სიყვარულისთვის რისკი გამართლებულია... - კვირის პალიტრა

სიყვარულისთვის რისკი გამართლებულია...

კარგად მესმის იმ ბიჭისა, რომელმაც გარიგებით არ ისურვა ცოლის მოყვანა ("კვირის პალიტრა" #9). სიყვარული ხომ ამოუხსნელი გრძნობაა, კარგსაც გააკეთებინებს კაცს და თურმე ავსაც...

ამას ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით ჩადენილი დანაშაულებებიც მოწმობს. არც ერთს არა აქვს გამართლება, ფაქტია, რომ უბედურება მოხდა. თქვენი წერილის გმირმა კი მხოლოდ ის "დააშავა", რომ საუნაში გაცნობილი ქალი შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა. არაერთხელ უთქვამთ, სიყვარული ბევრჯერ მოდისო, მაგრამ კაცს, რომელსაც 30 წლამდე არავინ შეჰყვარებია, მას ბევრჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ შეუძლია სიყვარული. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია, "ინგლისში განათლებამიღებულმა" ძლივს მოსული გრძნობა რომ არ უარყო...

ან განათლება რა შუაშია? სიყვარული უკიდეგანოდ განათლებულსაც შეიძლება ესტუმროს და გაუნათლებელსაც. ეს წერილი რომ წაიკითხეს, ზოგმა თქვა, გაგიჟებულა ის უბედური, საუნის ქალი რამ მოაყვანინა, აწი ნახოს, რა დღეს აწევსო. მე იმ უმცირესობაში აღმოვჩნდი, რომელმაც გაამართლა გუგა. მეტსაც გეტყვით, შეიძლება იმ ქალმა უფრო მეტად უერთგულოს და სანაქებო მეუღლეც დადგეს, ვიდრე პატიოსანი სახელის მქონე გოგონამ. სიყვარულისთვის ნებისმიერ სარისკო ნაბიჯს ვამართლებ, დანაშაულის გარდა და მიმაჩნია, ისეთი ადამიანები, რომლებიც სიყვარულის გამო უკან არ იხევენ, დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

ტ. ტ.