"სიმართლის დადასტურება შევძელით" - კვირის პალიტრა

"სიმართლის დადასტურება შევძელით"

რამდენიმე ნომრის წინ  დაიბეჭდა წერილი - "სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, ანუ ალიმენტი სხვისი შვილისთვის". ცოლყოფილის საქციელით გაკვირვებული კაცი ამბობს, - მართალი ყოფილა: ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩიც ვერ დააკავებსო. მართლაც ასეა!

ჩემი ძმა 8 წელი ცხოვრობდა ქალთან, რომელსაც ქმრის ნათესაობასთან ურთიერთობა არ სურდა. ძალიან ვწუხდით, მაგრამ  გუგას ცოლი უყვარდა, ამიტომაც არაფერში ვერეოდით. რამდენიმე ხნით გუგას საზღვარგარეთ მოუწია წასვლამ. მისი ცოლ-შვილი აქ დარჩა. ბავშვს ბაღში რომ მიიყვანდა, ჩვენი რძალი ხან სად გარბოდა, ხან - სად. ერთხელ,  შემთხვევით, უცნობი კაცის მანქანაში დავინახე, ერთმანეთს სიყვარულით რომ შესციცინებდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს რძალს საყვარელი ჰყავდა.

ხანგრძლივი მივლინებიდან დაბრუნებული ძმისთვის არ ვიცოდი, მეთქვა თუ არა, ცოლი რომ ღალატობდა. ერთხელაც, ჩემმა ძმამ მოგვახარა, მალე მეორე ბავშვი გვეყოლება, ციცი ორსულადააო. მინდოდა მეთქვა,- ეგ ბავშვი შენი არ უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ  ხმა არ ამოვიღე.  პატარა გაჩნდა  თუ არა, ციციმ განქორწინება გადაწყვიტა, - სხვა მიყვარს, შენთან ვეღარ ვიცხოვრებო, - გამოუცხადა ჩემს ძმას.

გუგას უკვე გაგებული ჰქონდა, რომ ცოლი ღალატობდა, ამიტომ უყოყმანოდ დათანხმდა.

სასამართლოზე ციციმ ორივე ბავშვზე ალიმენტი მოითხოვა. მაშინ კი ვეღარ გავჩუმდი, -  ვფიქრობ, ბავშვი ჩემი ძმისგან  არ უნდა ჰყავდეს-მეთქი. იცით, რა ამბავი ამიტეხა? ქვეყნის დამაქცევარი მიწოდა, თუმცა გუგამ ჩემი ეჭვი გაიზიარა და მოითხოვა  დნმ-ის  ანალიზის ჩატარება - მეორე ბავშვი გუგასი არ აღმოჩნდა.

თქვენი რესპონდენტი ტარიელ გაბარაშვილი, რომლის ცოლმაც ჯერ ნათესავის ბავშვი იშვილა, ახლა კი ამტკიცებს, ტარიელისგან მეყოლაო, უფლებამოსილია, სასამართლოს მოსთხოვოს სისხლის ანალიზის გაკეთება. სრულიად მარტივად გადაიჭრება შვილისა და ალიმენტის საკითხი. ცოლყოფილიც დაწყნარდება და თქვენი რესპონდენტიც თავის სიმართლეს დაადასტურებს.

მზია ვარდიაშვილი