ძალადობის მსხვერპლნი - კვირის პალიტრა

ძალადობის მსხვერპლნი

რატომ ითმენენ ქალები შეურაცხყოფას და ძალადობას? დამცირებულებისგან ბევრჯერ გაგვიგია, - "ფინანსურად დამოუკიდებელი არ ვარ და ვერ შევძლებ  შვილების შენახვას", "შვილებისთვის დედ-მამის ერთად ყოფნა სჯობია"... და ქალებიც იტანენ დამცირებას.

ჩვენი რუბრიკის სტუმარმა 18 წელი იცხოვრა ქმართან. ბევრი შეურაცხყოფა აიტანა, ბევრი ცრემლიც დაღვარა, ბოლოს მიხვდა, რომ შვილებისთვის კარგს კი არა, საშინელ რამეს სჩადიოდა. ერთი დღეც არ ყოფილა ქმართან ბედნიერი... აი, რა გვიამბო მანანამ:

- 23 წლისა გავთხოვდი. დედა ხშირად  ავადმყოფობდა და სულ მეუბნებოდა, - მინდა პატრონს ჩაგაბარო, მერე დამშვიდებული წავალ იმ ქვეყნადო. იმ პერიოდში ერთი ბიჭი მომწონდა, მაგრამ ზედაც არ მიყურებდა, ხელი ჩავიქნიე და ნათესავის ოჯახში გაცნობილ თემოს  ცოლად გავყევი. ახლა ვბრაზობ, რომელი გადახრჩუებული ბებერი მე ვიყავი, რომ ავჩქარდი და უცნობ კაცს მივთხოვდი?! თემო 8 წლით უფროსი იყო, მიაჩნდა, რომ ქალი შინ უნდა მჯდარიყო, სადილ-ვახშამი ეკეთებინა, ქმარ-შვილისთვის მოევლო. დედამთილიც ხშირად მმოძღვრავდა, - ქალი რომ გათხოვდება, პირადი ცხოვრება უნდა დაივიწყოსო. ერთმანეთის მიყოლებით გავაჩინე შვილები, ჯერ ვაჟი, მერე გოგონა.

მათთვის სულს არ დავიშურებდი, მაგრამ არ მესმოდა, პირადი რატომ უნდა დამევიწყებინა? უმაღლესი განათლება მქონდა, ისტორიას ვასწავლიდი სკოლაში, მეგობრებიც მყავდა... რატომ უნდა მეთქვა უარი ჩემს საქმეზე ან მეგობრებთან ურთიერთობაზე? თემო მეუბნებოდა, შენი გროშები არ მჭირდება, იმდენს კი შემოვიტან, რომ გეყოთო, მაგრამ არ მახსოვს,  ჩემთვის ფული მოეცეს... პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა. პირველად, როცა ხელით შემეხო, გაყრა გადავწყვიტე, მაგრამ მერე მივხვდი, ისეთი მძიმე ხასიათის იყო, თანაც უძუნწესი, რომ ჩემი ჯიბრით ბავშვებს გროშითაც არ შეეწეოდა.

ერთ დღეს დედამისის თვალწინ ისე მცემა,  ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა. მიჭირდა, მაგრამ ვითმენდი. ფინანსურად დამოუკიდებელი რომ ვყოფილიყავი, ან ვინმეს იმედი მქონოდა, მოვკიდებდი ჩემს შვილებს ხელს და წამოვიდოდი იმ სახლიდან, სადაც ტკივილის და ცრემლის გარდა არაფერი მრგებია. მამაჩემმა დედის სიკვდილის შემდეგ ცოლი რომ შეირთო, ჩემი თავი საბოლოოდ მაშინ გამოვიტირე. მივხვდი, არც რუსეთში გადახვეწილი ძმა, არც "გაბედნიერებული" მამა და არც ნათესავები ჩემი დამხმარე არ იყვნენ.

მეზობლის ბავშვების მომზადება დავიწყე. ქმართან ცხოვრების 7 წლის შემდეგ ჩემთვის და ბავშვებისთვის წვრილმან რამეებს თვითონ ვყიდულობდი და პატარა გოგოსავით მიხაროდა. ბედნიერი ვიყავი, რომ თემოსთან სამათხოვრო არაფერი მქონდა. დედამისის სიკვდილის შემდეგ სულ გამხეცდა, ხშირად სვამდა და ჩხუბობდა. არასოდეს მოუხდია ბოდიში, მიაჩნდა, რომ ყველაფერი ეპატიებოდა, რადგან ოჯახის მარჩენალი იყო.

ერთხელ, გავბედე და ვკითხე: ვიცი, არ გიყვარვარ და რატომ არ მშორდები-მეთქი. ჯერ კარგა ხანს მიყურა, მერე თავი გადაიქნია: რა საჭიროა ცოლი გიყვარდეს, მან შვილები უნდა გაგიჩინოს, საყვარლად კი, ქალების მეტი რაა ამქვეყნადო.

გიგა 16 წლის იყო, როცა ჩემს საცემრად ხელაწეულ მამას გადაეღობა და უთხრა: - დედას თითი არ დააკარო, თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებო... იმან - მამას როგორ უბედავ ასე ლაპარაკსო და პირველად დაარტყა ბიჭს. გიგამაც აღარ მოუთმინა და ისეთი გასცხო, კედელს მიანარცხა. ცუდად გავხდი... ამის შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი, რატომ ვითმენდი ამდენს, შვილების სასიკეთოდ? მაგრამ ბავშვებს წლების განმავლობაში ნევროზი ჩამოუყალიბდათ.

მოგვიანებით გავიგე, რომ თემოს საყვარელიც გაუჩენია. შვილებთან თავისი საქციელის გამართლებას შეეცადა, მაგრამ ყური არ ათხოვეს... მერე მეგობარმა ბინა მიშოვა და შვილებიანად წამოვედი... თემომ კარგა ხანს მლანძღა, ბოლოს  დაიღალა და გაჩერდა. ერთადერთი სიკეთე გააკეთა - საყვარელთან გადავიდა, მე კი შემომითვალა, - ბინა ბავშვებისაა, მათ შენ უფრო სჭირდები, იქ იცხოვრეთო.

ახლა ვფიქრობ, რატომ შევწირე მას ახალგაზრდობის ყველაზე ძვირფასი და ლამაზი წლები?..