"დედამთილ-მამამთილის შენიშვნებს რომ ვერ გაუძლო, ქმარს გამოუცხადა, თუ ცალკე არ გადაწყვეტ ცხოვრებას, აღარ დავბრუნდებიო" - კვირის პალიტრა

"დედამთილ-მამამთილის შენიშვნებს რომ ვერ გაუძლო, ქმარს გამოუცხადა, თუ ცალკე არ გადაწყვეტ ცხოვრებას, აღარ დავბრუნდებიო"

ოჯახურ უსიამოვნებას მალე თუ არ დაესვა წერტილი, ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი ბრძოლა იწყება - გააფთრებული და საშინელი... ეკამ და ვახომ სიყვარულით კი შექმნეს ოჯახი, მაგრამ როგორც კი მათ საქმეში მშობლები ჩაერივნენ, მაშინვე დაეძაბათ ურთიერთობა. ვახოს მშობლებს არ მოსწონდათ რძალი, - ჩვენს შვილს უკეთესი შეეფერებოდაო, ეკას დედ-მამას კი, პირიქით, სიძე არ მოსდიოდათ თვალში.

ეკამ ვეღარ გაუძლო დედამთილ-მამამთილის გამუდმებულ შენიშვნებს, ხელი დაავლო ბავშვებს და ვახოს უთხრა: თუ ცალკე არ გადაწყვეტ ცხოვრებას, აღარ დავბრუნდებიო. ვახოს ენატრებოდა ცოლ-შვილი, რამდენჯერმე ინახულა და ეკას დაჰპირდა, - ყველაფერს მოვაგვარებო, მაგრამ როცა თავისიანებს გამოუცხადა, ცალკე ცხოვრება მინდაო, მამამისმა  ქალაჩუნა ეძახა. უკან დაიხია ვახომ, ნათესავებმაც იგივე უთხრეს, რაც მამამ, ოღონდ უფრო დელიკატურად, - ახლა თუ დაუთმე, მერე თავზე დაგაჯდებაო. ვახომაც ეკას შეუთვალა, - ან დაბრუნდი შინ, ან არადა გავშორდეთო.

იმ წუთიდან ცოლ-ქმარს შორის ის უკანასკნელი ძაფიც გაწყდა, რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ.

ეკა და ვახო ორი წლის შემდეგ განქორწინდნენ, ეკამ შვილებისთვის წილი მოითხოვა, მაგრამ მამამთილმა განაცხადა, -  ბინა ჩემია და ვერავინ ვერაფერს ეღირსება.

შვილიშვილებს კი ფულს მოვუგროვებ და როცა სრულწლოვანები გახდებიან, მერე მივცემო. იმდენი ქნა ძალაუფლებისმოყვარე კაცმა, რომ შვილი დაარწმუნა, - მეორე ცოლი დროზე მოიყვანე და "იმ ტუტუც გოგოს" ჭკუა ასწავლეო. ვახომაც დაუჯერა  და განქორწინებიდან ერთ წელიწადში შეირთო ცოლი. მართალია, ლელა უსიყვარულოდ მოიყვანა, მაგრამ სამაგიეროდ, მამის სურვილი უსიტყვოდ შეასრულა და მისგან შექებაც დაიმსახურა.

ეკას ორი უფროსი ძმა ჰყავდა. ერთი ცალკე ცხოვრობდა, მეორე კი მშობლებთან ერთად.  ეკაც შვილებიანად თავისთან შეიკედლეს,  რა ექნათ, ხელს ხომ არ ჰკრავდნენ? გამწარებულმა ეკამ კი ქმარზე შურისძიება გადაწყვიტა და მამას შვილების ნახვა აუკრძალა.  ვახომ სასამართლოში უჩივლა ცოლყოფილს, - შვილებს არ მაკარებსო. ეკა კი ჯიუტად მოითხოვდა წილს. ქონებრივმა დავამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მეორე ცოლისგან ვახოს ვაჟი შეეძინა. ჩემი შვილების ღალატს მწარედ ვანანებო, - გულში იმუქრებოდა ეკა და მამის მორჩილი ქმარყოფილის გამწარებას გეგმავდა.

თვე არ გავიდოდა, სასამართლოში არ გამოეძახებინათ ვახო, რომელიც ყველგან ერთსა და იმავეს აცხადებდა, - ალიმენტს ვიხდი,  ბინიდან წილს  კი ვერ მივცემ, რადგან მე არ მეკუთვნისო. კანონი მის მხარეზე იყო და ეკა კვლავ გაწბილებული რჩებოდა, თუმცა ვახომ კარგად იცოდა, რომ ეკასა და შვილების წინაშე მართალი არ იყო, მაგრამ მამას ვერაფერს აიძულებდა. ეკაც არ ყრიდა ფარ-ხმალს.

ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ვახოს მძიმე სენი არ შეეყარა. ოპერაციის წინ ეკა იხმო და სთხოვა, - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დავასრულოთ ეს ომი, ხომ ხედავ,   მე, ღმერთმა იცის, გადავრჩები თუ არაო.

მერე ვახომ მამა იხმო: - აქამდე ხომ უსიტყვოდ გემორჩილებოდი, ახლა გთხოვ, შენს შვილიშვილებს, რომლებსაც საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ, ნუ დატოვებ ბიძის სახლშიო.

ვახოს ოპერაცია დაგვიანებული აღმოჩნდა და... შვილის სიკვდილმა  მოტეხა  გაკერპებული კაცი.  ვახოს უკანასკნელი  სურვილი შეასრულა - შვილიშვილებს ბინა უყიდა  და მზრუნველ ბაბუადაც იქცა...

www.kvirispalitra.ge

როგორ ფიქრობთ, უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხოვრებაში?