"ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი იყო... ვაკანსიის გასაუბრებაზე რომ მივედი და გოგო დამინახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა" - კვირის პალიტრა

"ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი იყო... ვაკანსიის გასაუბრებაზე რომ მივედი და გოგო დამინახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 34 წლის ანი თითმერიას ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ანა თითმერია, 34 წლის, ზუგდიდი

"მათემატიკა ყოველთვის კარგად გამომდიოდა და სკოლიდანვე ვიცოდი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა მინდოდა. მათემატიკის მასწავლებელს რომ ვუთხარი, ინფორმატიკაზე ვაბარებ-მეთქი, სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია, პირიქით - ძალიან გაუხარდა და სულ ხელს მიწყობდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ბაკალავრის დიპლომიც ავიღე, მაგრამ მეგონა, უნივერსიტეტში უკეთეს ცოდნას მივიღებდი და, მაგალითად, ალგორითმებზე მეტს ვისწავლიდი. სინამდვილეში, ერთი წელიც საკმარისია, რომელიმე მიმართულება საფუძვლიანად რომ შეისწავლო და კონკრეტული პროფესია შეიძინო, მაგრამ იმდროინდელი სისტემა მხოლოდ ზოგად განათლებას გაძლევდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სახლში კომპიუტერი არ მქონდა, ინტერნეტ კაფეებში დავდიოდი, სადაც საათობრივად გვიწევდა თანხის გადახდა და იქ მეტი განვითარება შეუძლებელი იყო.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, რეპეტიტორად ვმუშაობდი - ბავშვებს მათემატიკაში ვამზადებდი, თუმცა ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარება არასოდეს შემიწყვიტავს, შანსს არ ვუშვებდი ხელიდან და ყოველთვის ვერთვებოდი სხვადასხვა ტრენინგში, სადაც უამრავი რამე ვისწავლე. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, ვერასოდეს იტყვი, რომ ამ სფეროში განვითარება ამოწურე.

რა ტრენინგებიც ამ წლების განმავლობაში გამივლია, ჯერჯერობით, ყველაზე პროდუქტიული გაეროს ქალთა ორგანიზაციის კურსი აღმოჩნდა. ზუსტად მახსოვს, აპლიკაცია ბოლო წუთებში შევავსე და ღამის 4 საათზე გავაგზავნე. მართალი გითხრათ, მაშინ დიდი მოლოდინი არ მქონდა, რომ რამე განსაკუთრებულ ცოდნას მივიღებდი, მაგრამ ძალიან მოკლე დროში ზუსტად ის ვისწავლე, რაც მე მჭირდებოდა. ეს კურსი ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგან, შეიძლება ითქვას, იმ პროფესიასთან დამაბრუნა, რომელიც უნივერსიტეტში ბოლომდე ვერ ვისწავლე. 125 ქალიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეირჩა, 40 საუკეთესოშიც მოვხვდი და ამ პროგრამითვე გავიარე სტაჟირება ლოჯისტიკის ქართულ კომპანია „STYX”-ში, სოცმედიისა და ვებ პროგრამირების მიმართულებით.

პროგრამის დასრულების შემდეგ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სამეგრელოს ჯგუფის ქალები ერთ გუნდად შევიკრიბეთ და სხვადასხვა კერძო შეკვეთაზე ვმუშაობთ. რამდენიმე ადგილობრივ მეწარმეს გავუკეთეთ ვებგვერდი, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩემი შემოსავალი მხოლოდ ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად კერძო პროექტებზე მუშაობა და დამატებითი შემოსავლის მიღებაც შემიძლია.

ჩემი ინტერესის გამო, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა არასდროს მქონია. პირიქით, ყველა მხარს მიჭერდა მაშინაც, როცა ინფორმატიკაზე ჩაბარება გადავწყვიტე და მერეც – როცა ამ სფეროში განვითარებას ვცდილობდი, მეუღლის ოჯახისგანაც მხარდაჭერა მქონდა. ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჩემი დედამთილი იყო, რომელიც ყველაფერში ხელს მიწყობდა. ამიტომ, ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ ქალების ერთად დგომა ბევრ რამეს ნიშნავს. თუმცა საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპები, რომ ტექნოლოგიები ქალების სფერო არ არის. წლების წინ, ერთ-ერთ ბანკში ვაკანსია გამოჩნდა, ტექნიკური ხელმძღვანელი სჭირდებოდათ. გასაუბრებაზე რომ მივედი და გოგო დამინახეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ვერ იჯერებდნენ, რომ ქალსაც შეეძლო ამ პოზიციაზე მუშაობა. ბოლოს, რა თქმა უნდა, არ ამიყვანეს. ასეთი შემთხვევები მეტ სტიმულს მაძლევდა და სწორედ ამის შემდეგ გავიარე არაერთი ტრენინგი.

სხვათა შორის, კერვა დედამთილმა მასწავლა და ჰობი ბიზნესად ვაქციე - 2017 წელს „აწარმოე საქართველომ“ დაგვაფინანსა და საკერავი მანქანები შევიძინე. საოჯახო ტექსტილის წარმოება როცა დავიწყე, მალევე მივხვდი, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვან როლს სოციალური მედია ასრულებდა, ვებგვერდიც თუ გაქვს, შეგიძლია, შენს ქალაქს, რეგიონს და თუნდაც, ქვეყანას გასცდე. ამ ტრენინგების შემდეგ, შევქმენი საკუთარი ბიზნესის ვებგვერდი და გავმართე ფეისბუქის გვერდიც. შედეგად, ჩემი გაყიდვები 30%-ით გაიზარდა, რაც მცირე ბიზნესისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა და ვცდილობ, რომ ქალებსა და ახალგაზრდებს ცოდნა გავუზიარო და სოცმედია საკუთარი და ოჯახის ბიზნესების განვითარებაში გამოიყენონ. სხვათა შორის, ერთ-ერთ მეზობელს, რომელსაც ტანსაცმლის მაღაზია აქვს, სოციალურ ქსელში გვერდი ახლახანს გავუკეთე და ამბობს, რომ ეს ბიზნესის გადარჩენაში დაეხმარა.

ამ ტრენინგებმა ყველაზე მეტად თავდაჯერებულობა შემმატა - 34 წელი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიანებულია, რამე ახალი ისწავლო. მეტი ინტერესი და სტიმული გამიჩნდა, ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით გავიღრმავო და პროფესიულ სასწავლებელშიც ჩავაბარო ვებ-დიზაინის მიმართულებით.”

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან