"ვინ ვარ სინამდვილეში?" - ცხოვრება ორმაგი შიშის ქვეშ - კვირის პალიტრა

"ვინ ვარ სინამდვილეში?" - ცხოვრება ორმაგი შიშის ქვეშ

ის 1984 წლის 14 დეკემბერს დაიბადა, სულ რაღაც - 900 გრამი. სამწუხაროდ, გოგონას არ ხვდა წილად ბედნიერება, სხვების მსგავსად, დედის სითბო ეგრძნო. მშობლებმა მხოლოდ სახელი დაუტოვეს - დიანა და გაუჩინარდნენ მისი ცხოვრებიდან...

ჩვილს, მცირე წონის გარდა, სხვა პრობლემაც ჰქონდა, დაბადებიდან ცოტა ხანში, ჩუტყვავილით დასნებოვნდა და როგორც ეუბნებიან, ძალიანაც გაურთულდა. თუმცა, მან ეს დაავადება დაამარცხა, წონაშიც მალე მოიმატა და დღეს სრულფასოვანი ცხოვრება აქვს იმ ადამიანების წყალობით, რომლებმაც გოგონა იშვილეს და მასზე ზრუნავენ... მხოლოდ ერთი რამ არ აძლევს მოსვენებას დიანას (რომელსაც ცხადია, მოგვიანებით სახელი შეუცვალეს და გვარიც მისცეს მშობლებმა), იპოვოს ბიოლოგიური დედა და გაიგოს, ვინ არის სინამდვილეში...

- მიამბეთ თქვენზე ყველაფერი, რისი მოყოლის საშუალებასაც მოგცემთ ანონიმად დარჩენის სურვილი - სახელის გამჟღავნება ამ ეტაპზე არ გსურთ იმის გამო, რომ არ გინდათ, აღმზრდელ მშობლებს ამით გული ატკინოთ...

- ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სხვებისგან არაფრით გამორჩეული. ერთდროულად სოფელშიც ვიზრდებოდი და რაიონშიც. არდადეგებზე სოფელში, მშობლებთან მიწევდა ყოფნა. სკოლის პერიოდში კი რაიონში, პაპა-ბებიასთან ვიყავი... იყო ბევრი ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ეჭვი, რომ ჩემი მშობლების ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მაგრამ ერთი რამ მიფანტავდა ამ ეჭვს, აღმზრდელ დედას ვგავდი ძალიან.

- ეს ეჭვი რის საფუძველზე გქონდათ? ოჯახში ერთი ბავშვი იზრდებოდით?

- კი, და-ძმა არ მყავდა. მიუხედავად დიდი მსგავსებისა, მე და დედა არ ვგავდით ნაკვთებით, არც ხასიათით. ჩვენ შორის დიდი აზრთა სხვადასხვაობა იყო, ხშირად ვკამათობდით.

- როდის და როგორ გაიგეთ, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, რომ თქვენი ბიოლოგიური მშობლები სხვები იყვნენ? - ყველაფერი მოგვიანებით გავიგე, უკვე ზრდასრულ ასაკში. ახლა მეუბნებიან, ეს არაფერ შუაშიაო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სისხლის ჯგუფი მეოთხე დადებითია. მე უბრალოდ დამაეჭვა ამ ამბავმა, რადგან ჩემს მშობლებს სხვა ჯგუფის სისხლი აქვთ, მაგრამ არ მიკითხავს, - ნეტავ, ნაშვილები ხომ არ ვარ-მეთქი? პირდაპირ დავსვი შეკითხვა: იცოდით, რომ აყვანილი ვიყავი-მეთქი? ზოგი დაიბნა, ზოგმა მხრები აიჩეჩა და ზოგმაც, - კიო, აღიარა.

- ვის ჰკითხეთ ეს, ნათესავებს? - ჩემს მეგობრებს, კლასელებს... ნათესავები კი პირდაპირ ფაქტის წინაშე დავაყანე ჩემი კითხვით: "ვინ ვარ მე?"

