემთან ერთად, მერე ოფროუდი იპოვა და ორივე "დავაავადდით" ამით. ეს სახეობა იწყება იქ, სადაც გზა მთავრდება. ჩვენ გვიყვარს ტალახი, გაუვალი ადგილები, წინაღობები, როდესაც უყურებ და ხვდები, რომ ვერ გაივლი, მაგრამ უნდა გაიარო იმიტომ, რომ მთელი მუღამი ამაშია. ექვსი წელია, ოფროუდზე მსაჯი ვარ, თან, ყველაზე ავი მსაჯი იმიტომ, რომ ერთხელ დედაჩემი იყო ერთადერთი ქალი მონაწილე შეჯიბრში და ჩემს მონაკვეთზე ჯარიმა აიღო. ჩემთვის სამართლიანობა პირველი პრინციპია და რომ დავაჯარიმე, მაყურებლებიდან ტიპი მეჩხუბა, ერთი ქალია და ჯარიმას რა სინდისით უწერო. რომ ვუთხარი, დედაჩემია ეგ ქალი-მეთქი, გატრიალდა და წავიდა, რაღა უნდა გელაპარაკოო. შეჯიბრზე ვყოფილვართ თურქეთში, ერთადაც ხშირად გვივლია ოფროუდ ექსპედიციებში. დავდივართ ტყეში, ვიცავთ გარემოს იმ მხრივ, რომ მაგალითად, ჯალამბარი, რომელიც რკინის ტროსია და უნდა მოაბა ხეს, რომ თავი ამოითრიო, ისე ვაკეთებთ, რომ ჯერ დამცავ ლენტს ვუკეთებთ ხეს და მერე ვაბამთ ამ ჯალამბარს, რომ ხე არ დაზიანდეს - ოფროუდში დაუწერელი წესია, რომ ბუნება არ უნდა დააზიანო. ეს არის სერიოზული თავგადასავალი, გუნდის, მანქანის, საკუთარი თავის, გამძლეობისა და ადამიანობის გამოცდა.

ახლაც რალისთვის ვემზადებით, რომელიც ქალების გაძლიერებისთვის ტარდება, თან, საქველმოქმედოცაა იმიტომ, რომ შორეულ სოფლებში წავიღებთ რაღაცებს და იქ მცხოვრებ ოჯახებს ჩავუტანთ. დედა საჭესთან იქნება და მე შტურმანი ვიქნები."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან