"...მივალ და პატიებას ვთხოვ" - კვირის პალიტრა

"...მივალ და პატიებას ვთხოვ"

დიდი ხანია საკუთარ თავს ვებრძვი, რომ ვაპატიო და შევუნდო. თავის დროზე ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ ისე დამწყვიტა გული, რომ ვერა და ვერ შევძელი მისი პატიება.

ის ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ვიღაცამ შეაცდინა. ამის გამხელისა შეეშინდა, მკაცრი მამა ჰყავდა, ამიტომ დედამ და დეიდამ ნათესავთან ბათუმში ამშობიარეს. მეც იქვე გამაშვილეს. ეს ყველაფერი 15 წლისამ შევიტყვე - ჩემმა გამზრდელმა, ვინც დედა მეგონა, მიამბო. ერთხანს ვფიქრობდი, მომეძებნა, მაგრამ ამ განზრახვაზე მალევე ავიღე ხელი. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოვედი სასწავლებლად.  თვითონ მომძებნა.

არ ვიცი, რა გზით, რა საშუალებით, იმ ბინაში მოვიდა, სადაც მე და ჩემი  მეგობრები ქირით ვცხოვრობდით. იმ დღეს ორი საათი მელაპარაკა, ბევრი ცრემლი ღვარა, ბევრიც შევიტყვე მისი ცხოვრების შესახებ... არ ნდომებია ჩემი დატოვება, მაგრამ დედამ და დეიდამ აიძულეს. დაჰპირდნენ, ნაცნობს ჩავაბარებთ ბავშვს და როცა მოგენატრება, ნახავო, მაგრამ მერე მისამართი დაუმალეს. ჩემი გაშვილებიდან სამი წლის შემდეგ გათხოვდა, ორი შვილი გააჩინა, მაგრამ ჩემზე ფიქრი არ შორდებოდა...

ამას რომ მიყვებოდა, ხელები უკანკალებდა, მე კი გამოფიტული ვიჯექი და ვუსმენდი ქალს, რომელიც ძალიან ახლობელი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, მაგრამ არ იყო. გვერდით უნდა მყოლოდა ჭირსა თუ ლხინში, გაეგო ჩემი პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯის გადადგმის სიხარული განეცადა, ჩემი პირველი ხუთიანით აღფრთოვანებულიყო, პირველი სიყვარულის შესახებაც ყველაზე ადრე მას გაეგო, მაგრამ...  შემატყო, რაც მჭირდა.

ცივწყალგადასხმულივით ადგა. წასვლის წინ მითხრა, -  მაპატიე, იმ ქვეყნად ამხელა ცოდვით ნუ გამიშვებო. ნერვები ამეშალა, გამოდის, რომ იმისთვის მომძებნა, იმიტომ მთხოვა შენდობა, რომ ცოდვა შეემსუბუქებინა.

ბრაზმა დიდხანს არ გამიარა, მერე ისევ გაუცხოებამ დამრია ხელი და აღარ მოვიკითხე. 6 მარტს შენდობისა და ურთიერთმიტევების დღე რომ იყო, მესიჯი მომივიდა, - ვიცი, რომ გული გატკინე და პატიებას გთხოვო (ისიც, არ ვიცი, ჩემი ნომერი საიდან გაიგო). ახლა ვნანობ, რომ უცებ პასუხად გავუგზავნე - "ვერ გაპატიებ!" რამდენიმე დღე არც მიფიქრია იმაზე, რა მოუვიდოდა ამის წაკითხვისას.

ამას წინათ მოვიკითხე და მითხრეს, მარხვის ბოლომდე ერთ დედათა მონასტერში წავიდაო. მინდა დიდსულოვანი ვიყო... ალბათ, მარხვის მერე უნდა მივიდე მასთან, შევუნდო და შენდობაც ვთხოვო...

პატივისცემით,თქვენი მკითხველი ნინი