"საკუთარი თავის გამო მე თვითონ მრცხვენოდა...ღამეები არ მეძინა ხოლმე"
14-11-2020
"საკუთარი თავის გამო მე თვითონ მრცხვენოდა...ღამეები არ მეძინა ხოლმე"
"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა43 წლის ნუკა, ნუნუ გვიჭიანი ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნუკა (ნუნუ) გვიჭიანი, 43 წლის, ლენტეხი
''ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედში ცერებრალური დამბლით დავიბადე, 9 კლასიც იქ დავამთავრე. ჩემმა მშობლებმა იმდენი იბრძოლეს, 5 წლის ასაკში ფეხზე დამაყენეს და წლების განმავლობაში დამოუკიდებლად სიარული შემეძლო. 30 წლის რომ ვიყავი, ფეხის ანთება დამემართა, რის გამოც სიარულის შიში დამეწყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ გადავაადგილდები.

15 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა, 17 წლის ასაკში
კი - მამა, რამაც კიდევ უფრო დამთრგუნა და დამაჩოქა. ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, აღარც კვლევები ჩამიტარებია და არც რეაბილიტაცია გამივლია. ჯდომისა და უმოძრაობისგან მყესებიც დამეჭიმა და კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდი ოჯახის წევრებზე. დამოუკიდებლად გარეთაც ვეღარ გავდიოდი. ორივე
თეძოზე ამოვარდნილობა მაქვს, ამიტომ ჯერ რეაბილიტაცია მჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია ოპერაციის გაკეთება. ეს, რა თქმა უნდა, ფინანსებთანაა დაკავშირებული და ამის შესაძლებლობები ჯერჯერობით არ მაქვს, სახელმწიფოც არ აფინანსებს.

ჩემი ოჯახისგან არც კარჩაკეტილი ვყოფილვარ და არც შეზღუდული. პირიქით, სულ ცდილობდნენ, საზოგადოებაში გავსულიყავი, მაგრამ საკუთარი თავის გამო მე თვითონ მრცხვენოდა, იმდენად, რომ ეტლითაც არ ვსარგებლობდი, ამას მაშინ სირცხვილად ვთვლიდი. ღამეები არ მეძინა ხოლმე, დილით სრულიად უენერგიოდ ვდგებოდი და არ ვიცოდი, დღეები რითი გამეყვანა. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვტკეპნიდი ერთ ადგილს ბევრი წელი, 39 წელი დავკარგე ასე უმისამართოდ.
სოციალური ქსელების საშუალებით, ბევრი შშმ მეგობარი შევიძინე, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ საზოგადოებაში უნდა გამოვსულიყავი და ამაში სასირცხვილო არაფერი იყო. სწორედ მათი და მეგობრების ძალისხმევით ვირწმუნე, რომ ჩემივე უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა მებრძოლა და საკუთარი შესაძლებლობები გამომეცადა. ჩემი მშობლების ოცნება და ჩემი მთავარი პრიორიტეტიც განათლება იყო. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა სწავლა, მაგრამ მხოლოდ 9 კლასი მქონდა დამთავრებული. მაშინ კომპიუტერები არ იყო, მე ხელით წერა მიჭირდა, სკოლამ კი დამატებითი დრო არ დამითმო, სწავლა რომ გამეგრძელებინა - გამოსავალი გამონახეს და მეათე კლასში არ გადამიყვანეს. 39 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე ყველა ბარიერი გადამელახა, სახლიდან წამოვსულიყავი და მესწავლა. ბრძოლისთვის დამატებითი ბიძგი მაშინ მომეცა, როცა არაერთი დაპირების მიუხედავად, ლენტეხის რაიონში ჩემთვის არასოდეს გამოინახა სამუშაო ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეტლით არ დავდიოდი და გადაადგილება შემეძლო, დასაქმებაზე უარის მიზეზად, შენობების არაადაპტირებულობა დაასახელეს. სინამდვილეში, მიზეზი სხვა რამე იყო - სრულფასოვან ადამიანად არ მთვლიდნენ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობისა და უამაღლესი განათლების არქონის გამო.
იმხელა ძალა მომცა იმის გააზრებამ, რომ საზოგადოება არასრულფასოვნად აღმიქვამდა განათლების გამო, ინტერნეტით მოვიძიე კოლეჯი „სპექტრი“, დავუკავშირდი კოლეჯის დირექტორ მათე ტაკიძეს, ბევრი ვიბრძოლე და მდივან-რეფერენტის სპეციალობაზე ჩავაბარე. კოლეჯში მიმიღეს, როგორც სრულფასოვანი ადამიანი და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სტუდენტებისთვის იქ ცხოვრების შესაძლებლობები არ ჰქონდათ, მე ერთი ოთახი გამომიყვეს საცხოვრებლად, თავისი ადაპტირებული საპირფარეშოთი (კოლეჯის მთელი შენობაც სრულად ადაპტირებულია შშმ ადამიანებისთვის) და აბაზანით, რადგან მნახეს, რა მონდომებული ვიყავი და როგორ მჭირდებოდა ეს ყველაფერი საზოგადოებაში გამოსვლისთვის. ამიტომ, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ და მისმა კოლეგებმა უდიდესი როლი ითამაშეს საზოგადეობაში ჩემს გამოსვლასა და წარმატებებში. კურსელებიც საუკეთესო მყავდა, სულ თავზე მევლებოდნენ და ყველა ძალიან მიყვარს. ისეთი მონდომებული ვიყავი, ყველა შეხვედრასა და ღონისძიებას ვესწრებოდი.
თბილისში ჩემი ჩამოსვლა, კიდევ ერთი ადამიანის, ჟურნალისტ თამარ მშვენიერაძის დამსახურებაცაა, რომელიც მეგობარმა გამაცნო. რეალურად, თამარი იყო ის, ვინც თბილისში ჩამომიყვანა. მან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება შემომთავაზა ჩემს ცხოვრებაზე, ლენტეხში ჩამოვიდა და ასე გავიცანი. ფილმი - „მისი საკუთარი ცხოვრება“ მართლა ძალიან კარგი გამოვიდა და რამდენიმე პრიზიც მიიღო.
კოლეჯს ვამთავრებდი, როცა განათლების სამინისტროდან ინფორმაცია მოვიდა ახალი პროგრამის შესახებ, რომლითაც შშმ პირების დასაქმებას აპირებდნენ. ისევ კოლეჯის რეკომენდაციით მოვხვდი გასაუბრებაზე სამინისტროში. დიდი კონკურსის მიუხედავად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშვთა ბიუროში ამიყვანეს ოპერატორად. ჩემთვის ეს დედამიწაზე მეორედ დაბადება იყო. სამსახურში მართლა სრულფასოვან ადამიანად მიმიღეს - მინისტრიდან დაწყებული, ყველა კოლეგისგან დიდ პატივისცემასა და დაფასებას ვგრძნობ. ამ პოზიციაზე ორი შშმ გოგო ვმუშაობთ და ჯერჯერობით, ნახევარ შტატზე ვარ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ვეცდები, სრული დატვირთვითაც ვიმუშაო.
39 წელი ''ნუნუ'' მერქვა და ნუკა იმიტომ გავხდი, რომ ჩემს ძველ სახელთან ერთად, ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვე. ახალ სახელთან ერთად კი, უკვე მეოთხე წელია, ახალი ცხოვრება დავიწყე, რომელიც სრულიად სხვანაირი, ლაღი და ძალიან ბედნიერია. სამსახურის დაწყებასთან ერთად, ბინაც ვიქირავე და ახლა სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობ. თავიდან, ეტლი არ მქონდა და ჩემი მეგობრის, გიორგი ალავიძისგან ნათხოვარი ეტლით დავდიოდი. ''ფორმა 50,'' რომლითაც შემეძლო, ეტლი მიმეღო, ჯანდაცვის სამინისტრომ არ მომცა. სხვისი დახმარებით ფეხზე დგომა რომ შემიძლია და ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, ჩათვალეს, რომ არ მჭირდებოდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რატომ მაცვია, ეს არ უკითხავთ. სინამდვილეში, თეძოებში ამოვარდნილობის გამო, ჩემს ტერფს სწორად დადგმა უჭირს და ქუსლებით უფრო კომფორტულად ვდგავარ. ისევ მეგობრების მეშვეობით, მოვიძიე ინფორმაცია, რომ უცხოელების მხარდაჭერით, ჯანდაცვის სამინისტრო 3 ეტლის შეძენას აპირებდა და ვიბრძოლე, რომ ამ სამი ეტლიდან, ერთ-ერთი მე მიმეღო. ჩვენ ყველაფრისთვის ამდენი წვალება გვიწევს, თუნდაც, ტაქსით გადაადგილებისთვის. ზოგიერთი ტაქსი უარს მეუბნება მომსახურებასა და ტაქსიში ეტლის მოთავსებაზე, რაც საკმაოდ ხშირად ხდება და დამატებით ბარიერს გვიქმნის გადაადგილებაში. ზოგიერთი მძღოლი როცა იგებს, რომ მგზავრი შშმ ადამიანია, შეკვეთას აუქმებს. ოპერატორებთან იმის ახსნაც მიწევს, რას ნიშნავს შშმ პირი, ამის დამადასტურებელი საბუთიც კი მოუთხოვიათ. მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის კომპანიებმა ეს სერიოზული პრობლემა მოაგვარონ და ვინც არ უნდა იძახებდეს მათ ტაქსის, ღირსეულად მოემსახურონ.
წესით, პენსიასთან ერთად, დაბადებიდან უნდა მქონდეს სოციალური დახმარება, მაგრამ წლების წინ მომიხსნეს. ძმები მყავს და სახელმწიფომ ისინი ჩათვალა ჩემს მარჩენალებად. ახლა მინდა ვცადო, რომ ბინის ქირა მაინც დამიფინანსოს სახელმწიფომ, რომელიც პირველი ჯგუფის შშმ ადამიანს სოციალურ დახმარებას არ მიხდის. თბილისში ჩაწერა უკვე გავაკეთე და მითხრეს, რომ ერთი წლის მერე, შემიძლია, მივმართო მუნიციპალიტეტის გამგეობას ქირის დაფინანსების თაობაზე. იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მივიღებ სახელმწიფოსგან, რადგან მე არ მაქვს იმხელა შემოსავალი, ყველა ხარჯის მარტო დაფარვა შევძლო.
მას შემდეგ, რაც განათლება მივიღე, სამსახური დავიწყე და სხვადასხვა წარმატებები მაქვს, სულ სხვა პატივისცემასა და დაფასებას ვგრძნობ იმ ადამიანების მხრიდან ლენტეხში, ვის გამოც წამოვედი თავის დროზე. სამი წლის მერე, წელს პირველად ჩავედი ლენტეხში და ერთადერთი ადაპტირებული ადგილი ახალი სკვერებია. წარმოიდგინეთ, გამგეობაც კი არ არის ადაპტირებული და გამოდის, რომ შშმ ადამიანებისთვის იქაურობა შეუღწეველია. ახალ საავადმყოფოში კი ისეთი პანდუსია, ქვემოთ ვინმე თუ არ დაგხვდა და დაგიჭირა, დაიმტვრევი. ვინმეს დახმარების გარეშე, ასვლაც წარმოუდგენელია და ამას ადაპტირება ნამდვილად არ ჰქვია. ლენტეხში დღემდე არც სხვა სერვისები არსებობს შშმ ადამიანებისთვის და მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, აღარავის რომ არ ჰქონდეს ის კედელი გასარღვევი, რის გარღვევაც მე მომიწია. ბევრჯერ წავიქეცი ამ ბრძოლაში და ძალიან არ მინდა, იგივე განმეორდეს სხვების ცხოვრებაშიც, ჩემსავით ლენტეხის რაიონიოდან წასვლა მოუწიოთ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ამ ზაფხულს, იქ ყოფნისას, დეპუტატთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მინდოდა შეხვედრა, შშმ ადამიანების საჭიროებებზე სასაუბროდ. ვცადე ერთ-ერთთან კომუნიკაცია და პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. მინდა, აქედანაც ვთქვა, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, მზად ვარ, ლენტეხში შშმ ადამიანებისთვის ადაპტირებული სივრცეების შექმნასა თუ სხვა სერვისების შექმნაში ჩავერთო.
პანდემიის გამო, სამსახურში 13 მარტის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ძირითადად, სახლში ვარ და ეს ძალიან გამიჭირდა. ისე გამოვიდა, რომ ჯერჯერობით ვერც კოპიუტერის შეძენა მოვახერხე სახლისთვის და ესეც ბევრ რამეში მიშლის ხელს. მაგალითად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ და კომპიუტერის გარეშე სახლიდან მუშაობაც წარმოუდგენელია. გარდა ამისა, თავისუფალ დროს, მიყვარს ლექსებისა და ჩანახატების წერა და ტელეფონით ვეღარც ამას ვახერხებ, მაგრამ, ჯერჯერობით ბანკის ვალს ვიხდი და განვადებითაც ვერ შევიძენ ლეპტოპს.
ზოგადად, ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით შშმ პირისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანების მხარდაჭერას და მე ამან გადამარჩინა. მეც მინდა, ყველა იმ შშმ ადამიანს მოვუწოდო, რომლებიც კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ - გადაწიონ ფარდები და საზოგადოებას ისეთები დაენახონ, როგორიც არიან. არასოდეს უნდა შეგვრცხვეს საკუთარი თავების, რადგან ჩვენ ისეთივე სრულფასოვანი ადამიანები ვართ, როგორიც სხვები. იბრძოლეთ თქვენი უკეთესი ცხოვრებისთვის და არ გახდეთ არავის მონა-მორჩილი, არც საკუთარი ოჯახის წევრების.


°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
° #ქალებისაქართველოდან

ნატა
14 ნოემბერი 2020 23:34
წარმატებებს გისურვებთ,ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.თქვენც სხვებივით სრულფასოვანი ცხოვრების უფლება გაქვთ,დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა მოიხსნას თუ არა შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?