"დაჯარიმებული" ბედნიერება - კვირის პალიტრა

"დაჯარიმებული" ბედნიერება

ბოლო ხანს იმდენი საშინელების შესახებ იბეჭდება, რომ გადავწყვიტე ერთი სახალისო ამბავი მოგითხროთ.

ალბათ, შეგიმჩნევიათ შავ უნიფორმაზე ყვითელზოლმიხატული კონტროლიორები, რომლებიც ავტობუსებში მკაცრი სახით ამოდიან და მგზავრების კეთილსინდისიერებას შეძენილი ბილეთებით ამოწმებენ. ამიტომ ავტობუსებში სულ ჩოჩქოლია. ვინც ამ ტრანსპორტით ხშირად მგზავრობს, მსგავსი დიალოგები გაგონილი ექნება:

- წარმოადგინეთ ბილეთები!

- არ მაქვს!

- მაშინ ჩამობრძანდით დაბლა და იქ ვილაპარაკოთ.

- რა მაქვს შენთან სალაპარაკო?

- ჯარიმა უნდა გამოგიწეროთ.

- ჩემი ბრალია, რომ ამ გაჭედილ ავტობუსში სალარომდე ვერ მივაღწიე?

- უნდა გადაგეწოდებინათ, ნუღარ მეკამათებით, ჩამობრძანდით დაბლა!

და აი, ამ წუთიდან იწყება მთავარი... მგზავრი ჯერ კონტროლიორს ლანძღავს, მერე მძღოლს, ბოლოს, ხელისუფლებას. ძირს მაინც არ ჩადის და დაკუჭულ ხუთლარიანს ესვრის "გამომძალველს". ისიც იმავე ხერხით უკან უბრუნებს ფულს და ჯარიმას მაინც უწერს... რაღა ბევრი გავაგრძელო და ეს ხუთი ლარი თუ განსაზღვრულ დროში არ გადაიხადა დაჯარიმებულმა, მალე ათმაგდება, თანხის ამოღება კი იმ უბნის რწმუნებულს ევალება, სადაც ურჩი მგზავრი ცხოვრობს.

ეს ყველაფერი იმისთვის გიამბეთ, რომ თქვენც არ გაეხვიოთ შარში, როგორც ეს ამ წერილის გმირს მოუვიდა; თუმცა 28 წლის ნინის შარი ხეირად ექცა...

ნინიმ სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა. ერთხანს მშობლიურ ქუთაისში მუშაობდა, მაგრამ როცა სიყვარულში ხელი მოეცარა, ვეღარ გაჩერდა იქ. მისი მეგობრები კარგა ხანია თბილისში იყვნენ და ნინი იხმეს - ოროთახიანი ბინა გვაქვს თბილისის ცენტრში დაქირავებული, შენც ჩვენთან იცხოვრე და ქირა სამად გავიყოთო. თან სამუშაოსაც ჰპირდებოდნენ. ბევრი აღარ უფიქრია ნინის და მალე მეგობრებს მიადგა.

მართლაც იშოვა ექთანის ადგილი და ჩაება თბილისურ ორომტრიალში... ერთადერთი ის აწუხებდა, რომ გადააბიჯა გასათხოვარი ქალის ასაკს, მაგრამ მისი მეგობრებიც ხომ ცალად დადიოდნენ. მაშ, ჯერ მთლად ცუდად არ იყო  საქმე.

ნინი სამსახურამდე ავტობუსით დადიოდა. შეძენილი ჰქონდა სამგზავრო ბარათიც, მაგრამ ბედად, მაინცდამაინც იმ დღეს გამოელია ანგარიში. ამას მაშინ მიხვდა, როცა ბილეთი ვეღარ მოხია. "არა უშავს, ვინმე ამოვა და ორლარიანს დავახურდავებ", - გაიფიქრა და სალაროსთან ახლოს ჩამოჯდა. გაჩერებებზე მგზავრები დაემატნენ, მაგრამ არც ერთს არ აღმოაჩნდა ხურდა. რამდენიმესგან უარი რომ მიიღო, თავი აღარ გამოუდვია, კონტროლიორიც არ ჩანდა და დამშვიდდა... საავადმყოფომდე ორი გაჩერება იყო დარჩენილი, კონტროლიორები რომ ამოვიდნენ და დაიძახეს, - ბილეთებიო, ძარღვებში სისხლი გაეყინა ნინის. ერთ-ერთი მიუახლოვდა. ნინიმ რკინის ორლარიანი დაანახა და საწყლად გაუღიმა, - რა ვქნა, ვერ დავახურდავეო...

- ჩამობრძანდი დაბლა და პირადობის მოწმობაც მომეციო. ნინი არ დაემორჩილა, - ახლა ვერ ჩამოვალ, სამსახურში მაგვიანდება, გამომყევი კიდევ ორი გაჩერება და მერე გამიფორმე ჯარიმაო... მოკლედ, თავის გაჩერებაზე ჩასულმა ნინიმ დამცინავი ღიმილით მიაწოდა კონტროლიორს პირადობის მოწმობა. უნდოდა იქვე გადაეხადა ხუთი ლარი, მაგრამ დამჯარიმებელმა არ გამოართვა, - მაგის უფლება მე არ მაქვს, მიბრძანდებით პოლიციაში ან რომელიმე ბანკში და იქ გადაიხდითო...

სამი დღე იქოთქოთა ნინიმ ჯარიმის გამო. ყველას უყვებოდა, როგორი ცივსისხლიანები არიან "სადამსჯელო რაზმის" წევრები, ბოლოს, დაიღალა და ეს ამბავიც მიავიწყდა.

ერთი თვის შემდეგ დედამ დაურეკა ქუთაისიდან - 50-ლარიანი ჯარიმის ქვითარი მოგვივიდაო. ისევ აქოთქოთდა ნინი, - ეს უნამუსოები 50-თეთრიანი ბილეთის გამო ამხელა თანხით როგორ მაჯარიმებენო... ვერაფერს დამაკლებენ, არაფერზე იდარდოო.

ერთი კვირის შემდეგ კვლავ დაურეკა დედამ, ამჯერად ძალიან განერვიულებულმა - აღმასრულებელი იყო მოსული. ასე თქვა, თუ დროზე არ გადაიხადა, ურჩობისთვის მკაცრად დაისჯებაო... ნინიმ ორი დღით გაითავისუფლა თავი სამსახურიდან და ქუთაისს მიაშურა. აღმასრულებელი 30 წლის უცოლო კაცი აღმოჩნდა. აღშფოთებული ნინი, რომ იტყვიან, ცოფებს ყრიდა. გაცეცხლებულმა ვინ იცის, რა აღარ უთხრა კაცს. მერე, 50-ლარიანი მაგიდაზე დაუგდო დიტოს და თავაწეული გამოვიდა გარეთ.

იმ დღის შემდეგ დიტომ მოსვენება დაკარგა... კიდევ მოუნდა ნინის ნახვა, მაგრამ როგორ მოეხერხებინა ეს, ჯერ არ იცოდა. კარგა ხნის ტვინის ჭყლეტის მერე მოიფიქრა - 500-ლარიანი ჯარიმის ყალბ ქვითარს გავუგზავნი შინ, დედამისი ისევ გამოიძახებს ქალიშვილს, ისიც ჩამოვა, კვლავ მომაკითხავს და მერე ავუხსნი ყველაფერს, ეგებ ჩხუბით დაწყებული ურთიერთობა ბედნიერებით დაგვირგვინდესო... ქვითრის მიღებისთანავე დედამ შვილს "შემზარავი ამბავი" შეატყობინა. ნინი ისევ გაემგზავრა ქუთაისში და  გაცეცხლებული აღმასრულებელს მიეჭრა.

- თქვენ გიჟები ხომ არ ხართ? - შეტევაზე გადავიდა ნინი.

- ნინი, დამშვიდდი, ეს ყველაფერი მე მოვიგონე, კიდევ ერთხელ რომ მენახე და მეთქვა ის, რაც აქამდე არავისთვის მითქვამს, - მშვიდად მიუგო დიტომ. ნინი გაშეშდა. მისი სიჩუმით ისარგებლა ვაჟმა: - მე შენ ერთი ნახვით შემიყვარდიო!

ნინის თითქოს თბილმა ტალღამ გადაუარა და გაოცებისაგან ადგილზე გაშეშდა.

როგორ ფიქრობთ, რით დასრულდა დაჯარიმებების სერია?.. მიხვდით, არა? დიახ, ჯვრისწერითა და ლაზათიანი ქორწილით.

აი, ასე ექცა ნინის შარი ხეირად.

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი.

გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.

წერილები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ, როგორც საიტზე (კომენტარების გრაფაში), ასევე "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობითაც.