სიყვარულის სახელით... - კვირის პალიტრა

სიყვარულის სახელით...

მკითხველის ერთ ნაწილს არ სჯერა იმ დიდი, ლამაზი სიყვარულისა, რომელზეც ჩვენს რუბრიკაში ვწერთ ხოლმე. მათი ურწმუნობა ალბათ იმის ბრალია, რომ დღეს ადამიანმა გრძნობაზე წინ მატერიალური ფასეულობა დააყენა. ბევრსაც გული ატკინეს და იმედი გაუცრუეს...

პირველი სიყვარული ბევრს მთელი სიცოცხლე მიჰყვება, განურჩევლად ყველას სიამოვნებს იმ პირველის გახსენება, რომელმაც თავის დროზე გული აუჩქროლა. ჩემმა რესპონდენტმა დის, თამარის, სიყვარულის ამბავი გაიხსენა:

- ჩემი უმცროსი და, თამრიკო, ძალიან ლამაზი გოგო იყო. ასეთი გოგონები პატარაობიდანვე ეჩვევიან თაყვანისმცემლების ყურადღებას. მერვე კლასში იყო თამრო, როდესაც მათთან ერთი ბიჭი გადმოვიდა. გიორგი მორაგბე იყო. გუშინდელ დღესავით მახსოვს ის დრო. მე უკვე სტუდენტი ვიყავი... გიორგის გამოჩენაზე სკოლის გოგონებს თვალები აენთოთ, გაპრანჭვა დაიწყეს. მართლაც, გამორჩეული  იყო, მაღალი, წარმოსადეგი. როცა თამრიკომ მითხრა, - გიორგის მგონი მოვწონვარო, საგანგებოდ წავედი სკოლაში და გიორგი შევათვალიერე. ძალიან მომეწონა. ის დღეც ცხადად მახსოვს,  კართან გაბმული ზარი გაისმა. გულგახეთქილი მივედი გასაღებად. ჩემი დაიკო კისერზე ჩამომეკიდა, - გიორგიმ კაფეში დაგვპატიჟა მე და ლიკა, მერე კი შინამდე მომაცილა და აქ, ჩვენს სადარბაზოსთან მითხრა, ძალიან მიყვარხარო...

ჩვენებმაც გაიგეს ეს ამბავი და ბიჭის მშობლებმაც. არც ერთს შუბლი არ შეუკრავს. მათ ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ შეუძლებელი იყო, მათ ურთიერთობას შესწინააღმდეგებოდი. გიორგი იმ წელსვე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. ჩემი და კი მეცხრე კლასში გადავიდა. გიორგი ძალიან ნერვიულობდა, ძველებურად რომ ვეღარ ხვდებოდა ჩემს დას. იცოდა, თამრიკოს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა.

თამრიკო მამაჩვენის მეგობრის შვილსაც დიდი ხანია უყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გიორგი გამოჩნდა, ჩემმა დამ უთხრა,- როგორც ძმას, ისე გიყურებ, თანაც, მე შეყვარებული მყავსო... ზაზაც განზე გადგა. როცა ჩვენი ოჯახები ერთმანეთს სტუმრობდნენ,  მხოლოდ მაშინ თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

თამრიკომ სკოლა დაამთავრა, სამედიცინოზე ჩაირიცხა და ინსტიტუტში სწავლის დაწყების წინ, ზაზამ მოიტაცა. ყველანი ძალიან ვნერვიულობდით. თამრიკო შინ დაბრუნდა, ერთი კვირის შემდეგ ზაზას მამა ჩვენთან მოვიდა: - აპატიე და დაბრუნდი, არ დაგვღუპოო, - თხოვა ჩემ დას. არც მამაჩემისთვის იყო იოლი ტირილით თვალებდასივებული ქალიშვილის ცქერა, მაგრამ მეგობარი მაინც დაამშვიდა, - ნუ ნერვიულობ, ჩივილს არ ვაპირებთო... გრიშა ბიძიამ უთხრა: - ჩივილი არ მადარდებს, ზაზა თავს არ იცოცხლებს, წუხელ უკვე სცადა თავის მოკვლაო...

ახლაც არ ვიცი, რა მოხდა, რატომ მიიღო თამრიკომ ასე უცებ გადაწყვეტილება - იმ საღამოსვე გაჰყვა შინ გრიშა ბიძიას. ცოდვას ვერ ვიტყვი, ზაზა არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემს დას არ უყვარდა... გიორგიმ რამდენჯერმე სცადა თამრიკოსთან დაკავშირება, მაგრამ მისგან ასეთი პასუხი მიიღო: ალბათ ცალ-ცალკე ყოფნა გვეწერაო. გიორგის საფრანგეთში ბიძა ჰყავდა, რომელიც დიდი ხანია თავისთან იწვევდა ძმისშვილს. გიორგი სულ ეუბნებოდა  თამრიკოს, დაქორწინების შემდეგ რამდენიმე წელი საფრანგეთში ვიცხოვრებთო.  გამგზავრების წინ თამრიკოს კიდევ ერთხელ სთხოვა შემხვდიო, მაგრამ ჩემმა დამ ისევ უარი უთხრა.

გავიდა დრო. თამრიკოს ვაჟი შეეძინა, დათუნა დაარქვეს.  თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. უცებ, თამრიკო ავად გახდა, საგონებელში ჩავვარდით. ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა და 34 წლისა ხელიდან გამოგვეცალა. ზაზა დეპრესიაში ჩავარდა, სამსახურშიც გაუფუჭდა საქმე და რუსეთში წავიდა. მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ დათუნა ჩვენთან იზრდებოდა. მერე ზაზამ მთლიანად აიყარა გული საქართველოზე, არც ბიჭისკენ იხედებოდა, თითქოს დათუნა მისი შვილი არ ყოფილიყო...

მე აფთიაქში ვმუშაობ, მამა გარდაიცვალა, შინ მოხუცებული დედა და 22 წლის დისშვილი მყავს, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია... დათუნამ უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი  დაამთავრა, მაგრამ სამსახური ვერ იშოვა. ნერვიულობდა, რომ ვერაფრით მეხმარებოდა და დისტრიბუტორად დაიწყო მუშაობა...

შარშან, ოქტომბრის მიწურულს, დათუნა ცოტა ადრე დაბრუნდა შინ და გაოცებულმა მითხრა, - ამ დილით უცნობი  მომიახლოვდა და მითხრა, - ერთმა ადამიანმა, რომელიც კარგად იცნობდა დედაშენს, ბანკში ანგარიში გაგიხსნა და შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოო, და რაღაც საბუთები გადმომცა. მაშინვე გიორგის მისწვდა ჩემი ფიქრი. მეორე დღესვე მოვძებნე გიორგისა და თამრიკოს საერთო მეგობრები. მათგან შევიტყვე, რომ გიორგი რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში ჩამოსულა და თავისი  ბიზნესი აუწყვია. მე და ჩემი დისშვილი მასთან მადლობის სათქმელად წავედით... თბილად მიგვიღო, - ვიცოდი, რომ მოხვიდოდითო. ძალიან ნერვიულობდა, ნელა ლაპარაკობდა და დათუნას თვალს არ აცილებდა,  - გავიკითხე თამრიკოს შვილის ამბები და გადავწყვიტე, დავხმარებოდიო, - გვითხრა.

გიორგის  ფრანგი მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს, ეს რომ მითხრა, ცრემლები ვეღარ შევიკავე. დათუნა გაოცებული მოგვჩერებოდა ორივეს.

მე და დათუნა თამრიკოს და მამაჩემის საფლავზე ხშირად დავდივართ, მაგრამ ზამთარში სასაფლაოზე ასვლა გვიჭირს. როგორც კი დათბა, მაშინვე წავედით. იქ  კი ყველაფერი გამოცვლილი დაგვიხვდა - ქვაც, წარწერაც, ყვავილებიც კი...

გიორგიმ რამდენჯერმე დამირეკა, პირდაპირ ვერ მითხრა,  მაგრამ მივხვდი დათუნასთან დამეგობრება სურდა.  ამიტომ თავად ვთხოვე, - ბიჭს ფული იმდენად არ უნდა, რამდენადაც მამაკაცთან ურთიერთობა, დედის სითბოს ნაწილობრივ ჩემგან იღებს, მამამისს კი აქეთ აღარ გამოუხედავს-მეთქი. გიორგიმ დათუნას მუშაობაც დააწყებინა. ახლა მათ ხშირი ურთიერთობა აქვთ. ისეთი ბედნიერი ვარ, ასე მგონია, თამრიკო გაცოცხლდა... ამქვეყნად არაფერი იკარგება, მით უფრო - სიყვარული. სწორედ სიყვარულია ის ერთადერთი რამ, რასაც დასასრული არა აქვს...