სხვისი შვილი
სხვისი შვილი
დღეს, როცა ყველაფერი გაფერმკრთალდა, როცა ღირსებებზე წინ ძალადობა და მატერიალური ფასეულობები დადგა, გასაოცარია ისეთი ამბების მოსმენა, სადაც დიდი სიყვარული, სიკეთე და სულიერებაა.

ისე არ გამიგოთ, ახლანდელ ყოფას მხოლოდ უარყოფითად ვაფასებდე, მაგრამ როცა ამ საოცარი სიყვარულისა და ერთგულების ამბავი მიამბეს, უსაზღვროდ გავიხარე და გადავწყვიტე, ჩვენი მკითხველისთვისაც მომეთხრო.

ნიამ და დაჩიმ 1998 წელს დაამთავრეს სკოლა. მეოთხე კლასიდან  უყვარდათ ერთმანეთი. წრფელი და ლამაზი იყო მათი გრძნობა. შემდეგ ორივე სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. დაქორწინებას  არ
ჩქარობდნენ- რთული იყო სწავლა და ოჯახი ერთად...

მეგობრების ერთ-ერთ თავყრილობაზე ნია დედის ავადმყოფობის გამო ვერ წავიდა. დაჩიმ სიმთვრალეში "დიდი შეცდომა" დაუშვა. ნატო ქალწული აღმოჩნდა... ვაჟმა გადაწყვიტა, დანაშაული გამოესწორებინა და რამდენიმე დღეში  ხელი მოაწერეს ერთი პირობით, ცოტა ხანს ერთად იქნებოდნენ,  ხალხს სალაპარაკო რომ არ ჰქონოდა, შემდეგ
კი, გაშორდებოდნენ.

დარცხვენილი დაჩი პატიებას სთხოვდა ნიას, შეურაცხყოფილი გოგონა კი ახლოს არ იკარებდა. ნატოს პირველი კურსიდანვე უყვარდა დაჩი და ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ცოლი გამხდარიყო. იცოდა, გაუჭირდებოდა დაჩისთან ცხოვრების დაწყება, მას ხომ ნია უყვარდა, მაგრამ იმედს ებღაუჭებოდა - ეგებ, შვილი მეყოლოს და მასზე ზრუნვამ გადამატანინოს საყვარელი ადამიანის დაკარგვაო.  როცა დაჩიმ გაიგო, რომ ნატო მისგან ბავშვს ელოდებოდა, განქორწინება გადაიფიქრა, თანაც ნიას მისი დანახვა აღარ უნდოდა.

გაჩნდა მარიამი. ამასობაში ინსტიტუტი დაამთავრეს და სხვადასხვა ადგილას დაიწყეს მუშაობა. ნიას ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, მაგრამ ყველას თავს არიდებდა. ვერ დაივიწყა დაჩი. ბედნიერი მაშინ იყო, როცა ძველ ვიდეოჩანაწერსა და ფოტოსურათებს უყურებდა. იქ ნია და დაჩი ყველგან ერთად იყვნენ - ლაღები და ბედნიერები.

ერთ დღეს დაჩი და ნატო ნათესავის დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ. მტკვრის სანაპიროზე მათკენ მანქანა მოქროდა. ნასვამმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და...

დაჩის მშობლებს ერთადერთი შვილისა და რძლის დაღუპვამ თავზარი დასცა. გულს უკლავდათ 2 წლის მარიამის ყურებაც.
ნატოს დედა კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, მამას მეორე ცოლი ჰყავდა, უფროსი და საბერძნეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, ამიტომ პატარის მოვლა დაჩის მშობლებმა ითავეს.

დაჩის დაღუპვით თავზარდაცემული ნია ყოველ შაბათს დადიოდა დაჩის საფლავზე. ერთხელ, შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს დაჩის მშობლები და ნია. შებინდებამდე ისხდნენ და საუბრობდნენ. იმ დღის შემდეგ დაჩის მშობლებთან სიარულს მოუხშირა ნიამ.

შვილის სიკვდილმა ჯანმრთელობა შეურყია დაჩის მამას. სენს ქედს არ უხრიდა, მაგრამ ბოლოს მოერია ავადმყოფობა და გარდაიცვალა. ნიას ეცოდებოდა მარტოდ დარჩენილი დაჩის დედა და პატარა გოგონა, ხან საოჯახო საქმეში ეხმარებოდა, ხან მარის ასეირნებდა. გოგონა ისე შეეჩვია ნიას, რომ უმისოდ ვეღარ ძლებდა, ფანჯრის რაფას მიადგებოდა და მოუთმენლად ელოდა თავის ნიაკოს. ზარის ხმის გაგონებაზე კარს მიასკდებოდა. ნიაკო დეიდას მისთვის ყოველთვის მიჰქონდა ათასნაირი ნუგბარი და სათამაშო. 

ასე გაგრძელდა ერთი წელი. ერთხელ მათთან მისულ ნიას ლენა (დაჩის დედა) მწოლიარე დახვდა. ქალი საეჭვოდ ახველებდა. ნიამ გასინჯა - ფილტვების ანთება ჰქონდა... გადაწყვიტა, მათთან გადასულიყო, ავადმყოფისთვისაც მოევლო და მარისთვისაც მიეხედა.  სწორედ მაშინ იყო, რომ პატარა მარიმ ბებიას ჰკითხა: - არ შეიძლება ნიაკოს დედა დავუძახოო?

ქალს ცრემლები მოეძალა, ვერაფერი უთხრა ბავშვს. ნია კი მაშინვე გამოეპასუხა გოგონას:
- რა თქმა უნდა, მარი, დამიძახე დედა, ჩვენ ხომ აწი სულ ერთად ვიქნებით!
გაოცებული მიაჩერდა ლენა ნიას... ნიამ კი -  გადავწყვიტე, რომ მარის მივხედო, დედობა გავუწიო, სხვანაირად ვერ მოვიქცევიო.

- მერე, მშობლები დაგთანხმდებიან? ახალგაზრდა ქალი ხარ, გასათხოვარი, ბედს ხელს ნუ ჰკრავ, იქნებ იმან, ვისაც შენი ცოლობა ენდომება, არ ინდომოს ბავშვიანი ქალი, - უთხრა ათრთოლებული ხმით ლენამ.

- ვისაც მე ცოლად ვენდომები, იმ აზრსაც უნდა შეეგუოს, რომ მარი ჩემთან იქნება!
შედავებას აზრი არ ჰქონდა.
ქალბატონი ლენა მაშინ კი გამოაკეთა ნიამ, მაგრამ დიდხანს მაინც აღარ უცოცხლია.

ნია და მარი ახლაც ერთად ცხოვრობენ. ნია აღარ გათხოვდა. ჰყავდა მთხოვნელი, მაგრამ უარით გაისტუმრა. ახლობლებს კი უთხრა, - დაჩიზე მეტად ვერავის შევიყვარებ და ვერც მარის ვუღალატებო. ნია დედიკო ცივ ნიავს არ აკარებს გოგონას და მარიც უსაზღვროდ ბედნიერია.

melania
03 აგვისტო 2011 15:42
ღმერთმა გააძლიეროს ნია!!!!!!!!!ამ სტატიის წაკითხვისას ცრემლები მომადგა:( მე მჯერა ,რომ ნამდვილად არსებობენ ასეთი ადამიანები!!!!!!!
jariskaci
04 მაისი 2011 02:23
ნია ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ.უფალმა გაგაძლიეროს
tamada
25 აპრილი 2011 01:57
ეს ამბავი თუნდაც მოგონილი ან შელამაზებული იყოს, მაინც დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი მარინა ბაბუნაშვილის. სწორედ ჩვენს დღევანდელობას სჭირდება ასეთი სიკეთეების გაგება და ფიქრი ამაზე. აბა ის მოგწონთ დალოცვილებო, სულ სექსზე, ნარკომანებზე და რეციდივისტებზე რომ იღებენ ფილმებს და წერენ? გეყოფა, დავუბრუნდეთ სითბოს, სიყვარულს და სიკეთეს. თორემ ეშმაკი გვყავს ჩასაფრებული და ჯოჯოხეთში გვიმზადებს ადუღებულ კუპრში ბანაობას. გაიხარე მარინა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები