"ბევრი გამამტყუნებს, ასეთი ქმარი შინ როგორ შემოუშვიო, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ბევრი გამამტყუნებს, ასეთი ქმარი შინ როგორ შემოუშვიო, მაგრამ..."

"შინ მოვიდოდა, ორიოდ ლუკმას გადაყლაპავდა და კლავიატურას მიუჯდებოდა. ფეხბურთიც კი აღარ აინტერესებდა. იმეგობრებდა ქალებს და ამბობდა, სანამ ცოლს შევირთავდი, ინტერნეტი მანამდე რომ ყოფილიყო, უცოლო დავრჩებოდიო"

როგორ დავიბრუნოთ მოღალატე ქმარი? ზოგიერთი ამ კითხვას არ დასვამს და როგორც კი ქმრის ღალატს შეიტყობს, ოჯახს ანგრევს, შესაძლოა, სამაგიერო ღალატით გადაუხადოს. ნინომ კი...

ნინო ლ-ძე: - სოციალური ქსელი ახალი ხილი იყო, ჩემი ქმარი რომ ინტერნეტსივრცეს მიეჯაჭვა. იმეგობრებდა ქალებს და ამბობდა, სანამ ცოლს შევირთავდი, ინტერნეტი მანამდე

რომ ყოფილიყო, უცოლო დავრჩებოდიო. მალე ჩვენს ოჯახს ბზარი გაუჩნდა. ლევანი შინ მოვიდოდა, ორიოდ ლუკმას გადაყლაპავ და და კლავიატურას მიუჯდებოდა. ფეხბურთიც კი აღარ აინტერესებდა. ჩემი საყვედურები ყელში რომ ამოუვიდა, დაგვიანება დაიწყო. ერთ ღამეს საერთოდ არ დაბრუნდა. დილით დავურეკე. გამოუძინებელი ხმით მიპასუხა, - ოფისში დავრჩი, საქმე მქონდა დასამთავრებელიო და ტელეფონი გამითიშა. მალე შინ მოუსვლელობა ჩვეულებად ექცა. დამატებით სამუშაოს ვიღებ ბავშვების კეთილდღეობისთვისო, - იმართლებდა თავს.

- მართლა ოფისში რჩებოდა?

- არა, მაგრამ შემოწმებას ხომ ვერ დავიწყებდი. ერთხელ, გვიან, მისმა უფროსმა მოიკითხა სახლის ტელეფონზე. ოფისში უნდა იყოს-მეთქი. მობილური გამორთული აქვს და ოფისში არ არისო.

სანამ "ფეისბუკს" მიეჯაჭვებოდა, მის ცხოვრებაში მხოლოდ მე ვიყავი. საინტერესოდ ვატარებდით უქმეებს. ვზრუნავდით ბავშვების გართობაზე, ერთმანეთზე, მეგობრებს ვიწვევდით...

- მეგობრები არ ეკითხებოდნენ ცვლილების მიზეზს?

- მათაც პასუხობდა, ვმუშაობო, მაგრამ მისი უფროსის მოულოდნელმა ზარმა გამოააშკარავა, რომ არ არსებობდა არანაირი დამატებითი საქმე, გარდა დამატებითი ვალდებულებებისა ერთი ქალის მიმართ, რომელიც არ დასჯერდა ლევანთან ინტერნეტით ურთიერთობას, გამოიყენა მისი სუსტი ნებისყოფა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შვილიც გაეჩინა.

იმ საღამოს, უფროსმა რომ მოიკითხა, მის მობილურზე დავრეკე. ტელეფონს კარგა ხანს არავინ იღებდა, ის იყო, უნდა გამეთიშა, რომ ქალმა მიპასუხა, დაბნეულობისგან ძლივს ამოვღერღე ჩემი ქმრის სახელი. იმ ქალმა კი მშვიდად მომიგო, ლევანი ბავშვს აძინებსო და ტელეფონი გამითიშა.

ყელი გამიშრა, მეგონა, მოვკვდებოდი და ვერ მოვახერხებდი, რომ თუნდაც უკანასკნელად მეკითხა ჩემი ქმრისთვის, ასე რატომ მომექცა.

- როგორ დაიბრუნე ქმარი?

- სიმშვიდით. ლევანს ეგონა, ცეცხლის კალოში გავატარებდი.

- აიტანე ეს ყველაფერი?

- სხვა რა გზა მქონდა? ვგრძნობდი, რომ ბავშვი აბამდა ჩემს ქმარს იმ ქალთან, თორემ ის დიდხანს ვერ შეძლებდა მის შენარჩუნებას. იმ სატელეფონო ზარის შემდეგ ერთი კვირა არ გამოჩენილა. ერთ საღამოსაც ჩემი მოღალტე ქმარი მოვიდა და მეც ნება დავრთე შინ შემოსულიყო, სახეზე სასოწარკვეთა ეწერა, - სისულელე ჩავიდინე და არ ვიცი, როგორ გამოვასწორო, გართობა ძვირად დამიჯდა. კიდევ ერთი შვილი მყავს, რომელსაც შენნაირი დედა არ ჰყავსო. ცეცხლი მომეკიდა, მინდოდა სილა გამეწნა და სამუდამოდ ამეკრძალა ჩვენს შვილებთან მიახლოება, მაგრამ საოცრება ამომხდა: ბავშვი მოიყვანე, გააცანი და-ძმა-მეთქი.

ამის შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ლევანი ისევ ჩემი ერთგული ქმარია. სათოფეზე არ ეკარება სოციალურ ქსელებს, არც იმ ქალს, მხოლოდ ბავშვის წამოსაყვანად მიდის ხოლმე. ის კი ისეთი უნამუსოა, შეუძლია თვეობით დატოვოს თავისი შვილი ჩვენთან და თვითონ უცხოეთში იმოგზაუროს. მეც მეცოდება პატარა და დედობრივ სითბოს არ ვაკლებ. ვიცი, ბევრი გამამტყუნებს, განმსჯიან, ასეთი ქმარი, თან სხვისი შვილით შინ როგორ შემოუშვი, ეგ კიდევ გაგიბედავს ღალატსო. ვინც რა უნდა ის თქვას, დრომ მიჩვენა, რომ სიმშვიდის წყალობით ოჯახი შევინარჩუნე.

სოფო გამრეკელი