უარყოფილი სიყვარული, ანუ გადაულახავი ბარიერი - კვირის პალიტრა

უარყოფილი სიყვარული, ანუ გადაულახავი ბარიერი

ნიკა 15 წლის იყო, როცა ერთ მშვენიერ დღეს კიდევ უფრო მშვენიერი ახალგაზრდა ქალი შევიდა საკლასო ოთახში და მოსწავლეებს გამოუცხადა, - დღეიდან თქვენი ინგლისურის მასწავლებელი ვიქნებიო. იმ წუთიდან რაღაც დაეტაკა, თვალმოუშორებლად მისჩერებოდა ნინოს. პედაგოგს ნიკასთვის ყურადღება არ მიუქცევია...

გაგიგიათ, რომ სიყვარულისგან ადამიანი ავად გახდეს? მე ეს საკუთარი თვალით ვნახე (ნიკა ჩემი ბიძაშვილი და კლასელი გახლავთ!). ტემპერატურა აეწია, ექიმებმა დაასკვნეს, - რაღაც ვირუსი შეეყარაო და წამლებთან ერთად წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. რამდენიმე დღის შემდეგ ნიკა თავის ორ უახლოეს მეგობარს გამოუტყდა - სიყვარულით ვარ ავად და სანამ ნინო არ მომინახულებს, არანაირი წამალი არ მიშველისო. ბიჭებმა იმდენი ქნეს, რომ ნინო ნიკას სანახავად მიიყვანეს. სასწაულიც მაშინვე მოხდა - ნიკა გამოკეთდა და სკოლაშიც წავიდა.

დიდხანს არაფერი იმალება და მალე ყველამ გაიგო ეს ამბავი. ნინო ნიკაზე 7 წლით უფროსი იყო. ისე შეწუხდა ამის გამო, რომ სკოლიდან წასვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ დირექტორმა განცხადებაზე ხელი არ მოუწერა, - ნუ აჩქარდები, ნიკა სკოლას რომ დაამთავრებს, ეს გატაცებაც გაუვლისო...

მაგრამ ნიკამ სკოლაც დაამთავრა, სტუდენტიც გახდა და მაინც არ გადაუარა, ლამის აღმერთებდა ქალს. ნიკას მეგობრები ისევ ესტუმრნენ ნინოს - ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთი სიყვარულიაო, - უთხრეს ბიჭებმა. ნინომ კი  უპასუხა: ქმარს გაცილებული ქალი ვარ, ნიკაზე 7 წლით უფროსი, არ ვართ შესაფერისები, ის გაცილებით უკეთესის ღირსიაო  და ამით დაასრულა ლაპარაკი.

ზოგჯერ ქალ-ვაჟის ურთიერთობა არ შედგება, მაგრამ მათი სიყვარულის ამბავს მოგვიანებით ზღაპარივით ჰყვებიან. ვერ გეტყვით, ნინო რომ ნიკას ცოლად გაჰყოლოდა, როგორი ოჯახი ექნებოდათ... ნიკას დღეს ცოლიც ჰყავს და შვილებიც, ნინო კი ხუთი წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, იქაურ კაცს გაჰყვა ცოლად და ალბათ ბედნიერიცაა...

ნატა სხირტლაძე, თბილისი