"რად და-ვი-ბა-დე!.." - კვირის პალიტრა

"რად და-ვი-ბა-დე!.."

ჩემი მეგობრის შვილი, სალომე, ნიჭიერი და ლამაზი გოგონაა. პატარაობიდანვე ამოჩემებული ჰქონდა, საზღვარგარეთ უნდა ვისწავლოო. სკოლის დამთავრებისთანავე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მერე რომელიღაც სასწავლო პროექტში გაიმარჯვა და სორბონის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა.

სალომე ყოველთვის ფათერაკებში ეხვევა. ისე ლამაზად იცოდა ამბის მოყოლა, ინტერესით ვუსმენდით და ვხალისობდით. ცხადია, არდადეგებზე სულმოუთქმელად ველოდით მის ჩამოსვლას, დარწმუნებული ვიყავით, რომ ბევრ ახალ კურიოზს მოგვითხრობდა... ჩვენი მოლოდინი გამართლდა.

ფრანგ ბიჭებზეც გვიამბე. ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდა-მეთქი, ვკითხე. მანაც ეს გვიამბო:

სორბონის უნივერსიტეტში ბევრი უცხოელი სწავლობს. იქ, თუ გოგოს არ უნდა, არავინ მიეძალება, არც ფრანგი და არც სხვა ვინმე, თუმცა მე ხომ კურიოზებს მაგნიტივით ვიზიდავ... პირველსავე დღეებში ერთ ზანგს შევუყვარდი. პაპამისი ნიგერიიდან ჩამოსახლებულა პარიზში; თავისი მიწა-წყლის ქალებს ვერ უღალატა, თავადაც ზანგი შეირთო ცოლად და შვილმაც (ანუ ჩემი თაყვანისმცემლის მამამ). ასე რომ, მესამე თაობა ოდნავადაც არ გაფერმკრთალებულა. ერნესტი ხალისიანი, კეთილი და თბილი ადამიანია. ეს მე მოგვიანებით გავიგე... როცა პირველად მოვიდა ჩემთან და უცერემონიოდ გამომიცხადა, - მიყვარხარო, საშინლად გავბრაზდი. ბედი არ გინდა? ამდენ ფრანგ, ესპანელ, იტალიელ, გერმანელ ბიჭში მაინცდამაინც ზანგმა დამადგა თვალი. ის კი, თითქოს ჯიბრზე, გვერდით მომისკუპდებოდა და მიკრეჭდა თავის თეთრ კბილებს. თუ სადმე დამპატიჟებდა, უარით ვისტუმრებდი, ხოლო თუ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან მაინცდამაინც თავს არ მაბეზრებდა და მიჭირდა უხეშად მოპყრობა. ჰოდა, ვიყავი ასე, ჩემთვის, ჩუმად შეწუხებული. რამდენიმე ხნის შემდეგ ერნესტმა მთხოვა, - ძალიან მინდა ქართულად მასწავლო "მე შენ მიყვარხარ"-ო. ისედაც გუნება მქონდა წამხდარი მისი დილიდანვე შემოფეთებით, ახლა კიდევ ქართულად მომინდომა სიყვარულის ახსნა! არც ვაციე, არც ვაცხელე და დამარცვლით ვასწავლე: "რად და-ვი-ბა-დე". ფურცელზე დავუწერე კიდეც, რომ არ დავიწყებოდა. იმ დღიდან მოყოლებული, დღეში ათჯერ რომ შემხვედროდა უნივერსიტეტში, ქუჩაში თუ კაფეში, გაშლიდა ხელებს და ძალიან შთაგონებული სახით ხმამაღლა ამბობდა: "სალომე, რად დავიბადე?!" ჩემ გარდა იქ სხვაც ბევრია ქართველი და ერნესტის ამ შეძახილზე სიცილით იხოცებოდნენ.

ერთხელ, მე და ჩემი ქართველი მეგობარი შებინდებულზე ვსეირნობდით. მოულოდნელად წინ აგვესვეტა... სიბნელეში სახე არ უჩანდა, მხოლოდ თეთრი შარვალ-პერანგი, თეთრი კბილები და... ჩემმა მეგობარმა შეჰკივლა, მეც შემეშინდა, მაგრამ როცა გრძნობით წარმოთქმული და ათასჯერ გაგონილი "რად დავიბადე, სალომე?!" - გავიგონე, მივხვდი, ჩემი ერნესტი იყო. მერე სიცილი აგვიტყდა... ბოლოს, ერნესტი დაიღალა ჩემი დევნით და მითხრა: ათი ცოლიც რომ შევირთო, შენ მაინც საპატიო ადგილი გიკავია ჩემს გულში და თუ ოდესმე ჩემთან ყოფნას გადაწყვეტ, ყველაზე საყვარელი ცოლი იქნებიო. აბა, ამისთანა თავაზიან წინადადებაზე მადლობის მეტი რა მეთქმოდა?

გავიდა დრო და ერნესტმა ერთი იტალიელი გოგო გამაცნო, ორნელა  ჩემი შეყვარებულიაო. მერე ორნელას მიუბრუნდა და ჩემზე უთხრა, - ეს ჩემი ყოფილი, მაგრამ მარადიული შეყვარებულია, რომელმაც რატომღაც(?!) არ გამიკარაო. გულმა არ მომითმინა და გადავწყვიტე, გამოვტყდომოდი, რაც სიყვარულის ახსნის სანაცვლოდ ვასწავლე. არ გაბრაზებულა. ორნელასთან ერთად გულიანად იცინა ჩემს ეშმაკობაზე. მას მერე დავმეგობრდით და ეტყობა, თვალიც შევაჩვიე, ისეთი შავი აღარ მეჩვენება...