საბედისწერო სამკუთხედი, ანუ მესამე ზედმეტია - კვირის პალიტრა

საბედისწერო სამკუთხედი, ანუ მესამე ზედმეტია

ეს ამბავი, რომელიც ჩვენმა მკითხველმა გვიამბო, 80-იან წლებში მოხდა თბილისში.

გია და ზაზა მეგობრები იყვნენ. ზაზამ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარა და ჯარში გაიწვიეს. მამა პატარაობაში გარდაეცვალა, ობოლი იყო და დედამ ვერ შეძლო მისი გათავისუფლება ჯარიდან. გული სწყდებოდა ზაზას, მისი თანატოლები ქალაქში რჩებოდნენ, ლაღობდნენ, მას კი ორი წელი რუსეთის რომელიღაც "გარადოკში" უნდა გაეტარებინა...

ზოგისთვის სწრაფად გაიარა დრომ, ზაზასთვის კი ის ორი წელიწადი ცხოვრების ნახევარი მაინც იყო. ბევრი დაბრკოლებაც შეხვდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ამ ყველაფერმა ერთბაშად დააკაცა და დიდი გამოცდილება შესძინა.

თბილისში დაბრუნებულს ზოგიერთი მეგობარი დაოჯახებული დახვდა, გიამ კი იმავე დღეს გააცნო თავისი საცოლე, ნათია და უთხრა, - მეჯვარე შენ უნდა იყოო. ზაზას სკოლის წლებშიც ბევრი გოგო  მოსწონდა და არც იმ სამხედრო ქალაქში დაჰკლებია ქერა ლამაზმანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებული  მაინც ლენოჩკა იყო. გოგონას ისე უნდოდა მასთან ყოფნა, რომ საქართველოშიც უყოყმანოდ გამოჰყვებოდა, მაგრამ ბიჭმა არ ისურვა. ძმაკაცის საცოლის გაცნობისას კი რაღაც უცნაურმა, აქამდე განუცდელმა გრძნობამ დარია ხელი. კარგა ხანს სახელი ვერ დაარქვა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს სიყვარული იყო. ალბათ, გულში ჩაიმარხავდა ნათიას სიყვარულს, თვითონ გოგონასაც რომ არ გამოემჟღავნებინა...

ზაზას უცნაურად მოეჩვენა იმ საღამოს ნათიას ზარი... მეგობართან იყვნენ წვეულებაზე. გიამ დალია, ზაზამ არა,  საჭესთან იჯდა. ჯერ ნათია მიიყვანა შინ, მერე - გია და მანქანაც მის ეზოში დატოვა, თვითონ კი ფეხით წავიდა.  რამდენიმე სახლის იქით ცხოვრობდა. ის იყო, შინ ფეხი შედგა და ნათიამაც დარეკა, - თუ შეგიძლია ჩემთან მოდი, სალაპარაკო მაქვს, არ მინდა გიაც ესწრებოდეს ჩვენს საუბარსო. ნახევარ საათში მასთან გაჩნდა და იმ ღამეს გოგონასგან ის მოისმინა, რაც მის გულში ტრიალებდა და გამხელას ვერ ბედავდა. ერთმანეთს კი გამოუტყდნენ სიყვარულში, მაგრამ ის არ იცოდნენ, გიასთვის როგორ ეთქვათ ეს.

როცა ნათიამ ჯვრისწერაზე უარი უთხრა გიას და ქორწილის დღეც გადადო, ვაჟი შეფიქრიანდა... მერე დამ ჩააწვეთა, - რაღაც სხვანაირად უჟუჟუნებს თვალებს შენი საცოლე ზაზასო. იმ დღიდან თვალთვალი დაუწყო ორივეს. ერთხელ, როცა ნათიამ თავის ტკივილი მოიმიზეზა და გიას შეხვედრაზე უარი უთხრა, სახლთან დაუდარაჯდა. დაინახა, როგორ გამოვიდა ნათია  სადარბაზოდან, ტაქსი გააჩერა და სადღაც წავიდა. გია უკან გაჰყვა. ტაქსი ბართან გაჩერდა.

იქ კი ყვავილებით ხელში ზაზა იდგა.  შეყვარებულები შევიდნენ  თუ არა ბარში, მაგიდას მიუსხდნენ. გია შორიდან უცქერდა, შეყვარებულები როგორ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. მერე გადაწყვიტა დამალვას აზრი არა აქვსო და თავს დაადგა... რაღა აზრი ჰქონდა რაიმეს დამალვას? იმ დღეს მტკივნეულად, მაგრამ მაინც ყველაფერი ბოლომდე ითქვა.

გია ერთხანს შინ ჩაიკეტა, არავის დანახვა არ უნდოდა, ნათიას ღალატზე მეტად ზაზას ღალატი აღმოჩნდა ძნელი გადასატანი... როცა მისიანებმა იფიქრეს, დარდი მოინელა და ცხოვრებას დაუბრუნდაო, სწორედ მაშინ გადაწყვიტა გიამ სასტიკი შურისძიება.

ერთ დილას ჩვეულებრივ ადგა, ისაუზმა და ლექციებზე წავიდა. მეგობრებს არაფერი  უეჭვიათ, რადგან მშვენიერ გუნებაზე იყო. მეორე დღე შაბათი იყო და მეგობრებს დაჰპირდა, გამოგივლით, მცხეთაში გავისეირნოთო. იმ საღამოს ნათიას სახლის შორიახლოს გააჩერა მანქანა. იცოდა, ნათია შინ არ იყო. მთელი ღამე რომ დასჭირვებოდა ლოდინი, დაელოდებოდა.

თერთმეტის ნახევარზე ტაქსი გაჩერდა. იქიდან ძალიან ბედნიერი ნათია და ზაზა გადმოვიდნენ. ცოტა ხანს შეყოვნდნენ. გიამაც დრო იხელთა, მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა ზაზას. მერე აღარაფერი ახსოვს, თითქოს შორიდან ჩაესმა გოგოს კივილი და   სირენის ხმა...

როცა წყვილის ურთიერთობაში მესამე ჩნდება, ვითარება უკიდურესად იძაბება და არავინ იცის, რას ჩაიდენს შეურაცხყოფილი მიჯნური. ალბათ, სიყვარულსაც სჭირდება რაღაც საზღვრები, თუმცა ფაქტია, რომ იგი არანაირ კანონზომიერებას არ ემორჩილება და არც საზღვრებს ეგუება.