"ისე გამოვიდა, რომ დროებით წამოვედი სოფელში და ბოლოს დიდი ხნით დავრჩი" - კვირის პალიტრა

"ისე გამოვიდა, რომ დროებით წამოვედი სოფელში და ბოლოს დიდი ხნით დავრჩი"

"ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 37 წლის გვანცა კიკალეიშვილის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გვანცა კიკალეიშვილი, 37 წლის, ხობი/თორსა "პროფესიით ექიმი ვარ, ერთი წელი "ჩაჩავას კლინიკაშიც"ვმუშაობდი. ისე გამოვიდა, რომ 2010 წელს, დროებით წამოვედი სოფელში და ბოლოს დიდი ხნით დავრჩი.

2013 წელს, ჩვენს სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ათინათი"შემოვიდა, რომელიც გაეროს ერთობლივი პროექტის - "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის"და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების პროექტის - "ქალთა გაძლიერება ცვლილებებისთვის"ფარგლებში, სოფლად მცხოვრები ქალების მიზნობრივ ჯგუფს არჩევდა. გასაუბრებების შემდეგ ჩვენი სოფელიც შეარჩიეს და ასე მოვხვდი პირველად არასამთავრობო სექტორში. ამავე წელს, სოფელ თორსაში ქალთა საინიციატივო ჯგუფი შევქმენით, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი გავაკეთეთ. უკვე 2017 წელს, მივხვდით, რომ მზად ვიყავით, ორგანიზაცია დაგვერეგისტრირებინა და განათლებისა და განვითარების ცენტრი "თოლისკური"დავაფუძნეთ. ამის შემდეგ, მეტი შესაძლებლობა გაგვიჩნდა სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის, მაგრამ მუდმივი შრომა გვიწევს, რომ არაფერს ჩამოვრჩეთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სასწავლო პროგრამა სოციალურ ქსელში ვნახე და ჩემი გუნდის წევრს, ანი ბუკიას გავუზიარე. საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ორგანიზაციიდან ორივე შეგვარჩიეს და პროექტში ჩავერთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების სფეროსთან ნაკლები კავშირი მქონდა, სოციალური მედია მარკეტინგით დავინტერესდი. იმ პერიოდში, ჩვენმა ორგანიზაციამ ჩირის მცირე სოციალური საწარმო დააფუძნა, სადაც იძულებით გადაადგილებული ქალები არიან დასაქმებული და ვიფიქრე, მიღებული ცოდნა საწარმოს განვითარებისთვის გამოგვადგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არაერთი ტრენინგი მქონდა გავლილი, ეს პროგრამა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან სრულიად ახალ სფეროს ეხებოდა. ამ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამისტობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მივიღე, განსაკუთრებით, სოციალურ მედია მარკეტინგში, ჩემს საქმიანობაში ძალიან მეხმარება. გარდა ამისა, ამ პროგრამამ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან დამაკავშირა, მაგალითად, ნანა დიხამინჯიასთან, ლილი ფულარიანთან და კიდევ ბევრთან, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. ნანა და ლილი ჩვენი ორგანიზაციის მოხალისეებს მუდმივად უზიარებენ ცოდნას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. ახლა უფრო დავინახე საჭიროება და მეც მეტად ვცდილობ, სოფლის ახალგაზრდობა ტექნოლოგიურ ცოდნასა და სიახლეებს არ ჩამორჩეს. დღემდე არსებობს სტერეოტიპული წარმოდგენები, რომ ტექნოლოგიებს მათემატიკა სჭირდება და ეს გოგოების სფერო არ არის. ახალგაზრდებში ამ ცნობიერების შეცვლას ვცდილობთ. მე თვითონაც ვიყავი ამ სტერეოტიპების მსხვერპლი, რადგან მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ქალს ჰუმანიტარული საგნები უნდა ესწავლა, მაგრამ ტრენინგზე ბევრი ახალგაზრდა ქალი რომ დავინახე, ვირწმუნე, თუ მოვინდომებდი, ამ სფეროში მეც შევძლებდი ცოდნის მიღებას. მახსოვს, ლილი ფულარიანის პრეზენტაციამ საოცარი ინსპირაცია მომცა და დავიჯერე, რომ ჩემთვის შეუძლებელი არაფერია. პროგრამაში 120-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა და დღეს უმრავლესობა სხვადასხვა მიმართულებით ვიყენებთ ამ ცოდნას.

ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს, მე და ანიმ უპირატესობა ცოდნის გაზიარებას მივანიჭეთ. გარდა ამისა, ორგანიზაციის განვითარების სრულიად სხვა პერსპექტივები გაგვიჩნდა და არაერთი პროექტი წამოვიწყეთ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაზე. ჩვენს პარტნიორებსაც მეტი ნდობა უჩნდებათ, როცა იგებენ, რომ სოციალური მედიის მარკეტინგისა და ვებპროგრამირების კურსი გვაქვს გავლილი და ჩვენს საქმიანობაში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის აუცილებლობა კარგად გვესმის.

ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე, ხობში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი ფუნქციონირებს. თბილისის "ადამიანის უფლებათა სახლის"მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი დღის ცენტრი სრულად გავაციფრულეთ. ცენტრში 20 ბავშვი გვყავს და ჩვენს ბენეფიციარებს, სპეცმასწავლებლისა და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, შეუძლიათ, პლანშეტები ინდივიდუალურად გამოიყენონ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებისთვის. აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები, ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაშიც ძალიან დაგვეხმარა.

კოვიდ პანდემიის პირობებში, თითქმის ყველა სფეროში დასჭირდათ ტექნოლოგიების გამოყენება. ჩემ გარშემოც ბევრმა დაიწყო უკვე Facebook-ზე სხვადასხვა რამის გაყიდვა, მაგრამ უმრავლესობას მარკეტინგისა და ბრენდირების მინიმალური ცოდნაც კი არ გააჩნია. ამიტომ, რასაც ვაკვირდები, მათ პოსტებს ძალიან მცირე გამოხმაურება აქვს ხოლმე და ეს მათ გაყიდვებზეც აისახება.

ამ ეტაპზე, მე და ანი ვმართავთ ჩვენი ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდს. ორგანიზაციის ყველა აქტივობა ონლაინ იგეგმება, მაგრამ ინფორმაციის გავრცელებას და ადამიანების მობილიზებასაც საკმაოდ კარგად ვახერხებთ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, ონლაინ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას ვახერხებთ ახლა, ვიდრე ოფლაინ გამოგვდიოდა. პანდემიის პირობებში, ის ცოდნა, რომელიც ამ პროგრამამ მომცა, კიდევ უფრო მეტად დამჭირდა. ამიტომ, ერთი რჩევა მექნება ქალებისთვის - როცა რაიმეს სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ, უარი არ თქვან. არ ვიცით, ცხოვრება ვის რას გვიმზადებს და ეს ცოდნა სად დაგვჭირდება.“

°პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან"(ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები:ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

° სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის

° შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.

° #ქალებისაქართველოდან