ჩემი ურჯულო კლასელი - კვირის პალიტრა

ჩემი ურჯულო კლასელი

"ლანჩხუთიდან გახლავართ. მინდა ერთი ბიჭის ამბავი გიამბოთ. მე და გოჩა ერთ კლასში ვსწავლობდით. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩემი გული მოეგო, მაგრამ ვერ

შევძელი მისი შეყვარება, გავიდა დრო და ჩვენი გზები საბოლოოდ გაიყო. მეც გავთხოვდი და ისიც დაოჯახდა. მართალი გითხრათ, მას შემდეგ, რაც იგი სრულიად სხვა გარემოში ვიხილე, გაოგნებული ვარ. მაინც ვერ გამიგია, რამ გამოიწვია ეს ცვლილება - უკიდურესი პროტესტის გრძნობამ თუ უცხო ქვეყანაში კარგად ცხოვრების სურვილმა.

15 წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ, თუმცა, როგორც კი ძველი მეგობრები შემეხმიანებიან ხოლმე, - ჩამოდი, ვიკრიბებითო, ყველაფერს გვერდზე გადავდებ და მათკენ მივეშურები. ერთ-ერთ ასეთ თავყრილობაზე მითხრეს, ჩვენი კლასელი გოჩა თურქეთში წავიდა სამუშაოდო. არ გამკვირვებია, რადგან ლუკმაპურის საშოვნელად დღეს თითქმის ნახევარი საქართველო უცხოეთშია გადახვეწილი. მოგვიანებით ისიც გავიგე, შინ მოულოდნელად ჩამოსულმა ცოლს საყვარელთან მიუსწრო, ეს იყო მიზეზი, რომ საბოლოოდ გადაიფიქრა სამშობლოში დარჩენა (არადა, 3 წლის მერე მოგროვილი თანხით პატარა ბიზნესის დაწყებას აპირებდა ლანჩხუთში). შვილებსაც აღარ გამოემშვიდობა, დატოვა აქაურობა.

გავიდა დრო. რაღაც საქმეზე ორ თანამშრომელთან ერთად თურქეთში მომიწია წასვლამ. ჩვენმა თურქმა მასპინძელმა გამოგვიცხადა, - სიურპრიზი გელოდებათო. ინტერესით მივაჩერდით კარს, საიდანაც სიურპრიზი უნდა "შემობრძანებულიყო". სიტყვითაც კი მიჭირს იმის გადმოცემა, რაც დამემართა, როცა ოთახში მოლა შემოვიდა, რომელიც ჩემკენ გამოემართა და სუფთა ქართულით მკითხა: - მაიკო, როგორ ხარო? თვალები გამიფართოვდა. დავაკვირდი მოლას... ჩემი ძველი "სიყვარული", გოჩა ვიცანი. გულს შემომეყარა, თავი ვერც შევიკავე და პირდაპირ ვაჯახე: - ბიჭო, რამ გადაგრია, რას ჰგავხარ-მეთქი. გაეღიმა - გადარეულის რა მეტყობა? მე ახლა მუსლიმანი ვარ და იმდენი ფული მაქვს, თქვენ რომ არც დაგესიზმრებათო. ფული და ქრთამი რომ ჯოჯოხეთს ანათებს, ვიცოდი, ადამიანი ღირსებებს რომ ფულზე ყიდის, ისიც გამიგონია, მაგრამ რწმენის შეცვლაც თუ შეეძლო ქართველ კაცს წარმავალი კეთილდღეობისთვის, ეს კი ვეღარ წარმომედგინა. გულდათუთქული დავბრუნდი საქართველოში...

იყო დრო, როცა გათურქების თავიდან ასაცილებლად ქართველი ქალები თავს იკლავდნენ, კაცები კი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ. ნუთუ, მართლა გადაგვარების გზაზე ვდგავართ ქართველები?

მაიკო"