"მახინჯი" ვარ ან რამე მსგავსს წერდნენ სოციალურ ქსელში, პირადად და პერსონალურად ვერავინ გამიბედავდა" - კვირის პალიტრა

"მახინჯი" ვარ ან რამე მსგავსს წერდნენ სოციალურ ქსელში, პირადად და პერსონალურად ვერავინ გამიბედავდა"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანი მიროტაძის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ანი მიროტაძე - ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

პარტია - "ლელო საქართველოსთვის"

"პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტიკაში აქტიურად ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ჩავერთე. 18 წლის ვიყავი, როცა სწავლის პარალელურად, ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. ჩემს პროფესიაში ყველა საფეხური გავიარე და თითქმის ყველა პოზიციაზე მიმუშავია - რიგითი კორესპონდენტიდან დაწყებული, ვიყავი მთავარი რედაქტორი, გადაცემის წამყვანი, პროდიუსერი, სააგენტოს ხელმძღვანელი და ა.შ.

ჯერ "ახალ თაობაში" ვმუშაობდი, შემდეგ - ''პირველ არხზე,'' ასევე, ტელეკომპანია "202"-ში. გავაკეთე ახალი ამბების სააგენტო, რომელიც პოლიტიკაში წასვლის შემდეგ გავასხვისე. 2016 წელს, როცა არჩევნებში დავმარცხდი, ისევ ჩემს პროფესიაში დავბრუნდი და საინფორმაციო სააგენტო "2020 ნიუსი" დავაარსე.

2010 წლის ბოლოს, პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე - ''ეროვნული ფორუმის'' ლიდერმა, კახა შარტავამ შემომთავაზა, პოლიტიკაში წასვლაზე ხომ არ იფიქრებდიო. მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმიტომ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც, პრაქტიკულად, მთელი პოლიტიკური ველი მოსწორებული იყო – ''რვიანის'' ფორმატიც, ოპოზიციის ფორმატი, ყველაფერი დაშლილი იყო, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა განცდა, რომ მესამე ვადით მოიგებდა არჩევნებს. ასეთ სიტუაციაში მივიღე გადაწყვეტილება, წავედი პოლიტიკაში და "ეროვნულ ფორუმს" შევუერთდი.

ჩემი გარემოცვისთვის - ახლობლებისა და მეგობრებისთვის, ეს ძალიან მოულოდნელი ნაბიჯი იყო იმიტომ, რომ მაშინდელი პოლიტიკური მდგომაროება გარედან ძალიან უპერსპექტივო ჩანდა. თუმცა, ეს ყველაფერი, 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით შეიცვალა. შემდეგ კოალიცია შეიქმნა, ჩვენ ვიყავით კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი სუბიექტი პარტია. ამდენად, "ეროვნული ფორუმის" კვოტით, კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიული სიით, საქართველოს 2012-2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გავხდი, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და იურიდიული კომიტეტის წევრი ვიყავი. ის ოთხი წელი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენ მოქმედებისთვის ბევრი შესაძლებლობა არ გვქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციის ფორმატში მაშინ ბევრად მეტი მოვახერხეთ, ვიდრე ამ პარლამენტმა, რომელიც ჩვენ შემდგომ შეიკრიბა და სადაც განსხვავებულ აზრს კი არა, საერთოდ არაფერს აღარ აფიქსირებენ ადამიანები. ჩვენს დროს, უკვე 2015 წლიდან, ისეთი უხეში ფორმებით გამოხატული კონტროლი და შეზღუდვა იყო, უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. პოლიტიკურ მომავალთან და ზოგადად, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხედვებში, იმდენად დიდი სხვაობა იყო, ცოტა თავმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა თუ გქონდა შენი ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე, ამ კოალიციაში ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, ამის არცერთი შანსი არ დაგვიტოვეს, მათთან ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო.

ეს გადაწყვეტილება 2015 წლის ბოლოს მივიღეთ - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩაგვეტარებინა. როდესაც პირადად მე შევახსენე მმართველ გუნდს ამ დაპირების შესახებ, ისე შეცვალეს ყველაფერი და ისეთი გაოცებულები იყვნენ - რას ლაპარაკობ, რა პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება, მერე რა, რომ ხალხს დავპირდითო. მაშინ, ჩვენ ჩვენი გზით წასვლა გადავწყვიტეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2016 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, მმართველ პარტიას კატეგორიულად არ უნდოდა, ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. სხვა საკითხებთან ერთად, ჩემთვის მთავარი წყალგამყოფი ეს საკითხი იყო. მაშინაც ვიბრძოდი ამისთვის, რადგან ეს სისტემა უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანია და პოლიტიკურ პროცესს ბევრად უკეთესად ასახავს, თუმცა ამაზე შარშანაც ბევრი იომეს, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. მათთვის ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ შეიძლება ვინმეს გაუნაწილონ ხელისუფლება.

მე არ ვიქნები მართალი, რომ ვთქვა, ჩემი გენდერის გამო, რაიმე პრობლემა შემქმნია პოლიტიკაში-მეთქი. შესაძლოა, მოწინააღმდეგე ბანაკიდან ყოფილა სხვადასხვა ეპითეტით შემკობა, რომ "მახინჯი" ვარ ან რამე მსგავსს წერდნენ სოციალურ ქსელში, თორემ პირადად და პერსონალურად ამას ნამდვილად ვერავინ გამიბედავდა. 10 ბალიანი სისტემა რომ ავიღოთ, მე როგორც ქალს, შემექმნა თუ არა პრობლემა პოლიტიკაში, ვიტყვი რომ არა, მაგრამ 2 ბალს მაინც მივანიჭებ ბარიერს. თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქალების მიმართ არ არის და არ იყო დისკრიმინაციული დამოკიდებულება, ან ამას ვერ ვხედავდი, ან ახლა ვერ ვხედავ. მაგრამ მე მაქვს ჟურნალისტური გამოცდილება და საკუთარი თავის პოზიციონირება ვიცი, ალბათ, ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები მეხმარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ არის უარყოფითი განწყობა ქალი პოლიტიკოსების მიმართ, მაგალითად, შეიძლება გაგლანძღონ იმის გამო, რომ პირობითად, გაცვია ვარდისფერი პიჯაკი, რასაც, რასაკვირველია, არასოდეს იტყვიან მამაკაცზე. ან ვიღაცას არ უვარგა პარამეტრები და აკრიტიკებენ, თუ რატომ აცვია შარვალი. ჩემ მიმართ არა, მაგრამ სხვების მიმართ გამიგონია ძალიან ბევრჯერ დამცინავი ეპითეტები ჩაცმასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ, ჩამორჩენილობის ნიშანია.

ეჭვი არ მეპარება, რომ შესაძლოა, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემთხვევები ბევრი ქალისთვის გახდა ბარიერი, პოლიტიკაში მოსასვლელად რომ არ ეაქტიურათ და საკუთარი ძალები არ მოესინჯათ და მგონია, რომ ეს ყველაფერი ამაზეც იყო გათვლილი - ერთი, რომ ეს არის პერსონალური ანგარიშსწორება და მეორე, ეს იყო მკაფიო მესიჯი სხვა აქტიური ქალების მიმართ - "არ გაბედოთ და არ იყოთ ურჩები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პირადი ცხოვრება თქვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული." ეკა ბესელიას შემთხვევის დროს, ყველა შესაძლო სივრცე გამოვიყენე, ეს შანტაჟი რომ დამეგმო და სოლიდარობა გამომეცხადებინა მის მიმართ, გამოვხატე მზადყოფნა, რომ თუ ჩემი გვერდში დგომა საჭირო იქნებოდა, ვიდგებოდი მის გვერდით. საჯარო სოლიდარობის გარდა, სადაც შესაძლებლობა მომეცემა, ყველგან ვიბრძვი, რომ არ მოხდეს ადამიანების დისკრიმინაცია.

პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟების წინააღმდეგ, შეიქმნა პოლიტიკოსი ქალების გაერთიანება, რომელსაც სიამოვნებით შევუერთდი და ნებისმიერი ღონისძიება ჩემთვის მისაღები იქნება, სადაც ადამიანები კიდევ ერთხელ, მეათედ და მეათასედ დააფიქსირებენ, რომ არავის აქვს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევისა და მისი გამოყენების უფლება. აქედან გამომდინარე, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გამოვხატავ სოლიდარობას ამ საკითხზე, რადგან დავიცვათ ის ქალები, რომლებზეც ამ სახით ხდება თავდასხმა და მეორე, იმ ქალებს, რომლებსაც აქვთ აქტიურობის სურვილი, მივცეთ ამის შესაძლებლობა და ვუთხრათ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით. ჩემი თაობის ქალებს, ჩემნაირ ქალებს, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავის დამკვიდრების საკითხი გვიდგას, ასევე, გზა გვაქვს გასაკვალი იმ ქალებისთვის, რომლებსაც საზოგადოებრივი აქტიურობა სჭირდებათ, მაგრამ არ ჰყოფნით გამბედაობა. ამიტომ, მათ უნდა ვაჩვენოთ გზა ჩვენი პირადი მაგალითებით, როგორ ვიაროთ წინ და როგორ გადავლახოთ ბარიერები.

აღსანიშნავია, რომ უფრო მეტი ქალი ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, ვიდრე კაცი. ზოგადად, ქალი უფრო მეტად ცდილობს, არჩევნებზე იაქტიუროს და ხმა მისცეს. მე ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მან ყველაზე უკეთ იცის, რატომ აქვს თავის ოჯახს, შვილებს პრობლემები, სად რა არის გამოსასწორებელი. მე ვფიქრობ, ქალი უფრო ახლოს არის იმის გააზრებასთან, რა შეიძლება იყოს უკეთესი ამ ქვეყნის მომავლისთვის. ასევე ვფიქრობ, რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მით მეტად იქნება საუბარი ქალების, ბავშვების, მოხუცების, უმცირესობის საჭიროებებზე, რა პრობლემები გვაქვს განათლებაში, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, რა პრობლემებია მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირებით. ამაზე კაცები არ ლაპარაკობენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათმა უმეტესობამ, ეს არ იცის. რაც მეტი ქალი იქნება პარლამენტში, მით მეტი გარანტია იქნება, რომ რასაც ის ხელს მოკიდებს, ის საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სოციალური პრობლემა გვაქვს, რაც მე ყველაზე მეტად მაწუხებს და ეროვნული დონის ამოცანა მგონია, ეს არის განათლების სისტემის ძირფესვიანი რეფორმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ გვექნება სახელმწიფო. ახლა, 45 წლის ასაკში, კიდევ ერთხელ, აქტიურად იმისთვის შემოვდივარ პოლიტიკაში, რომ მთავარი აქცენტი განათლებაზე გავაკეთოთ."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან