ჩინებული "მაჭანკალი" - კვირის პალიტრა

ჩინებული "მაჭანკალი"

როგორ აპოვნინა ბებომ შვილიშვილს საბედო

ქალ-ვაჟი დიდი სიყვარულით ქმნის ოჯახს ან ტრადიციული გარიგებით, მაგრამ ხანდახან "ექსტრემალური" შემთხვევაც ხდება ხოლმე ბედნიერების საფუძველი.

ნატუკა ოჯახის ნანატრი გოგონაა. უფროსი ძმები სკოლას ამთავრებდნენ, ის რომ მოევლინა ამ ქვეყანას. ყველაზე მეტად, ნატო ბებიამ გაიხარა... გავიდა დრო, ძმებმა ოჯახები შექმნეს, ცალ-ცალკე დასახლდნენ, ბებიის იმედად კი ნატუკა დარჩა. მშობლები კარგა ხანია გერმანიაში მუშაობდნენ, ნატუკასთვის ბებია იყო დედაც, მამაც, მეგობარიც და ყველაზე დიდი მესაიდუმლეც.

ყველაფერი დაწვრილებით იცოდა ნატო ბებომ თავისი უსაყვარლესი შვილიშვილისა - ვინ ეპრანჭებოდა, რას ჩუქნიდა, ან რას ეუბნებოდა შეხვედრების დროს, თუმცა გოგონა ახლოს არავის იკარებდა.

- 18 წლის ვარ და ჯერ არავინ მყვარებია, ვაითუ, სიყვარულს ვერასოდეს ვეღირსო, - უზიარებდა შიშს ბებიას... მაგრამ ძალიან მალე ისეთი რამ მოხდა, რომ ნატუკამ სიყვარულიც "იგრძნო" და საბედოც იპოვა.

იმ დღეს ბებო დილიდანვე ვერ იყო კარგად. ნატუკა შინ დაბრუნდა და ბებია ლოგინში დახვდა, მაშინვე სასწრაფო დახმარების ნომერი აკრიფა და ექიმებიც სამ წუთში გაჩნდნენ. ირაკლი ექიმის დანახვაზე გული აუჩქროლდა ნატუკას. ასეთი რამ არასოდეს დამართვია...

სანამ არ მოფერიანდა ბებო, მანამდე გვერდიდან არ მოსცილებია ირაკლი და მისი ორი დამხმარე. კარდიოგრამაც გადაუღეს, საჭირო ნემსებიც გაუკეთეს...

მოგვიანებით ნატუკამ ბებიასაც გაანდო და მეგობარსაც - ირაკლი ექიმი ძალიან მომეწონაო...

ბებიამ უცებ გამოძებნა გამოსავალი - ისევ გავხდები ცუდად და ისევ გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარებაო. ნატუკა ცას ეწია სიხარულით, მართლაც, ამაზე კარგი გზა ირაკლის შინ შესატყუებლად არ უნდა ყოფილიყო?

ბებია კვლავ "შეუძლოდ" შეიქნა და ნატაც ტელეფონს ეცა. თან გულში ლოცულობდა, - ნეტავ ისევ ირაკლის ბრიგადა მოვიდესო. ანკესს სწორედ ნატუკას მოწონებული "თევზი" წამოეგო. ამჯერად, ნატუკამაც, "ავადმყოფმა" ბებიამაც და ნატუკას მეგობარმაც (რომელიც საგანგებოდ მოიწვიეს ექიმის  გადასანახულებლად) შეამჩნიეს, რომ ირაკლიც არ იყო გულგრილი გულშემატკივარი შვილიშვილის მიმართ.

განსაზღვრულ დროზე უფრო დიდხანს შემორჩა გამოძახების ადგილზე. მერე "გამოკეთებულმა" ბებიამ თქვა, - ეჰ, ასე უპატივცემულოდ რავა გაგიშვებთ ჩემს გადამრჩენელ ექიმებს, ფულს არ იღებთ და ჩაის მაინც შემოგთავაზებთო და - რამდენიმე წუთში სუფრაც გაიშალა... მასლაათში გაირკვა, რომ ირაკლი 25 წლის იყო და სულ რაღაც წელიწად-ნახევარია, რაც სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა...

ჩინებული "მაჭანკალი" გამოდგა ბებო. სანამ ნატუკა სასწავლებლიდან დაბრუნდებოდა, სასიძოს დაურეკავდა და - ირაკლი, შვილო, ისევ ვერ ვარ კარგად და ეგებ, ამოირბინო ჩემთან. კარგადაც გასადილებთ შენ და შენს მეგობრებს, მეც ხელს შემიწყობთ, კიდევ ცოტა ხანს ვიცოცხლოო... ირაკლისაც მეტი რა უნდოდა!

რამდენიმე თვეში, ბებომ შვილს და რძალს გერმანიაში გააგებინა - ჩამოდით, ნატუკას ძალიან მაგარ ბიჭზე ვათხოვებო.

"მაგარი" ბიჭი კი, როგორ გგონიათ, ვინ იქნებოდა, თუ არა ირაკლი ექიმი?!

აი, ასე აპოვნინა ბებომ შვილიშვილს საბედო.