სიმკაცრე თუ დესპოტიზმი, ანუ მონასტერს შეხიზნული გოგონა - კვირის პალიტრა

სიმკაცრე თუ დესპოტიზმი, ანუ მონასტერს შეხიზნული გოგონა

მკაცრ ოჯახში დაკომპლექსებული ბავშვები იზრდებიან. მათ დროთა განმავლობაში წინააღმდეგობის სურვილი უძლიერდებათ და როგორც კი საშუალება მიეცემათ, სხვადასხვა სახით ამჟღავნებენ პროტესტს. ასე მოხდა ერთ ქართულ ოჯახშიც, სადაც მამაკაცის კულტი მეფობდა, ქალის აზრს კი ნაკლებად უწევდნენ ანგარიშს.

ბატონი კოტე სამ ვაჟიშვილსაც მკაცრად ზრდიდა, მაგრამ ნაბოლარა ქალიშვილს უფრო უჭერდა ხელს. სულ უჩიჩინებდა, - სამარცხვინო რამ არ ჩაიდინო, თორემ თავს მოგაჭრიო(!). შეძახილმა ხე გაახმოო. ნანა ჩვიდმეტ წლამდე ისე მივიდა, ყველაფერზე გული უსკდებოდა. სკოლაში უმაღლეს შეფასებას თუ არ მიიღებდა, ტირილით დაისივებდა თვალებს, დედას უტყდებოდა მხოლოდ, ეხვეწებოდა, - მამასთან არ გამამხილოო და ღამეს გაათენებდა მეცადინეობით, რომ უახლოეს დღეებში გამოესწორებინა ნიშანი. ბიჭთან მეგობრობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი, თანაკლასელ ბიჭებსაც არ ეკონტაქტებოდა. ამიტომ კარგა ხანს თანატოლები ზურგს უკან დასცინოდნენ და "შექანებულს" ეძახდნენ. ნანამ თავისი მეტსახელი იცოდა, წუხდა, მაგრამ მამის განრისხებას ყველაფერი ერჩივნა...

თუმცა, სკოლა რომ დაამთავრა და უმაღლეს სასწავლებელშიც ჩაირიცხა, "თვალში გამოიხედა" და დაინახა, რომ ეს სამყარო მამით არ იწყება და არც მთავრდება, ბევრი რამ არის ლამაზი, მშვენიერი, მისასალმებელი და არის სიყვარული, რომელიც მაშინვე ესტუმრა, როგორც კი ცოტათი მოშორდა მამას... ვაჟა რაიონიდან გახლდათ. ისეთი ნიჭიერი ბიჭი იყო, პროფესორ-მასწავლებლები დიდ იმედებს ამყარებდნენ მასზე. სიყვარულმა რიდი, შიში და უკან დახევა არ იცის (ეს მაშინ, როცა დიდ სიყვარულზეა ლაპარაკი, თორემ რამდენი ვიცით "კურდღელა-ადამიანები"), ჰოდა, ნანა თავდაყირა გადაეშვა სიყვარულის მორევში.

ისინი სულ ერთად იყვნენ, ერთად მეცადინეობდნენ ვაჟას ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში. ვაჟი სთხოვდა - ჯვარი დავიწეროთ და ერთად ვიცხოვროთო, მაგრამ ნანა სამომავლოდ სდებდა ამას. მერე უბედურება დაატყდა ნანას ოჯახს, შუათანა ძმას მანქანა დაეჯახა და დაიღუპა 21 წლის ბიჭი... აბა, ამხელა ტრაგედიის შემდეგ თავის გაბედნიერებაზე როგორღა ამოიღებდა ხმას... სანამ შეეძლო, მალავდა, მაგრამ ბოლოს ისევ დედას გაუმჟღავნა:

ვიცი, ჩემს ნაბიჯს მამაჩემის რისხვა მოჰყვება, მაგრამ ორსულად ვარ, სხვა გზა არ მაქვს, მე და ვაჟას ერთმანეთი გვიყვარს და მასთან უნდა წავიდეო. შემოირტყა დედამ ხელი, გული უგრძნობდა, რომ ქალიშვილის გადაწყვეტილება ახალ უბედურებას მოიტანდა... და მართლაც, ეს ამბავი რომ გაიგო, კოტეს რისხვას საზღვარი არ ჰქონდა... ვაჟას თავისი დამქაშები - "ხელის ბიჭები" მიუგზავნა და ისე აცემინა, საწყალს ცხვირ-პირი ჰქონდა გაერთიანებული. მისი პატრონი ვინ იყო? შორეული ნათესავი და ორი ძმაკაცი უვლიდნენ.

შინ მისი მკურნალობა თითქმის ერთ თვეს გაგრძელდა. განრისხებული მამა კატეგორიულად მოითხოვდა, "იმ მათხოვრის" ბავშვი სასწრაფოდ მოეცილებინა ნანას. ექიმი საათზე მეტხანს ელაპარაკა, რომ 6 თვის ნაყოფის მოცილება ყოვლად დაუშვებელი იყო, არაფრის გაგონება არ უნდოდა, - მირჩევნია, მოკვდესო! ბოლოს, ნაცნობი მღვდელი ჩარიეს საქმეში. მან ასეთი გამოსავალი ნახა - ერთ-ერთ დედათა მონასტერში წავიყვან და მონაზვნებს ჩავაბარებო... კოტე დათანხმდა, ისიც კი არ უკითხავს, იქ ვინ ან როგორ უნდა ამშობიაროს ჩემი შვილიო...

ნანამ გოგონა გააჩინა, მარიამი დაარქვა. ზედ დაჰკანკალებდა, მაგრამ მონასტერში ძნელი აღმოჩნდა ბავშვის მოვლა-პატრონობა. ვაჟამ ნანას დედისგან შეყვარებულის ადგილსამყოფელი გაიგო და მონასტერში მიაკითხა. ნანამ - ერთი წელი კიდევ დავრჩები მონაზვნებთანო, ბავშვის გატანებაზე კი დათანხმდა. ვაჟამ ნანა დაამშვიდა, - ნათესავი დამეხმარება ბავშვის მოვლაში, შენ კი შინ დაბრუნებაზე აღარც იფიქრო, ჩემთან წამოდიო... ნანაც ვაჟასთან და პატარა მარიამთან ყოფნაზე ოცნებობდა, მაგრამ მამის მუქარის გახსენება ზარავდა, - არ გაბედო იმ ბოგანოსთან დაბრუნება, თორემ სამივეს ყელს გამოგჭრითო...

გოგონამ იცის, რომ მამამისი რასაც ამბობს, ასრულებს კიდეც, ამიტომ ჯერ ვერ ბედავს ვაჟასთან მისვლას. არადა, უსაზღვროდ ენატრება ეს ორი უძვირფასესი ადამიანი... და კიდევ დედა, რომელიც ტირილით ათენ-აღამებს, ქმრის შიშით ხმას ვერ იღებს, თვეში ერთხელ კი ჩუმად ნახულობს ქალიშვილს. ვაჟა, პატარა მარიამი და მათი კეთილი ნათესავი ერთად ცხოვრობენ თბილისის გარეუბანში. იმედი აქვთ, რომ მალე დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ნანა კარს შეაღებს და იტყვის: - ამიერიდან სულ ერთად ვიქნებითო.