- რა გითხრეს, ვინ ხარო, ანუ რა ინფორმაცია ჰქონდათ? - მხოლოდ ის მითხრეს, რომ დიანა მერქვა და ჩუტყვავილა მქონდა. ასევე, თურმე ძალიან პატარა წონის - 900 გრამი დავიბადე, რადგან ჩემი ბიოლოგიური დედა მუცელს მალავდა.

- ეს ალბათ შოკი იყო თქვენთვის... როგორ მოიქეცით? - რამდენად შოკი იყო, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა და ზიანი არავისთვის მიმეყენებინა, მაგრამ დრო რაც უფრო გადიოდა, უკვე თავსაც ვკარგავდი...

- როგორ დაიწყეთ ბიოლოგიური მშობლების ძებნა. რა იყო პირველი ნაბიჯები? - რადგან ნათესავებისგან ხელჩასაჭიდი ვერაფერი გავიგე, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მივმართე. განცხადება დავწერე, საიდანაც უარი მომივიდა. ბიოლოგიური და აღმზრდელი მშობლების თანხმობა მჭირდებოდა, მე კიდევ, დედასთან ამ თემაზე საუბარი გამიჭირდა. თუმცა, მან უკვე იცის, რომ სიმართლე ვიცი და ვეძებ.

- პაპას და ბებიას როდის გამოუტყდით, რომ სიმართლე იცით? - არა, მათთვის არაფერი მითქვამს... მხოლოდ ბიძაშვილებთან ვცადე გულახდილი ლაპარაკი, მაგრამ არაფერი მითხრეს.

- დედ-მამას ამ თემაზე იმიტომ არ ესაუბრებით, რომ გიყვართ ისინი და არ გინდათ, გული ატკინოთ თქვენი შეკითხვებით, არა? - ყველაზე ნაკლებად ის მინდა, რომ დედას არ ვატკინო გული და ოჯახის სხვა წევრებსაც. კი, კარგი იქნებოდა, ჩემთვის მოესმინა და მე ჩემი სათქმელი მეთქვა მისთვის, მაგრამ არ გამოდის...

- ჩუმად რომ ეძებთ, იქნებ ეს უფრო ეწყინოს დედათქვენს... - შესაძლოა, მაგრამ რა ვქნა, არ გამოდის საუბრის დაწყება. ვგრძნობ, ისიც თავს არიდებს ყველაფერს.

- როგორც ვიცი, რაღაც კვალს დაადექით... - კვალს არა. უბრალოდ, ვიღაც გოგო გამოჩნდა, რომელიც თითქოს ჩემს ამბავს ჰყვება, მაგრამ რაღაცები არ ემთხვევა. ასე რომ, მე ისევ ვაგრძელებ ძებნას...

- შეგიძლიათ მითხრათ, რას ჰყვება და ვის ეძებს ის გოგონა? - დას ეძებს. მითხრა, რომ მის დასაც დიანა ჰქვია და ისიც 1984 წელს არის დაბადებული. ჩემ მსგავსად, თურმე, ისიც ჩვილ ბავშვთა სახლში იზრდებოდა და ექვსი თვის ასაკში გააშვილეს.

- რა არ ემთხვევა? - ჯერ ერთი, ის არის პირველი შვილი და ეძებს უმცროს დას. თან, დედამისი სტუდენტი არ ყოფილა... თუმცა, ის ბავშვიც პატარა წონის დაბადებულა, დაბადების დღეც ემთხვევა - 14 რიცხვი. აი, თვე არ ახსოვს. დედამისს მეოთხე ჯგუფის სისხლი ჰქონია... დიდი დამთხვევაა, ხომ?

- ამდენი დამთხვევა რომ აღმოეჩინა ბევრ იმ ადამიანს, ვინც დაკარგულ ახლობელს ეძებს, არც კი დაეჭვდებოდა, რომ რაღაც აკავშირებთ... დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე არ გიფიქრიათ? ამ გოგოს დედა აღარაა ცოცხალი? - არა, გარდაცვლილია. ეს გოგონა და მისი ოჯახის წევრები იეზიდები არიან... დნმ-ს რაც შეეხება, ამისთვის ხარჯის გაწევას დამოუკიდებლად ვერ შევწვდები... ამ გოგომ მითხრა, დედაჩემისთვის ჯერ უთქვამთ, ბავშვი გარდაიცვალაო, რაღაც პერიოდის შემდეგ, თურმე მათი ბებია გამოტყდა, ქართველმა ოჯახმა იშვილაო... ჰო, ის ვერსიაც კი ჰქონიათ: ჩუტყვავილა ჰქონდა და გარდაიცვალაო. ვფიქრობ, ესეც დამთხვევაა...

- თუ ამდენი დამთხვევაა, რატომ გგონია, რომ ისინი სხვას ეძებენ? - ვიმეორებ, ის ქალი სტუდენტი არ იყო და თან, წესით მე პირველი შვილი ვარ ბიოლოგიური მშობლებისთვის, ამ შემთხვევაში კი გამოვა, რომ უფროსი და მყავს... არ მინდა შევცდე...

- ჩუტყვავილა ახალდაბადებულს გქონდათ? როგორი სიცოცხლისუნარიანი ყოფილხართ. - კი, ჩვილ ბავშვთა სახლში ყოფნისას გადამიტანია ეს ინფექცია, ყველაზე გართულებული და მძიმე ფორმა მქონია... მერე დედაჩემს უთქვამს, მე გადავარჩენ ამ ბავშვსო და მიშვილა...

- რა კარგი ადამიანი ყოფილა... - ჰო და ამიტომაც ვერ ვიმეტებ ჩემი კითხვებისთვის. ვიცი, ამ შემთხვევაში გულს ვატკენ და ჩუმად იტირებს. მან ჩემ გამო ბევრი რამ გადაიტანა, ამდენი წელი შიშით იცხოვრა. არ მინდა, ვანერვიულო...

- ბიოლოგიური მშობლები რომ იპოვოთ, აღმზრდელ მშობლებს ხომ არ მიატოვებთ არასდროს... - მათი მიტოვება რომ მინდოდეს, ახლაც მივატოვებდი. უფრო მეტიც, ახლა მეც მაგისი მეშინია - აღმზრდელ დედას რომ ვთხოვო სიმართლის მოყოლა, არ მითხრას, მოშორდი აქედანო, თვითონ არ გადაწყვიტოს ჩემი მიტოვება...

- არა მგონია ოდესმე ეს გითხრათ... - რა ვიცი. ვინ რა დროს და რას ფიქრობს, ჩვენ არ ვიცით... კარგად მესმის აღმზრდელი მშობლების, მათ შვილებისთვის სიმართლის თქმა უჭირთ, თუმცა ეს აუცილებელია. საღად მოაზროვნე ადამიანი არასდროს მიატოვებს მშობლებს, რომლებმაც მას თავი მიუძღვნეს, მასზე ზრუნავდნენ წლების განმავლობაში; არ დაივიწყებს მათ ამაგს.

- დაბოლოს, რას ეტყვით ჩვენი მეშვეობით იმ ბიოლოგიურ მშობლებს, რომლებმაც იციან, რომ მათ შვილები ეძებენ, მაგრამ ვერ რისკავენ გამოჩენას სხვადასხვა მიზეზით? - ვეტყოდი, რომ ნუ შერცხვებათ ჩვენი არსებობის და ნუ დაიბნევიან ჩვენი გამოჩენისას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ არ გვითხოვია მათთვის ამ ქვეყნად მოვევლინეთ. ისედაც მათი შეცდომების "მსხვერპლნი" ვართ (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია "მსხვერპლი", მაგრამ მაინც) და ის მაინც გვითხრან, ვინ ვართ, რატომ მიგვატოვეს... მგონი, სულ ცოტა, ეს მაინც დავიმსახურეთ...

- წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)