"გუგლის წარმომადგენელმა გვთხოვა, გაგვეხსენებინა ჩვენი მიღწევები...განათლება მაშინაა ღირებული, როცა მას სხვასაც უზიარებ" - კვირის პალიტრა

"გუგლის წარმომადგენელმა გვთხოვა, გაგვეხსენებინა ჩვენი მიღწევები...განათლება მაშინაა ღირებული, როცა მას სხვასაც უზიარებ"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 25 წლის თამარ ონიანის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თამარ ონიანი, 25 წლის, ნაგომარი, გურია

"პროფესიის არჩევისას, გოგოებისთვის, ხშირად, სკოლა ან ოჯახია განმაპირობებელი. მათ ხშირად ურჩევენ, ისეთი პროფესია შეარჩიონ, რომელიც ქალების გამოცდილებასთან ახლოს დგას და კონკურენციაში არ შევლენ კაცებთან. მსგავსი დამოკიდებულებები ქალებს მოტივაციას უკარგავს, საკუთარი ძალები ახალ, უფრო შემოსავლიან პროფესიებში მოსინჯონ და პირად ინტერესებსა და მისწრაფებებს მიჰყვნენ.

ჩემს შემთხვევაშიც იგივე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლა სულ მინდოდა, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით, უცხო ენებზე ჩავაბარე, შემდგომში პედაგოგად დასაქმების პერსპექტივით. პედაგოგის პროფესიას არ ვაკნინებ, პირიქით, მაგრამ ჩემი ინტერესი სრულიად განსხვავდებოდა ოჯახის მიერ შემოთავაზებული ვერსიისგან. თუმცა, უკვე მოგვიანებით, ჩემს პირველად ოცნებას მაგისტრატურაში შევასხი ფრთები - ჯიპაში, კომუნიკაციების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი ავიღე.

სწავლის დასრულების შემდეგ, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ისევ რეგიონში დავბრუნებულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქში თავის დამკვიდრება უფრო მარტივია, მინდოდა, პროფესიული განვითარება გურიაში გამეგრძელებინა. სამსახურის მოძებნა ძალიან გამიჭირდა - პატარა სივრცეში ყველაფერი ნაცნობობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, გასაუბრებების შემდეგ ან უარი მომდიოდა, ან, უფრო ხშირად, უკან აღარავინ მირეკავდა. თუმცა ჩემმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ოზურგეთში "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში" დავსაქმდი, სადაც დღემდე ვმუშაობ.

დასაქმებიდან ერთ წელში, გავიგე, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები გოგოებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო კურსზე მიღება გამოაცხადა. ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა თავისუფალ დროსა და თანხებზე არასდროს მიმიწვდებოდა ხელი. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ეს ჩემი განვითარების შესაძლებლობა იქნებოდა.

21-ე საუკუნეში ჩვენი ცხოვრება ტექნოლოგიებთანაა გადაჯაჭვული, უბრალოდ, ქალების როლი ამ პროფესიაში დაკარგული იყო, ამიტომ, ამ კურსზე არა მხოლოდ შევიტანე განაცხადი, გურიაში მცხოვრებ ყველა ნაცნობ თუ უცნობ გოგოსაც ვურჩიე დარეგისტრირება.

სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო - ბევრი ახალი პლატფორმისა და ტექნიკის შესახებ მივიღე ცოდნა, რაც პროფესიულ ზრდაში გამომადგებოდა სამომავლოდ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ქალები ერთმანეთის კონკურენტები კი არ გამოვდექით, არამედ ურთიერთგაძლიერების მიზნით, ერთმანეთს ვუზიარებდით ახალ მიგნებებსა და რესურსებს.

კურსის დასრულების შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ლისაბონის ვებ სამიტზე დასასწრებად, კურსდამთავრებულებისთვის კონკურსი გამოაცხადა. შესარჩევი პროცესი ჩემი ოჯახის ტრაგიკულ ამბავს დაემთხვა - მამა გარდამეცვალა და ისე მძიმედ ვიყავი, არც კი მახსოვს, გასაუბრებაზე რა ვილაპარაკე. მოგვიანებით დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ლისაბონში მივდიოდი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ვიცოდი, ეს შესაძლებლობა იქნებოდა ჩემთვის, თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს უფრო ახლოს გავცნობოდი.

