"ძალიან მინდოდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც დავჯდებოდი და თავისუფლად მოვუყვებოდი, რაც მაწუხებდა" - კვირის პალიტრა

"ძალიან მინდოდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც დავჯდებოდი და თავისუფლად მოვუყვებოდი, რაც მაწუხებდა"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 29 წლის სალომე შეკიშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სალომე შეკიშვილი, 29 წლის, თბილისი

"ყველაზე მეტად გადაჭარბებული მზრუნველობა არ მსიამოვნებს. როცა ხედავენ, რომ ხელჯოხით გადავაადგილდები, მაშინვე დახმარებას ცდილობენ, მიუხედავად იმისა, მჭირდება ეს თუ არა, ან ჩემ ნაცვლად ასრულებენ წინადადებას. ერთხელ, დედასთან ერთად, პირადობის დამადასტურებელი ბარათის ასაღებად მივედი იუსტიციის სახლში. მომსახურე პერსონალი მე არ მაქცევდა ყურადღებას და ჩემ მაგივრად, დედაჩემს ესაუბრებოდა. მაშინაც კი, როცა მე ვეკითხებოდი, პასუხებს დედას სცემდა. ჩვენს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმა იმდენად მაღალია, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობა სრულიად უგულებელყოფილია.

ჩემი დიაგნოზი ცერებრული დამბლა და ლოგონევროზია, რაც იმას გულისხმობს, რომ ცოტა მეტი დრო მჭირდება სათქმელის ჩამოყალიბებისთვის, ვიდრე ეს ამ დიაგნოზის არმქონე ადამიანებს. სწავლა არასდროს მიჭირდა. ბოლო კლასებში სკოლაში ჩემით დავდიოდი და დახმარება არ მჭირდებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, უცხო ენებზე მინდოდა სწავლის გაგრძელება და ეროვნული გამოცდებისთვის მოვემზადე, თუმცა უნარებში ქულები დამაკლდა და ვერ მოვხვდი. ეს წინაპირობა იყო ჩემი იზოლაციის, რომელიც 5 წელს გაგრძელდა. წასასვლელი არსად მქონდა და ოჯახსაც არ წავუხალისებივარ, გარეთ რომ გავსულიყავი. მათი დამოკიდებულება ასეთი იყო -რადგან ვერ ჩავაბარე, სად უნდა მევლო და მეც სახლში ჩავჯექი ისე, რომ ეს წლები ეზოს გარეთ (საკუთარ სახლში ვცხოვრობ) ცხვირიც კი არ გამიყვია.

ამ პერიოდში ჩემი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა გაუარესდა.

სოციუმისგან მოწყვეტამ ყველაფრის მიმართ ინტერესი დამაკარგინა. ენერგია აღარ მქონდა, სიახლის მიმართ შიში დამეწყო და მეხსიერებაც გამიუარესდა. სიარულიც მიჭირდა და მეტყველების პრობლემაც გამიმწვავდა. წიგნის კითხვას გულს ვეღარ ვუდებდი - ერთ გვერდს რომ წავიკითხავდი, მეორე წუთს შინაარსი აღარ მახსოვდა. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ყველანაირი ნიშანი მქონდა იმისა, რომ მშობლებს ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ეზრუნათ და ფსიქოლოგთან მივეყვანე. თუმცა ამ პრობლემას არ აღიარებდნენ - ერთის მხრივ, იმიტომ, რომ სერიოზულად ვერ აფასებდნენ სიტუაციას და მეორეს მხრივ, ამის აღიარება საზოგადოებაში არსებული მაღალი სტიგმის გამო არ სურდათ. მეც ვერ ვახერხებდი ჩამომეყალიბებინა ჩემი საჭიროება, ფსიქოლოგიური დახმარება რომ მჭირდებოდა. ცოტა რამ მახსოვს იმ პერიოდიდან, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა, რომ ძალიან მინდოდა ისეთი ადამიანი, ვისთანაც დავჯდებოდი და თავისუფლად მოვუყვებოდი, რაც მაწუხებდა. ერთადერთი, რაშიც შვებას ვპოულობდი, ძილი იყო. საძილე საშუალებას დილიდან ვიღებდი, დღეც რომ ძილში გამეტარებინა. ოჯახში არავინ აღმოჩნდა, ვინც მეტყოდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ასეთ მდგომარეობაში 5 წელი გავატარე, რომელიც ჩემი ცხოვრებიდან გამქრალი დროა.

ძალიან გამიმართლა, რომ საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალები, მეთქვა, ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლებოდა. პირველი, რაც მოვინდომე, ინგლისურის სწავლის გაგრძელება იყო. ამ იდეას ოჯახში დიდი ენთუზიაზმით და მხარდაჭერით არ შეხვდნენ. არ სჯეროდათ, რომ ისევ შევძლებდი სწავლას. მაგრამ მოგვიანებით დავუმტკიცე, რომ სწავლაც შემეძლო და პარალელურად, მუშაობაც.

5-წლიანი იზოლაციის შემდეგ, გარეთ გასვლისას სხვა გამოწვევების წინაშე დავდექი - აღმოჩნდა, რომ გარეთ გადაადგილება დამოუკიდებლად აღარ შემეძლო. ინგლისურის კურსებზე დედას დავყავდი, თუმცა მოგვიანებით ხელჯოხი შევიძინე და დამოუკიდებლად სიარულის სწავლა თავიდან დავიწყე.

ინგლისურის კურსების დასრულების შემდეგ, საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა. ამ პერიოდში, სოციალური სააგენტოს დასაქმების პროგრამის მეშვეობით, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში დავიწყე მუშაობა. იქ პირველად შევეჩეხე სამუშაო ადგილას დისკრიმინაციულ მოპყრობას. ჩვენ, როგორც დაბალი რგოლის დასაქმებულებს, მაგალითად არ გვქონდა გარკვეულ საჯარო სივრცეებზე წვდომა. მაშინ ჩემი უფლებებისა და მათი გმოყენების შესახებ არ ვიცოდი, თორემ აუცილებლად სამართლებრივად მივუდგებოდი ამ საკითხს.

ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დასაქმების კარი ღია არ არის. მოგვიანებით, გადავწყვიტე, ისეთი პროფესია მესწავლა, რომელიც დასაქმებაში ხელს შემიწყობდა. ერთ-ერთ კოლეჯში საოფისე საქმის სპეციალობის კურსზე შევედი. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" პროექტში დავსაქმდი. პროექტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების გაძლიერებას ეხებოდა და ამ თემებზე ბლოგებს ვწერდი. ეს ორგანიზაცია იმ იშვიათი დამსაქმებლის სიაშია, რომელიც დასაქმებული შშმ ადამიანების საჭიროებებს ითვალისწინებს. გარდა ღირსეული სამუშაო პირობებისა, აქ მქონდა შესაძლებლობა, ბევრი რამ მესწავლა შშმ პირთა კონვენციაზე, უფლებებსა და მათ სამართლებრივ გამოყენებაზე. პროექტი 6 თვე გაგრძელდა და ეს პერიოდი დამეხმარა, საკუთარი თავი და მომავალი ინტერესები მეპოვა. ახლა ვიცი, რაც მინდა ვაკეთო - შშმ თემთან მუშაობა და მათი გაძლიერებაა ჩემი ინტერესის სფერო და სამომავლოდ მსგავს პროგრამებში ვხედავ საკუთარ თავს. ძალიან მინდა, ევროპის ქვეყნების შშმ თემის გამოცდილების გაზიარება, უკეთ რომ გავიგო, მათ როგორ მოახერხეს გამართული სისტემის დანერგვა.

სკოლის ასაკიდან რამდენიმე მეგობარი შემომრჩა. ერთ-ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უკვე 10 წელია, სახლიდან არ გამოდის. ბევრს ვესაუბრები, საკუთარი მაგალითით ბიძგი რომ მივცე, მაგრამ ასეთ დროს, ოჯახის მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, ოჯახის მხრიდან ამ პრობლემის აღიარებითა და ერთობლივი მუშაობით იწყება.

ახლა ისევ ახალი სამსახურის ძიებაში ვარ, თან ახლა მეტი სამუშაო გამოცდილება და მომზადების დონე მაქვს. დიდი იმედი მაქვს, პანდემია არ შემიშლის ხელს და დამსაქმებელი გამოჩნდება. დასაქმება და სოციალიზაცია ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო, არ დავკარგო საკუთარი თავის რწმენა და ისევ იზოლაციაში არ მოვექცე, საიდანაც რთულად, მაგრამ მაინც დავაღწიე თავი.“

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან