ფული თუ ღირსება?! - კვირის პალიტრა

ფული თუ ღირსება?!

"კვირის პალიტრა" #14-ში გამოქვეყნებულ სტატიაში: "სიმკაცრე თუ დესპოტიზმი" დასმულ კითხვას: "რა ჰქვია ბატონი კოტეს საქციელს, მშობლის სიყვარული, შვილის სიკეთისთვის გამოჩენილი სიმკაცრე თუ დესპოტიზმი?" უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს.

წერილში მოთხრობილი ამბავი გამაოგნებელია. მიჭირს ზუსტი სახელი მოვუძებნო კოტეს საქციელს: დესპოტიზმი, გაუნათლებლობა თუ სხვა რამ. სამწუხაროდ, კოტესნაირი ძალიან ბევრია საქართველოში. ბარაქალა მის სასიძო ვაჟას, მას გოგონა იმდენად ჰყვარებია, რომ არ იკადრა ეჩივლა სასამართლოში, თორემ ახლა ის "ბატონი" პატიმარი იქნებოდა. თუ კოტე "მათხოვრობაში" იმას გულისხმობს, რომ ვაჟა თბილისელი არ იყო, შევახსენებ, რომ პერიფერიიდან მრავალი ჩვენი სასიქადულო ადამიანია ჩამოსული. როგორც ვიცი, მე-19 საუკუნის დასაწყისში 21 ათასი კაცი ცხოვრობდა თბილისში...

საინტერესოა, მათში "ბატონი" კოტეს წინაპრები თუ იყვნენ?! მას თავი ფულით მოაქვს, მაგრამ ის კი არ იცის, რომ ღირსება ყველაზე დიდი მონაპოვარია. ნანას ვურჩევ, დასძლიოს მამის შიში და იცხოვროს საყვარელ ადამიანთან ერთად, მით უფრო, რომ მას პატარაც ელოდება. ბავშვს დედა სჭირდება და ნუ მოაკლებს შვილს დედობრივ სითბოს. დარწმუნებული ვარ, კოტესგან დაწუნებული ვაჟა ღირსეული ადამიანია. ნანას და ვაჟას კი დიდ ბედნიერებას ვუსურვებ.

არჩილ ღიბრაძე