ვებ სამიტზე შევხვდი ფეისბუქის, გუგლის, "სამსუნგისა" და სხვა მსხვილი ციფრული კომპანიების წარმომადგენლებს, რომელთა უმეტესობა ქალი იყო. ვხედავდი, როგორ უზიარებდნენ ეს ქალები ერთმანეთს მიღწევებს და ერთმანეთის გაძლიერებასა და თვითრწმენის ამაღლებას ცდილობდნენ. სამიტის ერთ-ერთ ფორუმზე - „მე მნიშვნელოვანი ვარ“, გუგლის წარმომადგენელმა ქალმა გვთხოვა, გაგვეხსენებინა ჩვენი მიღწევები. ჩემს მიღწევად დავასახელე, რომ ახალგაზრდებთან, მათ შორის, გოგოებთან მუშაობის შესაძლებლობა რომ მქონდა და ვუწევდი პროფესიულ კონსულტაციებს. როგორც მე მოვექეცი გენდერული სტერეოტიების გავლენის ქვეშ პროფესიის არჩევისას, ასევე გადის დღემდე იმავე გზას ბევრი გოგო. მიხარია, რომ ამ ახალგაზრდებთან სამოტივაციო საუბრების შესაძლებლობა მომეცა, მეთქვა, რომ არ შეშინებოდათ სტერეოტიპების და ისეთი პროფესია აერჩიათ, რომელიც აინტერესებთ და მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ჩემი მიღწევაა, რომ ბევრ გოგოს აზრი შევაცვლევინე და ტექნოლოგიების მიმართულებით გავუძლიერე ინტერესები.

ახალი პროფესიისა და ცოდნის დაუფლებამ მეტი თავდაჯერებულობა შემძინა. კოვიდ-19-ის ეპოქაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა საინფორმაციო ტექნოლოგიები. ჯერ ერთი, ეს საშუალებაა დისტანციურად მუშაობის, ასევე, გაძლევს შესაძლებლობას, დამსაქმებელი თავად შეარჩიო და ერთდროულად რამდენიმე სამუშაო ადგილი გქონდეს, რაც პირდაპირ აისახება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ეს ცოდნა ახლა ზურგს მიმაგრებს და ვიცი, საინტერესო სამუშაოს პოვნა ყოველთვის შემეძლება.

ვფიქრობ, განათლება მაშინაა ღირებული, როცა მას სხვასაც უზიარებ. დიდი სურვილი მაქვს, შევქმნა ისეთი ქსელი, რომლის მეშვეობით, რეგიონში ქალებს სრულიად უსასყიდლოდ გავუზიარებ ცოდნას ტექნოლოგიების მიმართულებით, თავი რომ მეტად თავდაჯერებულად იგრძნონ და ოჯახის წევრებზე არ იყვნენ დამოკიდებული.

ამას მოხალისეობრივად ისედაც ვაკეთებ. ბევრი ახალფეხადგმული მეწარმისთვის დამიგეგმავს პროექტები და სოციალური მედიის სტრატეგიები. ქალებს სჭირდებათ მოტივიაცია და მხარდაჭერა, ასევე, ბევრი როლური მოდელი. ამიტომ, ჩემს პირად პასუხისმგებლობად მივიჩნევ მათ დახმარებასა და წახალისებას, მომავალში დამოუკიდებელი ნაბიჯები თავად რომ გადადგან.

მინდა, გოგოებს ვურჩიო, რომ პროფესიების არჩევისას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება. შეიძლება სხვას მოუსმინო, მაგრამ სხვისი გადაწყვეტილებით ბედნიერი ვერ იქნები. არ უნდა შეეშინდეთ განსხვავებული ნაბიჯების გადადგმის, შიში უნდა დაძლიონ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ. თანაც, ტექნოლოგიის სფეროში ქალებმა უკვე შევძელით გზის გაკვალვა და ამ გზაზე სიარული სხვებს ახლა უფრო გაუმარტივდებათ."

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან