თავნება გოგოს ინტრიგები - კვირის პალიტრა

თავნება გოგოს ინტრიგები

"ჩემი ახალგაზრდობისას გოგონები ყოველთვის ცდილობდნენ, ბიჭებს შორის ქიშპი გაენელებინათ და მშვიდობა ჩამოეგდოთ. დღევანდელების საქციელი კი ძალიან აღმაშფოთებელია. ამ ბოლო წლებში ბევრი უბედურება დატრიალდა გოგონების წაქეზებით. ვინ მოთვლის, რამდენმა დედამ ჩაიცვა შავი. ჩვენი ლევანიც შეყვარებულის მსხვერპლი აღმოჩნდა", - მითხრა რედაქციაში მოსულმა ქალბატონმა და თავისი ოჯახის სადარდელი მიამბო...

მშობლები რომ გარდაიცვალნენ, ელისო და ფატი 17-14 წლისანი იყვნენ, თამარი - შვიდისა. ერთხანს მამიდა პატრონობდა, მერე ისიც გარდაიცვალა და დარჩა სამი და მარტო.

ელისოს და ფატის უმცროსი დის ბედნიერების გარდა არაფერი აინტერესებდათ. როცა თამარს 23 წლის ასაკში კარგი საქმრო გამოუჩნდა, უზომოდ გაიხარეს. ერთ წელიწადში ლევანიკოც გაჩნდა. დეიდები ცივ ნიავს არ აკარებდნენ პატარას.

3 წლის შემდეგ თამარის ქმარი, რევაზი ავარიაში დაიღუპა. დაქვრივებული თამარი და დაობლებული ლევანიკო დეიდებმა თავისთან გადმოიყვანეს, თამარის ბინა კი გააქირავეს. ელისო მათემატიკაში ამზადებდა მოსწავლეებს, ფატი - ინგლისურში, დას და დისშვილს არაფერს აკლებდნენ, მერე თამარს სამსახურიც უშოვეს ერთ-ერთ სასწავლებელში, ცხოვრებაც ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა.

ლევანიკო დედის და დეიდების დამჯერი 12 წლამდე იყო. მერე თანდათან "აუშვა". დეიდები ამას გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. თამარი ყველაფერს უფრო მშვიდად აღიქვამდა, თან იმედიანადაც იყო - დეიდები ცხრაპირ ტყავს გაიძრობდნენ და დისშვილს არაფერს გაუჭირვებდნენ. მალე გაიგეს, რომ ლევანს თავისი კლასელი ნინიკო შეჰყვარებოდა. გოგონა გარეგნობით არ იყო დასაწუნი, კარგი მოსწავლეც იყო, მაგრამ ცოტა თავნება გახლდათ და ეს ერთი თვალის შევლებითაც ჩანდა. მას ბევრი ბიჭი დასდევდა და 14 წლის გოგო ამით ამაყობდა.

მან ლევანი ირჩია და შეყვარებული ბიჭიც ჭკუაზე არ იყო, რას არ აკეთებდა მის გამო. ნინოს უთქვამს მისთვის: ხომ გაგიგონია, "სჯობს, საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონიაო". ჰოდა, მუდამ რომ მომწონდე და შენზე გული არ ავიცრუო, უნდა მიჩვენო "საგმირო საქმენიო". ეს ამბავი დეიდებმა ლევანის თანაკლასელი გოგონებისგან გაიგეს. ბრაზობდნენ და უკვირდათ კიდეც, ამ თითისხელა გოგოს რამხელა პრეტენზიები აქვსო. ერთხელ, ბიჭი გვერდით მოისვეს და აღმზრდელობით საკითხებზე ლექცია ჩაუტარეს (ლევანი ასე ეძახდა დეიდების საუბრებს). ბიჭი ძალიან გაბრაზდა, - უდიერად როგორ მოიხსენიეთ ნინიკოო. თამარმა კი დები დაამშვიდა, - რა დაგემართათ, ბიჭი შეყვარებულია და რაღას უჩიჩხინებთ, გავა დრო, გაუნელდება და სხვას იპოვის. ასე მწვავედ რატომ განიცდით მის პირველ სიყვარულსო?!

სხვა რა გზა ჰქონდათ დეიდებს? ტაქტიკა შეცვალეს - დისშვილს ნინიკოსთან საჩუქრებს ატანდნენ, ხან რას ყიდულობდნენ "სარძლოსთვის", ხან - რას. ის "პატარა გოგოც" ყველაფერს იფერებდა. ის კი არა, შეკვეთებსაც კი აძლევდა ლევანს: "ეს მომწონს და მომიტანეო". ერთხელ, უფროს დეიდას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. დანაზოგს გარდა ფულის სესხებაც მოუხდათ დებს. ახლოვდებოდა ნინიკოს დაბადების დღე. ლევანს ძვირფასი საჩუქრის ყიდვა უნდოდა შეყვარებულისთვის, მაგრამ დედას და დეიდებს არაფრის საშუალება არ ჰქონდათ... რამდენიმე დღის შემდეგ დედამ დიდი ოქროს ყელსაბამი მოისაკლისა. რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდნენ, რომ ამაში ლევანის ხელი ერია. ბიჭს უკან არ დაუხევია: ნინიკოსთვის საჩუქარი მინდოდა მიმერთმია. ფულს ვერ მოგთხოვდით, ამიტომ დაუკითხავად ავიღე დედაჩემის სამკაული, ეგ ხომ მაინც ჩემი ცოლისთვის გინდოდათო?! ამჯერად კი ვეღარ შეიკავა თამარმა თავი და შვილს შავი დღე დააყარა.  ლევანი ამჯერად ოთხი დღით გადავიდა მეგობართან, ისევ დეიდებმა დააბრუნეს ხვეწნა-მუდარით. რამდენიმე თვეში სკოლაც დაამთავრეს... ნინიკო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ლევანი ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში ჩაირიცხა. ლევანს ძალიან უნდოდა, ნინო დროზე მოეყვანა ცოლად, სამაგიეროდ ნინიკო არ ჩქარობდა გათხოვებას. თაყვანისმცემელი ისევ მრავლად ჰყავდა და ცეცხლზე ნავთს უსხამდა ბიჭს - ხან ერთზე ეუბნებოდა, - მაწუხებს და მოსვენებას არ მაძლევსო, ხან მეორეზე... ლევანიც მუდმივად "საქმის გარჩევებში" იყო.

ერთხელ, როცა ნინოს გაქეზებით ერთ ბიჭს, ჯაბას, მიუხტა "საქმის გასარჩევად", ბიჭმა მშვიდად და გარკვევით უთხრა:

- შენი საცოლე როგორაა, როცა ყოველ ღამე მე მირეკავს და საათობით ვლაპარაკობთო.

გაგიჟდა ლევანი. ნინიკოს მივარდა. მან უკან არ დაიხია: მე კი არა, თვითონ მირეკავს და მაწუხებს. თუ რამის თავი გაქვს, მომაშორე ეს აბეზარი, თუ არადა, შემეშვიო. ბიჭების შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, ლევანმა სასიკვდილოდ დაჭრა მეტოქე და მესამე წელია, ერთ-ერთ კოლონიაში იხდის სასჯელს.

ელისო (ლევანის დეიდა): - ნინიკომ, თუკი ცოტათი მაინც უყვარდა ლევანი, როგორ გასწირა ამისთვის? თურმე ყველასთან ფლირტი ჰქონდა გაჩაღებული და ერთობოდა. მას არც ლევანი ჰყვარებია გულწრფელად. სამ დას ეს ერთადერთი ბიჭი გვყავდა იმედად და ნუგეშად, ის კი ოთხკედელშუა აღმოჩნდა შეყვარებულის გაქეზებით.  ნუთუ, ადამიანის მკვლელობას ახლანდელი გოგოები გმირობად მიიჩნევენ? მე ვერც სასამართლოზე შევიკავე თავი და პირში მივახალე ნინოს ყველაფერი.  მოგვიანებით მივედი მასთან სახლში. მინდოდა, თვალებში ჩამეხედა და ბევრი რამ მეთქვა, მაგრამ დამემალა. როგორ უნდა იცხოვროს მან ამის შემდეგ?..