მოიტაცეს... კაცი - კვირის პალიტრა

მოიტაცეს... კაცი

რა გგონიათ, მარტო გოგონებს იტაცებენ? არა, ბატონებო, თუ ვაჟიც გაჯიუტდა, მაშინ ქალიც  "ძალისმიერ" მეთოდს მიმართავს.

ზურა და ნინო სამეგრელოს პატარა ლამაზ ქალაქში ცხოვრობდნენ (და დღესაც იქ არიან). ბიჭი პატარაობიდან ძალიან მორცხვი იყო, არადა სულ ნინოს გვერდით უნდოდა ყოფნა. ეს სიმორცხვე დიდობაშიც გაჰყვა. მეგობრები მუდმივად ვაგულიანებდით მორიდებულ ძმაკაცს. დაგვპირდებოდა ხოლმე, უთუოდ გამოვუტყდები სიყვარულშიო, მაგრამ საკმარისი იყო, მასთან მარტო დარჩენილიყო, რომ ენა მუცელში უვარდებოდა. ასე გავიდა სკოლის წლები... მერე ჯერ ერთმა მიაშურა დედაქალაქს სწავლის გასაგრძელებლად, მერე - მეორემ. იქაც მათი ურთიერთობა, მთელი ხუთი წელი,  ჩუმი წვა-დაგვით გაგრძელდა.

რამდენჯერაც ზურას შევუნთეთ, - რას შვრები, ბიჭო, პატარა ხომ აღარა ხარ, სხვამ არ მოგტაცოს  გოგოო, გვამშვიდებდა, - ვიცი, ნინო სხვაში არ გამცვლის, მე კი ჯერ არ ვარ ოჯახისთვის მზადო.

შემდეგ ორივე დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, ნინომ სკოლაში დაიწყო მუშაობა, ზურა ეკონომისტად მოეწყო. გვეგონა, ახლა კი თავს მოაბამენ და ქორწილს გადაიხდიანო, მაგრამ შენც არ მომიკვდე. თითქოს ვაჟს რაღაც გაუცნობიერებელი შიში ჰქონდა ოჯახისა, არადა ვიცოდით, ნინო რომ გათხოვილიყო, გადაირეოდა. არც ნინოს უნდოდა სხვისკენ გახედვა, მაგრამ ძალას ხომ ვერ დაატანდა ამხელა კაცს?!

ნინო 33-ის რომ გახდა, იცინოდა, - იმ ხნის ვარ, წელს თუU მეღირსა რამე, თორემ მერე აღარაფრის იმედი აღარ მაქვსო. ახლოვდებოდა ჩვენი მეგობრის, ანის დაბადების დღე. ზურასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ვიცოდით, საჭირო მომენტში ბრინჯივით დაიბნეოდა, ამიტომ ნინოს შევუჩნდით: ხომ იცი, შენს იქით გზა არ აქვს, უყვარხარ, მაგრამ ვერ გიტყდება სიყვარულში, ამიტომ პირველი ნაბიჯი შენ უნდა გადადგა, მერე კი ყველაფერი კარგად იქნებაო.

მეგობრები ანისთან შევიკრიბეთ. ზურამ კარგი თამადობა იცოდა, თვითონაც ილხენდა და ჩვენც მოგვალხენდა ხოლმე. იმ დღესაც თამადობდა, Kმშვენიერი დრო გავატარეთ. კარგა დაღამებული იყო, რომ დავიშალეთ. ჩვენმა მეგობრებმა, ცოლ-ქმარმა, ირმამ და ბესომ ნინოს და ზურას შესთავაზეს, შინ ჩვენ წაგიყვანთო. შუა გზაში მანქანა "გაუფუჭდათ". ჩვენ გადავალთ, მანქანის ოსტატს მოვძებნით  იქნებ რამე გაუგოს ამ მანქანასო.

მოგვიანებით ნინო ღიმილით იხსენებდა, - მარტო რომ დავრჩით, ზურა ადგილს ვერ პოულობდა, უნდოდა, თავი მოემძინარებინა, მაგრამ  დაძინების საშუალება არ მივეცი და რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი ვუთხარიო. გამართლდა მეგობრების ვარაუდი... მეორე დღეს მშობლებმა განგაში გამოაცხადეს, სად აღარ მოიკითხეს, მაგრამ ქალ-ვაჟი თითქოს ცამ ჩაყლაპაო, არსად ჩანდნენ. განსაკუთრებით კაპასობდნენ ზურას გაუთხოვარი მამიდა პისტი და ნინოს შინაბერა დეიდა, ნათელა.

ქალ-ვაჟს კი სულ არ ანაღვლებდა მათი ბობოქრობა, მეგობრების სახლში მშვენივრად გრძნობდნენ თავს, რახან გაბედეს და ერთმანეთს გული გადაუშალეს, არაფრად აგდებდნენ სოფელში ატეხილ  ალიაქოთს. მესამე დღესღა გამოჩნდნენ და ახლობლებს გამოუცხადეს, - ქორწილისთვის მოემზადეთო.

ასე შეიქმნა  ბედნიერი ოჯახი, შვილებიც წამოეზარდათ და დღემდე ხალისიანად იხსენებენ ზურას მოტაცების ამბავს.

თქვენი მუდმივი მკითხველი

ვახტანგ მამფორია