"ჩემი ქმარყოფილი ცრუობს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარყოფილი ცრუობს"

წერილის გამოქვეყნებისთანავე გვეხმაურება ხოლმე მკითხველი. ზოგი საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს, მაგრამ ვისაც ამბავი სანახევროდ ეხება, გვთხოვს მასაც მოვუსმინოთ.

რამდენიმე ნომრის წინ გამოქვეყნდა სტატია, "სიმართლეს მაინც დავამტკიცებ, ანუ ალიმენტი სხვისი შვილისთვის". შეგახსენებთ, რომ ჩვენი რესპონდენტი ფოთელი ტარიელ გაბარაშვილი ცოლყოფილს ედავებოდა, რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო ალიმენტს არ გადაუხდიდა შვილს.

როგორც ბატონმა ტარიელმა აგვიხსნა, მეუღლემ, ნარგიზა ქოიავამ ბავშვი მის დაუკითხავად (როცა იგი რუსეთში იმყოფებოდა) მოიყვანა შინ და უთხრა ჩემი შორეული ნათესავია და სამადლოდ უნდა გავზარდოო (საკუთარი შვილი არ ჰყავდათ). მრავალი უსიამოვნების შემდეგ ცოლ-ქმარი გაიყარა და როცა კაცმა კარგა ხნის ცალკე ცხოვრების შემდეგ მეორე ცოლი შინ მიიყვანა, ნარგიზა ქოიავამ უჩივლა და მოითხოვა ალიმენტი..

ქალბატონი ნარგიზა მალევე გამოგვეხმაურა - ჩემი ნაქმრევი ცრუობსო...

ცალ-ცალკე მომჩივანი ღმერთს მართალი ეგონაო... თუმცა ობიექტურად განსჯა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ორივეს კარგად იცნობს. საჭიროდ მივიჩნიეთ, ნარგიზა ქოიავას აზრიც გაგვეცნო მკითხველისათვის

"ტარიელ გაბარაშვილი ცრუობს. იგი არც ლატვიაშია ნამყოფი და არც ფოთის პორტის საერთაშორისო გადაზიდვების სამსახურის უფროსი ყოფილა. იგი პროფტექნიკური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოძრავი მექანიზმების კოლონა #7-ში ტრაქტორზე, ამწეზე, სატვირთო მანქანაზე მუშაობდა მძღოლად - ეს დასაძრახი სულაც არ არის. როდესაც გავიცანი, საკუთარი თავგადასავლით გული ისე ამიჩუყა, ვიფიქრე, ბავშვთა სახლში აღზრდილს ოჯახურ სითბოს არ მოვაკლებ, დამიფასებს და ბედნიერად ვიცხოვრებთ-მეთქი. მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.

რუსეთიდან ძალიან შეცვლილი დაბრუნდა. ერთ დღეს მე და ბავშვს რაღაცაზე აგვიშარდა და შინიდან გამოგვყარა. ბიჭს მამა ძალიან უყვარდა, მაგრამ მაინც ჩემთან ყოფნა ირჩია. როცა სასამართლოში სარჩელი შევიტანე განქორწინებასა და ქონების გაყოფაზე, ჩემს დაშანტაჟებას არ მოერიდა, თავისი მეგობარი გამომიგზავნა, - ქონებაზე კრინტი არ დაძრას, თორემ ბავშვს გადავამტერებო. მერე ქონება სხვას გადაუფორმა.

ის შვილს, რომელზეც ამბობს, სამადლოდ ვზრდიდითო, ყოველთვის თბილად ექცეოდა და არაფერს აკლებდა. ვამზადებდით მათემატიკაში, ინგლისურში, დადიოდა ქართულ ხალხურ სიმღერაზე, კრივზე, დაამთავრა ქორეოგრაფიული სტუდია, არაერთხელ ნამყოფია საზღვარგარეთ. გულით ახარებდა ბიჭის წარმატებები.

ეს ყველაფერი გრძელდებოდა იქამდე, სანამ არ დაუკავშირდა ერთ ზნედაცემულ ქალს და იქამდე დაეცა, შვილის ალიმენტის გადახდაზეც კი უარს აცხადებს... მან საკუთარი ხელით მოჭრა ის ტოტი, რომელზეც იჯდა... მე კი ბოლომდე ვუერთგულებ შვილს, რომელიც მალე სკოლას დაამთავრებს."

პ.ს. ქალბატონ ნარგიზას არ უხსენებია, მას მართლა ნაშვილები ჰყავს ბავშვი თუ არა.

ნარგიზა ქოიავა-გაბარაშვილი