"დედა ამ დღეს ისე იხსენებდა, როგორც დიდ საშინელებას" - ბოლნისში მცხოვრები შვაბების ისტორია - კვირის პალიტრა

"დედა ამ დღეს ისე იხსენებდა, როგორც დიდ საშინელებას" - ბოლნისში მცხოვრები შვაბების ისტორია

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 77 წლის ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნათელა გრიგოლია-ვახვახიშვილი, 77 წლის, ბოლნისი

"1943 წელს, როცა მე დავიბადე, გერმანელები უკვე გადასახლებული იყვნენ ბოლნისიდან, მაგრამ შემორჩენილი იყვნენ, ძირითადად, გერმანელი ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების კაცებზე - იქნებოდა ეს სომეხი, ბერძენი, აზერბაიჯანელი თუ სხვა, ბოლნისში იყვნენ გათხოვილი.

ბოლნისელი შვაბები

-----------------------------------

გერმანელები ანუ შვაბები, მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოსახლდნენ სამხრეთ გერმანიიდან ბოლნისში, მაშინდელ ეკატერინენფელდში. სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მაშინ გერმანიის კოლონია და გერმანელების ყველაზე დიდი დასახლება ყოფილა. მათი ჩამოსახლების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, შვაბები მეფის რუსეთის დროს ჩამოასახლეს და ალექსანდრე პირველმა მათ დიდი დახმარება გაუწია - ფულითაც დაეხმარნენ, არც ჯარში მიჰყავდათ, გადასახადებსაც არ ახდევინებდნენ და ამიტომ, მალე ფეხზე დადგნენ. იმ თაობიდან, რომელიც მათ მოესწრო, ყველა აღფრთოვანებული იყო გერმანელების შრომისმოყვარეობით. ეს პატარა ქალაქი, რომელიც მაშინ სამი პატარა სოფლისა და ნასახლარებისგან შედგებოდა, 10 წელიწადში ულამაზეს წალკოტად აქციეს. შვაბებმა, შრომასთან ერთად, კარგი გართობაც იცოდნენ - უფროსები შაბათ-კვირას ეკლესიაში, ე.წ. "ქირხეში“ ატარებდნენ, სადაც უზარმაზარი ორღანი ჰქონდათ ჩამოტანილი და უკრავდნენ. დედაჩემსა და მის ძმებს გერმანული სკოლა ჰქონდათ დამთავრებული, არაჩვეულებრივად საუბრობდნენ შვაბურად და მათ ეკლესიაშიც დადიოდნენ. ახალგაზრდები კი კულტურისა და დასვენების პარკში ერთობოდნენ, სადაც ორკესტრი უკრავდა. დღესასწაულებიდან კი დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ შობასა და აღდგომას. ზოგადად, გერმანელები არაჩვეულებრივად მღეროდნენ და ყველა ოჯახში იყო გერმანული საკრავი.

თურმე, ბოლნისი ედემის ბაღი იყო - მოკირწყლული ქუჩებით, აკაციის, ცაცხვისა და კაკლის ხეივნებით. გოთური სტილით ნაგები სახლები და აივნები ყვავილებით იყო სავსე. გერმანელების წასვლის შემდეგ, მათ სახლებში დასახლებულმა ქართველებმა თითქმის ყველაფერი გადააკეთეს. მაშინ წყალი ძალიან ჭირდა, მაგრამ ბოლნისი წყლის არხებით ისე იყო დასერილი, რომ ვენეცია გეგონებოდა და ყველა ეზოში კამკამა წყალი ჩამოდიოდა. ქართველებმა ამ არხების ნაწილი ამოავსეს, ნაწილზე კი ტუალეტები დააყენეს და დააბინძურეს.

შვაბებს შობისა და აღდგომის დღესასწაულები განსაკუთრებულად უყვარდათ. შობისთვის, ნაძვის ხეს ფერადი ნაჭრებით რთავდნენ, მის ქვეშ კი წითელი ფერის კონუსის ფორმის ყუთებში ჩაწყობილ საჩუქრებს, ნამცხვრებსა და ტკბილეულს ალაგებდნენ. გოგრაზე პატარა სარკმლებს ამოჭრიდნენ, შიგნით ანთებულ სანთელს ჩადებდნენ და ამ გოგრებით ხელში შობის ღამეს ქუჩებში დადიოდნენ, გალობდნენ და შობის დადგომას ამცნობდნენ ხალხს. დილით, წინსაფრებში გამოწყობილი ქალები, ტკბილეულით სავსე კალათებით ხელში, ქუჩაში გამვლელ-გამომვლელს უმასპინძლდებოდნენ და შობას ულოცავდნენ. სადღესასწაულო ზეიმი მთელი კვირა გრძელდებოდა. მზადდებოდა ტრადიციული კერძები და ნამცხვრები. შობისთვის აუცილებლად კლავდნენ ღორებს და ხორცით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ძეხვეულს, "ვიჩინას,“ ხალადეცს. კლავდნენ ბატს, რომელსაც სპეციალური შიგთავსით ამზადებდნენ. ყურძნის წვენისგან სქელ შარბათს ხარშავდნენ, აცხობდნენ უგემრიელეს ნამცხვრებს: "ლექუხეს,“ "ლიბეს ქუხესა“ და "ნესქუხეს.“

გასაბჭოების შემდეგ, როზა ლუქსემბურგის პატივსაცემად, ბოლნისს ლუქსემბურგი დაერქვა, 1941 წლამდე ასე ერქვა და გერმანელების გადასახლების შემდეგ, ძველი სახელი – ბოლნისი დაუბრუნეს.

48 საათში დაცლილი ლუქსემბურგი

--------------------------------------------

ომის დროს, 1941 წელს, მაშინდელ ლუქსემბურგში, ანუ ბოლნისში მცხოვრები გერმანელები კომუნისტებმა 48 საათში გადაასახლეს შუა აზიისა და ყაზახეთის ცარიელ ტრამალებში. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად ხდებოდა, რომ თითქმის არაფერი წაუღიათ. დედა მიყვებოდა, სატვირთო მანქანები მოაყენეს გერმანელების წასაყვანად, სადაც დიდი საცოდაობა და ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდაო. დედა ამ დღეს ისე იხსენებდა, როგორც დიდ საშინელებას - მშიერი საქონელი ბღაოდა, ძაღლები ყეფდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენო. მალე გერმანელების სახლების ძარცვაც დაიწყო. თან, თურმე, ოქტომბრის თვე იყო, უკვე ყურძენიც დაკრეფილი და ზამთრისთვის ორ-სამ სართულიანი სარდაფებიც სავსე ჰქონდათ უამრავი სანოვაგით, მაგრამ თან ვერაფერი წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზამთარი იყო, პირველად ქოხმახებში შეასახლეს, სადაც მრავალი უბედურება გადაიტანეს - შიმშილი, სიცივე და სიკვდილიც.

სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხრუშჩოვმა გერმანელებს ნება დართო, ყაზახეთიდან თავიანთ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. გერმანელების ნაწილი ისევ ბოლნისში დაბრუნდა, რადგან აქაურობა იყო მათი სამშობლო, მაგრამ მოგვიანებით, მათ საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვეს და იძულებული გახდნენ, გერმანიაში დაბრუნებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უბედურება გამოიარეს, გერმანიაშიც ახალი ცხოვრება დაიწყეს და ისევ ააყვავეს ყველაფერი. ასეთი ძლიერი ხალხი არასოდეს შემხვედრია. შვაბები განსაკუთრებული ხალხი იყო, ვისგანაც მხოლოდ კარგი შეიძლებოდა გვესწავლა.

დედაჩემი

-----------------

დედაჩემი შეყვარებული იყო შვაბებზე და ყველა გერმანელთან მეგობრობდა, რადგან შრომისმოყვარე, პატიოსან და ერთგული ხალხად თვლიდა.

დედაჩემს დედა ადრე გარდაეცვალა, თავადიშვილი მამა კი, როგორც "ხალხის მტერი,“ სულ დაპატიმრებული იყო და ბოლოს ისიც დახვრიტეს. ობლად დარჩენილი დედაჩემი და მისი ძმები ბებიის იმედად დარჩნენ, რომელსაც გერმანელები ძალიან ეხმარებოდნენ ამ ობოლი ბავშვების გაზრდაში. ბოლოს კი, როცა ისინი საბოლოოდ ბრუნდებოდნენ გერმანიაში, ერთ-ერთმა გერმანელმა ოჯახმა, გვარად ვალკერებმა, დედაჩემს საკუთარი დიდი ორსართულიანი სახლი დაუტოვა - ჩვენ ისე გვიყვარხარ, ანხელ, ეს სახლი შენი იყოსო - ასე უთქვამთ წასვლის წინ. მე დღემდე ამ სახლში ვცხოვრობ.

მამაჩემი ფრონტზე რომ წავიდა, დედაჩემი ჩემზე იყო ორსულად. ჩასვლისთანავე, სტალინგრადში უკრეს თავი და იქ ორ-სამ თვეში ბრძოლაში დაიღუპა. დედა მარტო მზრდიდა, ამიტომ სულ მუშაობდა - ტექნიკუმში, ქართულ და საღამოს სკოლებში გერმანულს ასწავლიდა. მე დედაჩემს თითქმის ვერ ვხედავდი და ამიტომ ძიძები მყავდა. სამი წლის რომ ვიყავი, დედამ 15 წლის ოლღა მოიყვანა ძიძად, რომელიც ორი წელი მზრდიდა, მაგრამ 17 წლის გათხოვდა და შემდეგ ჩემი ძიძა ევდოკინე იყო. სხვა რა გზა ჰქონდა დედაჩემს, უნდა ემუშავა და ფული ეშოვნა, ჩემი რჩენა რომ შესძლებოდა. დედაჩემის სახეზე ღიმილი იშვიათად მინახავს...

შეხვედრა შტუტგარტში

----------------------------

1991 წელს, დედაჩემის თანაკლასელმა ერნსტ ალმენდინგერმა, ბოლნისელი შვაბების შეკრებაზე დაგვპატიჟა შტუტგარტში, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მისი ინიციატივით ეწყობოდა. ეს ის დრო იყო, როცა ადვილი არ იყო გერმანიაში ჩასვლის ნებართვა მიგეღო, მაგრამ მე თუ რამე დავიჩემე, იმას აუცილებლად მივაღწევ. იმდენი ვირბინე, რომ დედაჩემთან ერთად გერმანიაში ჩავედი. დედაჩემის კლასელი ერნსტი და მისი მეუღლე გრეტა ქელერი, რომლებიც ბოლნისში ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდნენ, მატარებლის სადგურზე დაგვხვდნენ, ეს იყო ძველი მეგობრების საოცრად ემოციური შეხვედრა.

ბოლნისელი შვაბებისა და მათი შთამომავლობის შეხვედრები ყოველ ორ წელში ერთხელ, 27 აგვისტოს, შტუტგარტში იმართებოდა. უამრავი მაგიდა იყო გაშლილი, ორიათასამდე სტუმარი იყო მოწვეული, დიდი ტრიბუნა დამონტაჟებული. ამ შეკრებაზე რომ შევედით, დედაჩემს თავისი ბავშვობის მეგობრები დაეხვივნენ და ეს ისეთი საოცრება იყო, სიტყვებით ვერ აღვწერ. დედაჩემი როგორი გახარებული იყო, რომ იცოდეთ... იხსენებდნენ მეგობრებს, მიცვალებულებსა და საქართველოს, როგორც საკუთარ სამშობლოს. მათი შემხედვარე, ვიჯექი და ვტიროდი.

გერმანიაში ერთი თვე დავრჩით და საქართველოში რომ დავბრუნდით, 1991 წელს აქ ომი დაიწყო. უამრავ წერილს გვწერდნენ გერმანიიდან და ნანობდნენ, იქიდან რომ გამოგვიშვეს.

სხვათა შორის, 1989 წელს ერნსტ ალმენდინგერმა გერმანიაში გამოსცა სქელტანიანი წიგნი - ,,ეკატერინენფელდი - სოფელი დასახლება კავკასიაში”. წიგნი ასახავს კავკასიაში შვაბების მიგრაციის პროცესს - როგორ გამოემგზავრნენ ისინი 1817 წლის 10 მაისს ვიუტემბერგიდან და მდინარე დუნაის გავლით გამოიარეს ქალაქები: ბუქარესტი, ისმაილი, ოდესა, მარიუპოლი, როსტოვი და კავკასიის მთების გავლით, მოადგნენ თბილისს. წიგნის შესავალში არის კავაკასიის შესახებ ისტორიული მიმოხილვა და საბოლოოდ, მოთხრობილია კატერინენფელდის დაფუძნებისა და აღმშენებლობის შესახებ. შეგროვებული ფოტომასალა და სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებს ამ გერმანული კოლონიის ეკონომიკისა და კულტურის აყვავებას."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან