"პირველი ქმრის შემდეგ დავიფიცე, მსგავს სისულელეს აღარ ჩავიდენ-მეთქი, მაგრამ..."
"პირველი ქმრის შემდეგ დავიფიცე, მსგავს სისულელეს აღარ ჩავიდენ-მეთქი, მაგრამ..."
ზოგჯერ ჩვენივე შეცდომა გვასწავლის, შემდგომში როგორ აღარ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ზოგჯერ კვლავ იგივე მეორდება და ამ დროს "მთავარ დამნაშავეს" სხვაგან ვეძებთ. ასე დაემართა ერთ მშვენიერ ქალბატონს. - პირველი ქმრის შემდეგ დავიფიცე, მსგავს სისულელეს აღარ ჩავიდენ-მეთქი. მაგრამ მარტოობის შემეშინდა და კვლავ დავუჯერე კაცს, რომელსაც, მეგონა, რომ თავდავიწყებით ვუყვარდი. არადა აღმოჩნდა, რომ მან უზრუნველი ცხოვრების გამო შემირთო ცოლად. ერთი სიტყვით, ბედნიერებამ ჩემთვის ვერ "მოიცალა", - მიყვება ჩემი რესპონდენტი.

- 17 წლის ვიყავი,
თაზო რომ გავიცანი - ჩემი მეზობლის სოფლელი ნათესავი. არ დამავიწყდება ის დღე, როცა გავიცანი. ისე მომჩერებოდა, თითქოს გოგოს პირველად ხედავდა. უნებურად სიცილი წამსკდა. მოკლედ, შემიყვარდა და სკოლის დამთავრებისთანავე ცოლად გავყევი. ოჯახში ჩვეულებრივად მიმიღეს - თითქოს ცოლი და ახალი წევრი კი
არა, მათ შვილს ლეკვი მიეყვანოს
შინ. არაფერი შევიმჩნიე, ყველას თან ვყვებოდი. სამი მული მყავდა და ერთიც პატარა მაზლი. უფროსი გათხოვილი იყო. როცა ის გვეწვეოდა ხოლმე, დედამთილს პატარა ოთახში გადმოვყავდით მე და თაზო, სიძე-ქალიშვილს პატივისცემით ეპყრობოდნენ, მე კი აბუჩად მიგდებდნენ. ერთხელ ყური მოვკარი, მეზობლებს ეუბნებოდა: - ლაწირაკმა გოგომ ჩემს არწივივით ბიჭს თვალი რომ მოჰკრა, ჭკუა დაკარგა და უკან გამოეკიდაო... მეტი რა უნდა, ამისთანა ქმარი ჰყავს, თუ შეიფერებს, ხომ კარგი, თუ არადა, კარი ფართოდ გამიღიაო. კვლავ არაფერი მითქვამს მისთვის, არც წყენა გამომიხატავს, მაგრამ იმ ღამეს იმდენი ვიტირე, თვალები დავისიე. მალე გოგონა შეგვეძინა. ამაზედაც ცხვირი აიბზუეს, - ბიჭი გვინდოდაო.

თაზო არსად სწავლობდა, მუშაობაც ეზარებოდა. რამე რომ დამჭირდებოდა, დედაჩემს ვთხოვდი. ვგრძნობდი, მათთან დიდხანს ვერ გავჩერდებოდი - ვერ მიტანდნენ. ბოლოს, დედას გამოვუტყდი, ვეღარ ვძლებ აქ-მეთქი. კიდევ კარგი, დედა გვერდით დამიდგა. ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა და შინ დავბრუნდი.
მერეღა მოვიცალე სწავლისთვის. უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. წარმატებით დავამთავრე და იქვე დამტოვეს სამუშაოდ. აბიტურიენტებსაც ვამზადებდი, თან სადისერტაციო ნაშრომზე ვმუშაობდი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საზოგადოებაში ჩემი ადგილი დავიმკვიდრე.

გავიდა წლები. ჯერ დედა გარდამეცვალა, მერე მამა. ქალიშვილს თავისი გზა ჰქონდა. მყავდა მთხოვნელები და თაყვანისმცემლები. მარტო დარჩენისა შემეშინდა და ერთ-ერთ ყველაზე თავგამოდებულ თაყვანისმცემელს ცოლად გავყევი. მოგვიანებით მივხდი, რომ ლევანი თაზოს მივამსგავსე და ამიტომაც გავყევი... თაზო ვერა და ვერ დავივიწყე. თუ რამეს მივაღწიე, ესეც მისი "დამსახურება" იყო, მინდოდა, რომ მას გაეგო ჩემი წარმატებები და ენანა ჩემთან დაშორება... დამავიწყდა მეთქვა, მან მალევე შეირთო ცოლი და იმასაც მალე გაშორდა.
ლევანი ცოლგაყრილი იყო, ორი შვილი ჰყავდა. მინდოდა მის შვილებზე მეზრუნა, მაგრამ შევატყვე, არ სიამოვნებდა. მიხვდა, რომ ეს მაოცებდა და მითხრა, - შვილებს რამდენჯერაც რამე გავუკეთე, ცოლყოფილმა მაინც ყველაფერი დამაყვედრა, ამიტომ სურვილი აღარაფრის მაქვსო.

გავიდა დრო. ლევანმა ისეთი ხასიათი გამოაჩინა, თავბედი მაწყევლინა. საკუთარ თავზე იყო უსაზღვროდ შეყვარებული, მე კი დამცინოდა, მამცირებდა. ურთიერთობა რომ დაიძაბა, ბინის გაყოფაც კი მომთხოვა. რას მიყოფ, რა მოგიტანია ან რა გაგიკეთებია-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა: ჩემისთანა კაცის ცოლი რომ იყავი, ეგ არაფერიაო? მე რომ შენთვის ხელი არ შემეწყო, რას გააკეთებდიო. ერთხელ, ისე გამომიყვანა წონასწორობიდან, რომ თავი მოვიწამლე. გონს რომ მოვედი, პალატაში ვიწექი, ჩემი ქალიშვილი თვალცრემლიანი თავზე მადგა. თავი შემზიზღდა - ვიღაც ამპარტავანი, პრეტენზიული კაცის გამო შვილს ვაობლებდი. დიდი ბრძოლა დამჭირდა, მეორე ქმარს რომ გავყროდი.

გული მწყდება, რომ ბედნიერებას ვერ ვეღირსე, არადა ნიჭიერიც ვიყავი, შრომისმოყვარეც და ლამაზიც. გარეგნული ხიბლი წლებს გაჰყვა, ახლა კი მხოლოდ სიმშვიდეზე ვფიქრობ, სხვა აღარაფერი მინდა.

მიმი
06 ნოემბერი 2020 12:19
თქვენ ხართ ბედნიერი რადგან გყავთ შვილი მამაკაცში ბედნიერება არ არის რადგან მათი უმრავლესობა სამწუხაროდ კარგად ვერ აცნობიერებს ცხოვრების ნიუანსებს ძალიან ბევრ რამეს თავისით ვერ ხვდება ალბათ არიან რათქმაუნდა კარგებიც მაგრამ იშვიათად კაცის გარეშეც არის ბედნიერება შვილში მეგობრებში და ახლობელ საყვარელ ადამიანებშიც

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები