"დისთვის უთქვამს, - მშობიარობა მეწყება, გავაჩენ და ბავშვს საპირფარეშოში ჩავაგდებო" - კვირის პალიტრა

"დისთვის უთქვამს, - მშობიარობა მეწყება, გავაჩენ და ბავშვს საპირფარეშოში ჩავაგდებო"

"დამაჯერა, ჩემი შვილი ხარო. მეც იმდენად მიყვარდა, არ მინდოდა, ალბათ, დამეშვა, რომ შეიძლებოდა, სხვა დედა მყოლოდა და დავიჯერე, მაგრამ რაღაცას ყოველთვის ვგრძნობდი..."

მარიამ რუაძე 1973 წლის 15 ივლისს გურჯაანის სამშობიაროში დაიბადა. მესამე დღეს მისი ბიოლოგიური დედა სამშობიაროდან გაიპარა - პირველად სწორედ მაშინ ჰკრა ხელი ღვიძლ შვილს... დღეს ის გერებზე ზრუნავს, სხვა შვილი აღარც ეყოლა... საოცარი ის არის, რომ მზრუნველ დედინაცვალს ღვიძლი ქალიშვილის მიღების სურვილი არ აქვს, უფრო მეტიც, წვალებით ნაპოვნმა დედამ შვილს არაერთგზის მიაყენა ტკივილი...

მარიამ რუაძე: - დაბადებიდან 2 კვირის შემდეგ, ძალიან მაგარ ოჯახში გამაშვილეს. მშობლების მიმართ დიდი სიყვარული მქონდა და ასეა დღემდე. ამ ადამიანებმა მომცეს გვარი, არაფერს მაკლებდნენ. სამწუხაროდ, მამა 80 წლისა გარდაიცვალა, დედა - 2 წლის წინ დაიღუპა, 84 წლის იყო, სამჯერ ინსულტი ჰქონდა გადატანილი. ბოლოს ლოგინად ჩავარდა და ისე ვუვლიდი, როგორც პატარა ბავშვს. ნეტავ, ეცოცხლა და არ დავიღლებოდი მისი პატრონობით. დედის გარდაცვალებიდან 40 დღე არ იყო გასული, როცა მეუღლეც გარდამეცვალა... 9 წელი ვიცხოვრე ჩემს მეორე მეუღლესთან ერთად და მისი გარდაცვალებით დიდი სტრესი მივიღე, მაგრამ ფეხზე წამოდგომა მაინც შევძელი - ძლიერი ვყოფილვარ.

- როდის გაიგეთ, რომ აყვანილი იყავით?

- პირველად ეს რომ წამომაძახეს, 7-8 წლის ვიქნებოდი და დედას თავს დავადექი, - მითხარი, დედაჩემი ვინ არის-მეთქი. მახსოვს, ლოგინად ჩავარდა, ცუდად გახდა. მერე მელაპარაკა და დამაჯერა, ჩემი შვილი ხარო. მეც იმდენად მიყვარდა, არ მინდოდა, ალბათ, დამეშვა, რომ შეიძლებოდა, სხვა დედა მყოლოდა და დავიჯერე, მაგრამ რაღაცას ყოველთვის ვგრძნობდი... ხალხის ჩურჩული და ყურმოკრული სიტყვები სულ მიჩენდა ეჭვებს... აი, შინაურებისგან კი მსგავსი რამ არასდროს გამიგია. მყავს ბიძაშვილები, მამიდაშვილები, რომლებთან ერთადაც გავიზარდე და ისინი დღემდე საოცრად მიყვარს. შეიძლება ჩემი სისხლი და ხორცი არ არიან, მაგრამ მათგან არასდროს მიგრძნია, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

მახსოვს, ერთხელ ოჯახში მოვიდა წერილი, რომელსაც ზევიდან ეწერა გვარი ჯანიაშვილი და დედა მაშინაც ცუდად გახდა. წერილი რომ გახსნა, ამოისუნთქა, თურმე შეშლიათ და მეზობელთან მისატანი ბარათი ჩვენთან გამოუგზავნიათ. მოკლედ, ყველაფერ საეჭვოს ყურადღებას ვაქცევდი... წარმოიდგინეთ, მართლაც ჯანიაშვილი ყოფილა ჩემი გამჩენი და ეგონა, ვიღაცამ გამოუგზავნა ანონიმური წერილი.

- ეჭვებისგან როდის გათავისუფლდით?

- პატარა ასაკში, 14 წლისა გავთხოვდი და 15 წლისა უკვე დედა ვიყავი. გავთხოვდი ისევ იმის გამო, რომ ჩემამდე მოვიდა შეყვარებულის დედის ნათქვამი - მე ამ ნაბიჭვარს სახლში არ შემოვუშვებო. ჰოდა, მისი ჯიბრით გათხოვილმა, დავინგრიე ცხოვრება. თუმცა, მადლობა უფალს, რომ პირველი ქმრისგან ორი არაჩვეულებრივი გოგონა მყავს...

ახალგათხოვილმა რატომღაც ქმარს ვუთხარი, - მე რომ უშვილო ვიყო და დედას დავემსგავსო, რა უნდა ვქნათ-მეთქი? შენ რა იციო? - მკითხა. მისი ეს სიტყვები "დავიჭირე" და - კი, ვიცი-მეთქი, - ვუთხარი... წლებია, გაშორებული ვარ და დღემდე არ იცის, რომ მან პირველმა დაადასტურა ჩემი ეჭვი... ამის მერე უკვე მშობლებთან გახსნილად დავიწყე ლაპარაკი. დედამ მიამბო, რაც იცოდა. ისიც მითხრა, როცა სამშობიაროში მარინა დაგარქვი, ექთანს ისეთი რეაქცია ჰქონდა, აშკარად, შენს დედასაც მარინა ჰქვიაო.

დედ-მამა სიმართლეს არ მიმხელდა, რადგან ჩემი დაკარგვის ეშინოდათ, მაგრამ მერე, როცა ოჯახში უსიამოვნება მქონდა, გაუჩნდათ სურვილი, მეპოვა ჩემი ბიოლოგიური მშობლები. თვითონ უკვე ასაკოვანები იყვნენ და ეგებ, დამცველი გამოგიჩნდეს, რომ მარტო არ იყო, ჩვენ თუ რამე დაგვემართებაო.

- რა კარგი ხალხი ყოფილა...

- ძალიან, უაღრესად კარგები მყავდნენ, ნამდვილი სასწაულები (ტირის)... გეტყვით, როგორ ამიყვანეს: თურმე, სამშობიაროში მუშაობდა ჩვენი მეზობელი. ეს ქალი მოსულა და ბებიასთვის უთქვამს, ძალიან საყვარელი გოგო მიატოვეს ჩვენთან და იქნებ ნახოთო. დედაჩემმა დაიწყო, თურმე, სიარული სამშობიაროში, მოიძია ინფორმაცია და გადაწყვიტა, ავეყვანე. მერე მიამბო: ბევრი მეცილებოდა შენს თავს, მაგრამ მთავარი ექიმი დამეხმარა, მე რომ წამომეყვანე, რაღაცნაირად, კარგი თვალით შემომხედაო. თურმე, ამ კაცს უნდა მოვენათლე კიდეც, მაგრამ მალევე გარდაცვლილა.

თავიდან მამას არ ვუნდოდი. უთქვამს, მირჩევნია ახლობელი გავზარდოო. დედამ საავადმყოფოდან რომ წამომიყვანა, ცოტა ხანს, თურმე, მეზობელთან მმალავდა. იმ პერიოდში გურჯაანში მამასთვის ნაცნობებს ყური აუწევიათ, გილოცავთ შვილის აყვანასო. მამამ არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და... ბოლოს და ბოლოს, დედაც როდემდე დამალავდა სიმართლეს, თან ცუდად გავმხდარვარ და უთქვამს ქმრისთვის - მე არ მინდა, ბიცოლა ვიყო, დედობა მსურსო! მამას უპასუხნია, რაც გინდა, ის ჰქენიო და დედამაც სახლში გადმომიყვანა...

ერთ დღეს კრუნჩხვებში ჩავვარდნილვარ. დედას უთქვამს ქმრისთვის, ბავშვი საავადმყოფოში წამაყვანინეო და რადგან მამამ უარი უთხრა, დედამ იეშმაკა: კარგი, მაშინ ტაქსის მოვიყვან და თუ არ შეგრცხვება შენი საქციელის, ვნახავო. გამოსულა მამა ეზოში და მანქანაში ჩამჯდარა. საავადმყოფოში, თურმე, გაუჭირდათ ჩემთვის ნემსის გაკეთება და მამა იძულებული გახდა, ჩემი ფეხები დაეჭირა. დედა მიყვებოდა, - ის იყო და ის, მას მერე მამაშენი გვერდიდან არ მოგშორებია. როგორც ზღაპრებში ხდება, ისე მოხდა, გული უცებ აევსო სიყვარულითო. ეს კაცი მართლა მამის ეტალონი იყო. ძალიან გამიმართლა, რომ მიშვილეს. გამიმართლა შვილებშიც, სიძეებშიც, რომლებსაც შვილებისგან ვერ გამოვარჩევ და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილებში, მაგრამ არ გამიმართლა ბიოლოგიურ დედაში, რომელმაც მხოლოდ ერთხელ კი არა, ბევრჯერ უარმყო...

- გვიამბეთ, დედა როგორ იპოვეთ?

- როცა თბილისში წამოვედი საცხოვრებლად, შვილებთან და უკვე ჩემს მეორე ქმართან ერთად, ჩვენს კორპუსში დავუმეგობრდი ერთ-ერთი ჟურნალისტის დედას, რომელიც დამპირდა, ჩემს შვილს ვეტყვი, იქნებ სიუჟეტი გააკეთონ და დედა გაპოვნინონო. მეორე დღეს, მართლაც მოვიდა ჩემთან ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე და წავედით კახეთში გადაღებაზე. მაშინ ზუსტად 35 წლის გავხდი. ჩემი გამზრდელი მშობლებიც ჩაწერეს...

ამ გადაცემის ეთერში გასვლიდან ცოტა ხანში დამირეკეს, ქუთაისში ცხოვრობს ერთი კანონიერი ქურდი, რომელმაც ვიღაც მარინა შეაცდინა და იქნებ მათი შვილი ხართო. თბილისში მოვძებნე ამ კაცის გერები, შვილები... თურმე, 5 ცოლი ჰყოლია გამოცვლილი. ერთმა მისმა ნათესავმა მითხრა: არ გეწყინოს, მაგრამ ამდენი შვილი ჰყავს ამ კაცს, ყველა არის დაბალი, ქერა, ცისფერთვალება და არ არსებობს, მისი შვილი იყოო. ამ კაცზე ისეთები გავიგე, ნამდვილად არ მინდოდა, მამაჩემი ყოფილიყო - ამას ახლა იოლად გიყვებით, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, მაშინ რა ხდებოდა ჩემს თავს, ჩემს გულში...

მოვდივარ იქიდან და ვიღაც მირეკავს: დედაშენი არის მარინა ჯანიაშვილი, ამჟამად გათხოვილია ამა და ამ რაიონში, შვილი არ ეყოლა და უვლის სამ გერსო. მუხლები ლამის მომეკვეთა. ეგრევე დავურეკე ლაშას და ვუამბე, რაც მითხრეს. როცა მოვახერხებ, წავალო, დამპირდა. მეორე დღეს მირეკავს, ერთი ქალი უნდა დაგალაპარაკოო. იქიდან ვიღაც მეუბნება: გამარჯობა, მარინა დეიდა გენაცვალოს. იცი, მე შვილი არ გამიჩენია, მაგრამ თუ გინდა, გიშვილებო. ცუდად გავხდი. ხომ არ მინახავს, ვინ მელაპარაკებოდა, მაგრამ იმწუთას ვიგრძენი, დედაჩემია-მეთქი. ჟრუანტელმა დამიარა. თუმცა საკუთარი თავი შევაგულიანე და იმ ქალს ვუპასუხე: გამარჯობა, ქალბატონო მარინა. იცით, მე უკვე ნაშვილები ვარ, ძალიან მაგარი მშობლები მყავს, უბრალოდ, ვეძებ ბიოლოგიურ დედ-მამას, და-ძმებს, ჩემს სისხლსა და ხორცს... ერთხელ უკვე გამაშვილეს და არ მინდა, კიდევ ვინმემ მიშვილოს-მეთქი. - ჰო, რა ვიცი, მაინც, თუ გინდა, გიშვილებო და ლაშას მიაწოდა ტელეფონი. მოგვიანებით, როცა მისი სურათები ვნახე, კიდევ უფრო ცუდად გავხდი: ეს ქალი ჩემი ასლი იყო.

რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ შევეხმიანე, მაგრამ არაფერი გამომივიდა და ხელი ჩავიქნიე. სწორედ ამ დროს დამირეკა ჩემმა მულმა: ახლა დეიდაშენი უნდა გალაპარაკოო. ტელეფონიდან მესმის: "გამარჯობა, დეიდა მოგიკვდეს შენ. მე შენი ნამდვილი დეიდა ვარ! ნუ გეშინია, დედობასაც და დეიდობასაც გაგიწევ..." ავტირდი, ავყვირდი: მყავს კიდევ ვინმე-მეთქი? - ყველა გყავს! აუცილებლად ჩამოვალ და გნახავო (ტირის).

დეიდასთან ხშირი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაიცვალა. კარგია, რომ მოვასწარი მისი გაცნობა. მივხვდი, დედისგან განსხვავებით, მას სულ აწუხებდა ის ამბავი, მისმა დამ რომ მიმატოვა...

- მან რა გიამბოთ?

- თურმე, დეიდა გათხოვილი იყო თელავის რაიონში, სადაც ზაფხულობით ჩადიოდნენ. იმ ზაფხულსაც რაიონში დასთან ერთად წასულა. მარინას მუცელი ჰქონია გაკრული და, თურმე, ვერავინ ხვდებოდა, ფეხმძიმედ თუ იყო. ბოლოს, როცა უკვე მუცელი ასტკივდა და სხვა გზა არ ჰქონდა, დისთვის უთქვამს: მშობიარობა მეწყება, გავაჩენ და საპირფარეშოში ჩავაგდებ ბავშვსო. დეიდას გაუგიჟებია თავი და რადგან თელავში ყველა იცნობდა, გურჯაანში წაუყვანია, სადაც იმშობიარა კიდეც მარინამ და გავჩნდი მე, - მიყვებოდა დეიდა ამ ყველაფერს და თან, სურათებს მიჩვენებდა.

- თქვენი შეხვედრის ამბავი ალბათ გაიგო ბიოლოგიურმა დედამ...

- კი, ამ ყველაფერმა ძალა მომცა და კიდევ დავურეკე - არაფერი მინდა თქვენგან, უბრალოდ, ერთხელ დამენახვეთ და მითხარით, ვინ არის მამაჩემი. მე უკვე გაპატიეთ ყველაფერი და რომ არ მეპატიებინა, არც მოგძებნიდით-მეთქი. მერწმუნეთ, ყველანაირად ვცდილობდი, გამემართლებინა მისი საქციელი, გულით ბოღმა არ მიტარებია. როცა ისევ ყველაფერი უარყო, მივახალე - დეიდა ჩამოვიდა საბერძნეთიდან და მიამბო, რაც მოხდა-მეთქი...

ამ სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კახეთში ვარ, მშობლებს ყურძნის კრეფაში ვეხმარები. ბავშვები და ჩემი მეუღლე თბილისში არიან. მირეკავს მარინა - აბა, თბილისში ვარ და სად გნახოო? ავფორიაქდი, შევწუხდი. ჩემმა ნამდვილმა დედამ გამომართვა ტელეფონი და ეუბნება: გამარჯობა, ქალბატონო მარინა. უღრმესი მადლობა, ასეთი შვილი რომ მაჩუქეთ. მთელი სულითა და გულით გეპატიჟებით, მობრძანდითო. როგორ წამოვიდეო? - იკითხა თუ არა, გადავურეკე ჩემს მეუღლეს, მან მიაკითხა და წამოიყვანა მარინა, მისი დეიდა ნათელა და ამ ნათელას ვაჟი.

იმ დღეს ჩვენს სახლში მთელი სოფელი შეიკრიბა; აინტერესებდათ, ვინ იყო ჩემი გამჩენი ქალი. მოვიდა, გადამკოცნა და, რომ გითხრათ, რამე ვიგრძენი-მეთქი, მოგატყუებთ. მერე დედას მოვკარი თვალი, რომელიც მოშორებით კუთხეში საცოდავად მობუზული იდგა. სასწრაფოდ მივედი მასთან, ჩავეხუტე და ჩუმად ვუთხარი - იცოდე, შენს მეტი დედა არ მყავს-მეთქი. გული მომიკვდა (ტირის)...

მოკლედ, გაიშალა სუფრა. ისე მინდოდა გამეგო, ვინ იყო მამა, რომ ვერ ვისვენებდი და მარინას ვთხოვე, - ცალკე ვისაუბროთ-მეთქი. დეიდამისი არ გვაძლევდა გასვლის უფლებას: ქალს სტრესი არ მიაღებინოო. ამიტომაც, მასთან უსიამოვნო ლაპარაკი მომიხდა: ჩემზე თუ გიფიქრიათ, მე რამდენი სტერესი მივიღე, ჩემში რამდენი ტკივილია-მეთქი? მივიღე ქალი, არ ვეჩხუბები, დავხვდი გადასარევად და ლაპარაკს რატომ გვიშლით, იქნებ, ერთმანეთს რა უნდა ვუთხრათ-მეთქი?

მერე გავიგე, რომ თურმე მარინას ეუბნებოდნენ - იცის, თბილისში ბინა რომ გაქვს და ამიტომ მოგძებნაო. არადა, მართლა არ ვიცოდი, სად რა ჰქონდა. თან, ხომ ნახეს, სოფელში რა კარგ პირობებშიც ვცხოვრობდი? მამა გლეხი კაცი იყო, მაგრამ ალალი შრომით არაფერს აკლებდა ოჯახს, კარგად ვცხოვრობდით და სხვისი ნამდვილად არაფერი მჭირდებოდა...

- იმ დღის შემდეგ ურთიერთობა იმედია, დათბა...

- არ ვიცი, უნდა ვიტირო თუ ვიცინო, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, მოსაკითხად რომ დავურეკე, მიყვირა, აქ აღარ დარეკოო. მერე ქმარსაც აგინებინა ჩემი თავი. წარმოგიდგენიათ, შვილი აგინებინა ქმარს! მერე გავიგე, რომ, თურმე, მინდობილობა დააწერინეს, გააყიდვინეს ბინა და ფული შეუჭამეს. ისიც მითხრეს, გამწარებულები არიან, რადგან ტელევიზორში გამოაჭენეო. აბა, როგორ მომეძებნა სხვანაირად?

ამის მერე, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ორჯერ ჩავედი მასთან, მეუღლესა და მის ნათესავთან ერთად მივდიოდი, - ის მაინც მითხრას, მამა ვინაა-მეთქი. მერე მომახალა - მამაშენი ნადარეიშვილი გულიაა. ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით, ქორწილიც გვქონდაო. თურმე, ბებიას და მამიდებს შეუშლიათ ხელი მათი ურთიერთობისთვის და ფეხმძიმე გამოუგდიათ სახლიდან. მარინა დედამისსაც აბრალებდა: მასაც ადევს ჩემი და შენი ცოდვაო... არ ვიცი, ვის რა წილი აქვს ჩემს ტრაგიკულ ამბავში, მაგრამ ფაქტია, არასასურველი ვიყავი და ყველამ მომიშორა; ჩემზე პასუხისმგებლობა არავინ იკისრა...

- მამამ მაინც თუ მიგიღოთ? - ერთი პერიოდი მამასაც ვეძებდი. რომ გამოვიკითხე, მითხრეს: ძალიან კეთილი, რბილი ხასიათის კაცი იყო, მაგრამ ცოცხალი აღარ არისო. ასეა თუ ისე, ჩემთან ისიც ტყუოდა, მაგრამ მაინც ნათელში იყოს მისი სული... ამის მერე შევწყვიტე ახლობლების ძებნა, სურვილი გამიქრა. დედამ არ მიმიღო და მეშინოდა, არ მინდოდა, კიდევ ერთი იმედგაცრუება მეგრძნო... მეშინოდა, რომ მამისიანებიც არ მიმიღებდნენ. არადა, ვიცოდი, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა, ერთი ვაჟი გარდაცვლია...

ცოტა ხნის წინ, როცა ჩემი შვილები გაწევრდნენ ჯგუფში "ვეძებ", ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური ჩვენთვის. შვილებმა მთხოვეს: გეხვეწებით, დაწერე პოსტი, იქნებ გვყავს კიდევ ვინმე, ახლაც და-ძმამ იპოვა ერთმანეთი და რა იცი, რა ხდებაო. ჰოდა, კიდევ ერთხელ ვცადე და გამოვაქვეყნე განცხადება: დედამ არ მიმიღო, ვეძებ მამის მხრიდან ნათესავებს-მეთქი. ძალიან მოკლე ხანში დამირეკეს, თქვენი და ბათუმში ცხოვრობსო და ტელეფონის ნომერი მომწერეს. ლამის ცუდად გავხდი. მეშინოდა, მაგრამ მაინც დავურეკე. ვილაპარაკეთ და მისგან სითბო რომ ვიგრძენი, ყველანი ავტირდით...

გავიგე, რომ დაც მყოლია და ძმაც... დისშვილებიც მყავს, რომლებიც ჩემს შვილებს, რომლებიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობენ, ყოველდღე ელაპარაკებიან მესენჯერით. ჩემს ძმას ინსულტი აქვს მიღებული და მელოდება. თურმე, ხშირად მკითხულობს, როდის ჩამოვა ჩემი დაო?

მამიდებს უთქვამთ, - ჩვენ არ გვჭირდება ეს გოგოო. თუ არ ვუნდივარ, არც შევაწუხებ არავის და ვინც მიმიღებს, შემოევლოს ჩემი თავი. ბიძაშვილები მყოლია და ისინი ამბობენ, - ჩვენ გვინდა გულიას შვილთან ურთიერთობაო. კარგად შემხვდნენ და ამით ბედნიერი ვარ. მოკლედ, ძალიან ბევრი ადამიანი მელოდება აბაშაში და ერთი სული მაქვს, მათ როდის შევხვდები...

- და ბოლოს, ბიოლოგიურ დედას კიდევ ერთხელ ხომ არ მიმართავთ ჩვენი მეშვეობით?

- სიმართლე გითხრათ, აღარც მინდა მასთან ურთიერთობა. უფალმა მისცა შანსი, თავისი დანაშაული გამოესწორებინა, მით უმეტეს, ჩემ გარდა შვილი არ ჰყავს, მაგრამ მან ეს შანსი არ გამოიყენა. მე ხომ არაფერი მინდოდა მისგან, ცოტაოდენი სითბოსა და სიყვარულის გარდა...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)